მეუფე შიო - დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა

დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო...“, - ამი შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეორე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში და წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ლოცვით, სიწმინდით, მოხსენიებით, ჩვენ ვიღებთ კურთხევას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი ათონელი მამების ხსენებას. დღეს არის ასევე რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა ხსენება.

შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას წმინდა ეკლესია აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. სულთმოფენობიდან პირველ კვირას არის ყოველთა წმინდანთა ხსენება, ხოლო დღეს, სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების თაყვანისცემისკენ, რათა მივბაძოთ მათ რწმენას, ღვთივსულიერ ცხოვრებას, მათ სიწმინდეს.

ეს დღეები დადგენილია ნიშნად იმისა, რომ სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში და წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ლოცვით, სიწმინდით, მოხსენიებით, ჩვენ ვიღებთ კურთხევას.

დღეს, როდესაც არის ათონელი მამების ხსენება, ჩვენ სახარებიდან გვესმის მოთხრობა, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს, რომლებიც იყვნენ მეთევზეები და როგორ უპასუხეს მათ ამ მოწოდებას. უფალი იესო ქრისტე შეხვდა ძმებს, ანდრიას და სვიმონს, პეტრედ წოდებულს. მათ დაუტევეს, მიატოვეს თავიანთი ბადეები და გაჰყვნენ ქრისტეს, როცა მან უთხრა, რომ ამიერიდან გახდებით ადამიანთა მებადურები (მთ. 4, 19). შემდეგ უფალმა ნახა სხვა ორი ძმა, იაკობი და იოანე, და მოუწოდა მათ თავისკენ. მათაც მიატოვეს თავიანთი ოჯახი, საქმიანობა და შეუდგნენ ქრისტეს (მთ. 4, 21-22).

უფლის ეს მოწოდება ასევე მომართულია ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის მოწოდება იმ წმინდანებისა, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, რათა ქრისტესთან ყოფილიყვნენ. როდესაც სახარებიდან ვკითხულობთ მოციქულებზე, მათ ცხოვრებაზე, ვხედავთ, რომ სულთმოფენობამდე მათში იყო არაერთი სისუსტე. ვხედავთ მათ სისუსტეებს, მათ მერყეობას რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში. ვხედავთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ამ თვისებების გამო, ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, ვიყოთ ქრისტესთან, ვშორდებით ქრისტეს და ვკარგავთ ამ შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ჩვენი რწმენის ძალა და შინაგანი სიმყარე. მოციქულები კი, მიუხედავად ამისა, მიუხედავად მათი უძლურებისა, ყოველთვის იყვნენ უფალთან. რატომ? - იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ერთი მთავარი თვისება: დიდი გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, ქრისტესთან ყოფნისა!

ამაზე ამბობენ წმინდა მამები, რომ წმინდანს ცოდვილისგან სწორედ ეს მთავარი თვისება გამოარჩევს - გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტესთან ყოფნისა და ეს თვისება ყველაზე მეტად გვაკლია. ამიტომ, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რა გამართლება უნდა მოვუძებნოთ ჩვენს თავს, როდესაც წმინდანებმა მოიხვეჭეს ყველანაირი სათნოება, ჩვენ კი იმდენად ცარიელი ვართ, რომ არცერთზე არ ვზრუნავთ. იმიტომ კი არ ვართ ასე ღარიბნი სათნოებებით და კეთილი საქმეებით, რომ არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ არ გვინდა, ნაკლებად გვინდა, ნაკლებად ვიღვწით კეთილი საქმეებისთვის, სათნოებათა მოპოვებისთვის. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ჩვენნაირი ბუნების მქონე ადამიანმა მიაღწია ამ დიდ სიწმინდეს და გაბრწყინდა ამ სათნოებებით.

ჩვენ დღეს ბედნიერნი ვართ, ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ ამ წმინდანთა შორის დიდი სიმრავლეა ქართველი წმინდანებისა, მათ შორის, ათონის მთაზე მოღვაწე დიდი მამებისა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ ეს მთავარი თვისება - გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი“(ფს. 107, 2). ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს მოწაფეებს და თანამშრომლებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ”, - განაცხადა მეუფე შიომ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს