საქართველოში IT სფეროში დასაქმებულ უცხოელებს ბინადრობის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ

საქართველოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების - IT სფეროში დასაქმებულ უცხოელებს ბინადრობის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ასეთი ნებართვა გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მის ოჯახის წევრზე, უცხოელზე, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად არის რეგისტრირებული და ეწევა საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მის ოჯახის წევრზე ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და მის ოჯახის წევრზე.

ბინადრობის ნებართვის ახალი სახე “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის. კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონის პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტი და უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ეწევა საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის.

აღნიშნული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად 3 წლის ვადით გაიცემა. მისი მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს 3 წლის ვადით, არაუმეტეს 12 წლამდე.

ამავე პროექტით, IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეწყდება, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ.

IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის წესს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

პარლამენტი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში