ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს - მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციებზე პოლიციელებისგან ჟურნალისტების მიმართ მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! - არც ერთი ფაქტი არ მინახავს

მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! - არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისამართით გააკეთა, რომელმაც სესიაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

წილოსანმა იოსელიანს ასევე მიმართა, რომ „მას საკმაოდ მძიმე რეპუტაციული მემკვიდრეობა ერგო ნინო ლომჯარიას, გიორგი ბურჯანაძისა და სხვათა სახით, რომლებიც ამ ინსტიტუციას აგენტურის ხელით მართავდნენ და მუდმივად ჩასაფრებულის რეჟიმში გადაიყვანეს“.

„პოლიციელები კვირების განმავლობაში ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს იცავდნენ - იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია და გადატრიალება არ მომხდარიყო. აღარ ვსაუბრობ პიროტექნიკის, ცივი იარაღის თუ სხვადასხვა საშუალების შესახებ, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება.

თქვენს ანგარიშში არ ყოფილა ის, რომ დემონსტრანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს პიროტექნიკა დამიზნებით ესროლეს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უფლებებს რაღაც ერთი ჭრილით ვხედავთ. პოლიციელები, მათი ოჯახები და შვილები, რომელთა ფოტოებს, ადგილსამყოფელს და მისამართებს ეს ადამიანები დააფრიალებდნენ უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყვნენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტი ლევან იოსელიანმა წარადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“