გარდაცვლილი პატიმრის ძმა - გამორიცხულია, რომ ადამიანს დაცემის შედეგად 27 დაზიანება მიეღო, ეჭვი კი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ სცემეს - ეს არის ორგანიზებული დანაშაული და არა ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი 46 წლის პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმის, შოთა გორგაძის განცხადებით, მისი ძმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც გარდაცვლილი პატიმრის ძმა აღნიშნავს, მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, „გამორიცხულია, რომ დაცემის შედეგად იოსებ გორგაძეს 27 დაზიანება მიეღო“. ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი მიზანმიმართულად სცემეს და ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„რა თქმა უნდა, სცემეს, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის, ამ საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული. ვიდეო-კადრები ჩაჭრილია. ამას პატიმარი ვერ გააკეთებდა, ეს პროფესიონალი ადამიანის გაკეთებულია. ეჭვი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა გააკეთეს. ინტერესი გამოძიების საქმეა, ამ ყველაფერს ავტოსაგზაო შემთხვევას არ ვუკავშირებ, აქ სულ სხვა სიტუაციაა. მაგას ისინი ვერ გააკეთებდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ, გარეთ, რომ ყოფილიყო შესაძლოა... ციხეში დამწყვდეული ადამიანი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების დახმარების გარეშე როგორ შეაღწევდნენ?

ვიდეო-კადრებში კონკრეტული მონაკვეთები ჩაჭრილია, რა მომენტშიც მოხდა ეს დანაშაული.

მე პენიტენციური სამსახურის განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ გავეცანი კერძო ექსპერტიზის დასკვნასა და „ვივამედის“, რომ შესაძლებელია 1 დაცემით 27 მოტეხილობის მიღება თავის არეში, ზუსტად ეს არის სასაცილო და დაუჯერებელი, 2 წლის ბავშვიც რომ არ დაიჯერებს.

დაწერილი სცენარია, თითქოს 1 დაცემით 27 მოტეხილობა მიიღო თავის არეში. ჩვენი ექსპერტიზა ამბობს, რომ ამ ტრავმების მიღება 1 დაცემით შეუძლებელია.

სამართლიანობის აღდგენასა და გამოძიებას მოვითხოვთ“,- განაცხადა შოთა გორგაძემ.

ცნობისთვის, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მიაწოდა. ადვოკატის თქმით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს.

ადვოკატის განმარტებით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს, თუმცა მისი თქმით, მისთვის უცნობია, ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

რაც შეეხება თავად იოსებ გორგაძეს, მას ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო