გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ევროპის განათლების საერთაშორისო ასოციაციის (EAIE) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, EAIE არის უმსხვილესი ორგანიზაცია ევროპაში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. მისი წევრობა ნიშნავს კავშირისა და თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და პროფესიონალებთან, რომელთა მიზანია საერთაშორისო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ინოვაციური პარტნიორობის შექმნა.
„EAIE -ის წევრობა გრუნისთვის ნიშნავს: გლობალურ გამოცდილებაზე წვდომას: მონაწილეობის შესაძლებლობას მაღალი დონის ტრენინგებში, ვებინარებსა და რესურსებზე, რომლებიც ეხება უნივერსიტეტების საერთაშორისო განვითარებას, სტუდენტთა მობილობასა და გლობალურ ჩართულობას;
გაძლიერებულ პარტნიორობას: საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით კავშირების დამყარებას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან;
ხილვადობის ზრდას: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პოზიციონირებას ევროპის პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში, რაც ადასტურებს გრუნის საერთაშორისო ხარისხზე ორიენტირებულ მისწრაფებებს;
პროფესიულ განვითარებას: ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას მოწინავე პრაქტიკის შესწავლითა და მუდმივი პროფესიული მხარდაჭერით. გრუნი ელის ახალ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს განვითარებისთვის, რომელსაც EAIE-ის წევრობა სთავაზობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.