სუს-ის ანგარიში - პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა,­ რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, სხვადასხვა საბაბით (მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“), საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დანაშაულებრივ გეგმებში სხვადასხვა პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ფარგლების გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები.

„კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომელიც აცხადებდა მზადყოფნას, ჩამოსულიყო საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღო პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც ვითარების უკიდურესი დაძაბვა უნდა მოჰყოლოდა. ამასთანავე, განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ წარმოადგენდა. ამასთან, დასძენს, რომ იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა.

მისივე თქმით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ, ასევე, იგეგმებოდა, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ამ მიზნით, განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და მასზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ხელისუფლებას.

ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სამსახურის მიერ გატარებული შესაბამისი ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მათ შორის არსებულ საფრთხეებზე საზოგადოების დროული ინფორმირების გზით, მოხერხდა დესტრუქციული პროცესების თავიდან აცილება და სტაბილური გარემოს შენარჩუნება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს