პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2 ივლისი არის უკიდურესი ვადა, იმისთვის, რომ გახარია გამოცხადდეს სხდომაზე.
„ჩვენ, გადავამოწმეთ ორწუთიანი შესვენების დროს და არც საშვთა ბიუროში არ არის ცნობა იმის თაობაზე, რომ ბატონმა გიორგი გახარიამ შეასრულა კომისიის კანონიერი მოთხოვნა, რომ დღეს, 12:00 საათზე გამოცხადებულიყო სხდომაზე. მე მინდა პროცედურა შევახსენო ყველას, ჩვენ, ბატონ გიორგის გავუგზავნეთ შეტყობინება სხვადასხვა საშუალებით. ეს იყო, რა თქმა უნდა, სატელეფონო კონტაქტი, საფოსტო მომსახურება. და სამ შემთხვევაში მივიღეთ დადასტურება იმისა, რომ მან იცოდა, რომ დღეს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო და ეს იცოდა მაშინ, როცა იმყოფებოდა საქართველოში. პირველი, ეს გახლდათ მასთან გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინება, რომ ის იყო ხელმეორედ დაბარებული, რომლის საპასუხოდაც მან თავის წარმომადგენელს, ასისტენტს დაარეკვინა ჩვენი სამდივნოს წარმომადგენელთან. წარმომადგენელმა გაკვირვება გამოხატა, რატომ გახდა საჭირო მეორედ მისი დაბარება. ეს ადასტურებს იმას, რომ ბატონი გიორგი გაეცნო იმ ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც მას გაეგზავნა. ახსნილი იქნა ის საკითხები, ჩორჩანის ეპიზოდი, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებული საქმიანობა და მისი როლი 2012-2025 წლებში, რომ ეს თემები იყო განსახილველი. ამის შემდეგ ჩვენ უკვე წერილობითი შეტყობინება, საფოსტო, ოფიციალური, კომისიის სახელით - როცა ჩვენ ვიმსჯელებთ ხოლმე და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამუშაო შეხვედრაზე, იცით, რომ ეს გადაწყვეტილება იღებს კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წერილის ფორმას და ეგზავნება ყველა პირს, ეს გამონაკლისი არ დაგვიშვია აქამდე და ყოველთვის ჩემი ხელმოწერით იგზავნებოდა წერილი, როცა იგზავნებოდა. ასეა, ამ შემთხვევაშიც, წერილი გაიგზავნა რეგისტრაციის მისამართზე. რეგისტრაციის მისამართზე „ფელდეგერს“ დახვდა ბატონი გიორგის მშობელი, რომელმაც ხელი მოაწერა საბუთს, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას მისთვის ეცნობებინა წერილის შინაარსის შესახებ და გადაეცა ეს წერილი. ამის შემდეგ უკვე 16 ივნისს, თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიორგი გახარიამ თავისი ხელმოწერის ქვეშ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს 23 ივნისს, 12:00 საათზე უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. მას, ამ დროს, როგორც ამას ადასტურებს „ფელდეგერის“ მიერ შედგენილი ოქმი, არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა, ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. პირიქით, როგორც „ფელდეგერი“ გვიამბობს, სამდივნოს უთხრა, ძალიან კულტურულად, ზრდილობიანად, თანამშრომლობით განწყობაზე მყოფმა ეს წერილი ჩაიბარა და ხელი მოაწერა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, რეალურად, ორი დღის წინ, იგივე წარმომადგენელი უკავშირდება სამდივნოს და ეუბნება, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა დატოვა და რომ ის, შესაბამისად, ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჩართვა. თავიდან მოთხოვნა, თხოვნა, თუ შუამდგომლობა იყო ასეთი, რომ 23 ივნისს ვერ ჩაერთვება, მაგრამ მომდევნო რომელიმე დღეს ჩაერთვება, იმიტომ, რომ ის არაერთი კვირის მანძილზე არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ცოტა ხანში მოთხოვნა შეიცვალა და იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას კომისიასთან და 23 ივნისს, დათქმულ დროს, რადგან ვერ მოდის, ამიტომ ჩაერთვება, ანუ 12:00 საათზე. მის შესახებ ჩვენ ვიმსჯელეთ კომისიის წევრებმა და ისევ ჩემი ხელმოწერით მას გაეგზავნა პასუხი იმ წერილზე, რომელიც ამასობაში, ოფიციალურადაც შემოიტანეს, რომ 23 ივნისს, ჩაგვრთეთ 12:00 საათზე და გაეგზავნა პასუხი კომისიის სახელით, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და დღეს ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო 12:00 საათზე. ახლა 12:30 საათია და ის ისევ არ არის მობრძანებული“, - განაცხადა წულუკიანმა.
მას შემდეგ, რაც კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს საკითხს, გახარიასთვის 2 ივლისამდე მიეცათ ვადა კომისიაზე გამოცხადებისთვის, განმარტებები გააკეთეს, თუ რატომ არ დაეთანხმნენ გიორგი გახარიას მოთხოვნას ონლაინ ჩართვის თაობაზე.
კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, კომისიაზე ვინც ჩართვით იმყოფებოდა, ის იყო ან დაზარალებული, რომელმაც უმძიმესი პერიოდი გაიარა ან ინფორმაციის მატარებელი. გიორგი გახარიას შემთხვევა კი, მისი თქმით, არ შეიძლება ამ რიგის შემთხვევა იყოს, შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ არ დაეთანხმა კომისია გიორგი გახარიას მოთხოვნას სხდომაზე ონლაინ ჩართვის თაობაზე,
„ეს კაცი არის პასუხისმგებელი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ჩამოშორდა სახელმწიფოს კონტროლს და ეს ტერიტორია დაიკავეს ოკუპანტებმა. ეს არის უმძიმესი საკითხი“, -განაცხადა შარმანაშვილმა და აღნიშნა,რომ „ასეთ შემთხვევაში, ონლაინ ჩართვა და რაღაც შოუების მოწყობის საშუალება მას არ უნდა მიეცეს“ და საზოგადოებას დამატებით შეკითხვებზე უნდა უპასუხოს.
კომისიის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ახალი სპეკულაციები არ მოჰყვეს გახარიას სხდომაზე გამოცხადების საკითხს, მაგალითად, „ფრენა არ იყო, ბილეთი არ იყო“ და ა.შ. ამიტომ, 2 ივლისამდე ადამიანს ყველანაირად საშუალება ეძლევა, ქვეყანაში დაბრუნდეს და კომისიაზე გამოცხადდეს. ქადაგიშვილის მოსაზრება გაიზიარა ალუდა ღუდუშაურმაც და აღნიშნა, რომ „თუ მართლა ვიზიტით ხარ ადამიანი, წარმოუდგენელია, 9 დღეში როგორ არ უნდა დაბრუნდე“. გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით კი, გახარია ძალიან კარგად მიხვდა იმას, რომ ჩორჩანას საკითხზე „მისთვის პასუხების გაცემა მძიმე იქნებოდა და ალბათ, ვერც გასცემდა“. მაჭარაშვილის თქმით, გახარიას ამ მნიშვნელოვან საკითხზე შესაძლოა ტექნიკური ხარვეზიც კი, მოემიზეზებინა ჩართვის დროს.
„სამი დღეა წასულია, დაახლოებით და ახლა, ერთ, ოთხ დღეში ჩამობრძანდეს აქ 2 საათით და მერე წავიდეს, სადაც უნდა. იმედი მაქვს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად არ მიიწვიეს იქ, უცხოეთში და მაგის გარეშე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი რომ არ გადაწყდება, ასე არ არის. თავისი პირადი საკითხებია, თუ პოლიტიკურ საკითხები, გაარკვიოს, მაგრამ კომისიაზე ჩამობრძანდეს და მერე ისევ წავიდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
განმარტებები გააკეთა კომისიის თავმჯდომარემაც.
„წმინდა ლოჯისტიკურად რომ ვიმსჯელოთ, არც ის არის გამორიცხული, რომ მაგალითად, გაითიშოს, ან ეს მოხდეს განზრახ. ჩართვა ჩვენ აქამდე გვქონია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი იმყოფება საპატიმროში. მაგალითად, ნიკა გვარამია დაბარებულია და მას შევთავაზეთ, რომ რუსთავის დაწესებულებიდან ჩაერთოს 30 ივნისს, დილის 9 საათზე. სხვა პატიმრებიც გვყოლია ჩართულები. დღეს და წინა შემთხვევებში, გამოგვიყენებია ჩართვა, მაგალითად, დავით ბაქრაძე, რომელიც ვერ მიატოვებს თავის სამსახურს და გაეროში ჩვენი ელჩია, შესაბამისად, ის ჩავრთეთ. სხვა შემთხვევაში, ჩართვა, რაც გვქონია არცერთი არ ყოფილა ანალოგიური, როდესაც პირს შევატყობინეთ საქართველოში, მობრძანდიო, ის წავიდა ქვეყნიდან და ქვეყნის გარედან დაგვიწყო ლაპარაკი, რომ წავედი და ჩამრთეთო“, - განაცხადა წულუკიანმა.