გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე დაკავშირებული იყოს ნიკას მიმართ რომელიმე უკვე მიმდინარე საქმესთან, რადგან არცერთ მათგანში აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არ აქვს შეფარდებული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
გიორგი კონდახაშვილის მოსაზრებით, შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა.
„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ უკვე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთან არის ეს დაკავშირებული, რადგან მას არცერთ საქმეში აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული ჩემთვის უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს. აგრესიულად და ახსნა-განმარტების გარეშე მოქმედებდნენ“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა „ტვ პირველთან“.
ამასთან, გიორგი კონდახაშვილი "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ ნიკა მელიას ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
„ჩემთვის უცნობია სად არის, ახლა ვცდილობ, დავადგინო მისი ადგილსამყოფელი“.
კითხვაზე, ვარაუდობთ, რომ ხვალ მიიყვანენ სასამართლო პროცესზე?, გიორგი კონდახაშვილი პასუხობს:
„ძალით მიყვანა არ არსებობს, ადამიანს თუ არ სურს მონაწილეობის მიღება, ძალით ვერავინ აიძულებს. ერთადერთი შეიძლება ხვალინდელი პროცესისთვის ჰყავდეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში“.