კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის მუნიციპალიტეტი დახმარების პაკეტს ამუშავებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებულია.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

„როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 მოვაჭრე დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს.

თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით, დახმარება და მხარდაჭერა აღვუთქვით. პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები შაბათიდან დაიწყო. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა განმარტა, ინტენსიურად მართავენ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან და დაზარალებულებს დაეხმარებიან.

„მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რასაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, კონსულტაციები გაიმართა „საქართველოს ბანკთან“ და „თიბისი ბანკთან“. როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანებს, ვისაც ფინანსური ვალდებულება აქვთ აღებული, საშეღავათო პერიოდი ექნებათ.

„რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად, დადგენილია, დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. შემდეგი ეტაპი იქნება აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც თავად ის კომპანია განახორციელებს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ოპერირებდა. ამ კომპანიამ, რომელსაც იჯარით აქვთ გაცემული ამ ადამიანებზე კონკრეტული ფართები, აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, შემდეგ მოვაჭრეები ჩვეულებრივად გააგრძელებენ თავიანთ ეკონომიურ საქმიანობას “,- განაცხადა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე