მეუფე შიო - ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში - გახსოვდეთ, რომ ცოდნა - ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს

რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი, რითაც მან მორმწუნეებს სულთმოფენობიდან მესამე კვირას მიმართა.

მისი თქმით, რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

მიტროპოლიტის განცხადებით, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში...

ამასთან, მეუფე შიომ მიმართა აბიტურიენტებს და დალოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან.

დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციისა და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს სცემს, როგორც კერპებს.

როგორ შეიძლება, არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს? როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი, მაგრამ იგი ამბობს: „პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33).

დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის - ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა, თუ მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტზე ზრუნვა? ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურისა და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? შედეგად, ნახეთ, რას ვიღებთ: ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს. აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.

აი, დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს, ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლისა და ტანსაცმლის გარეშე? ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს, რომ არ იშრომოთ იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ, რადგან ღმერთმა იცის, რა გჭირდება. შენ თუ პირველად ეძიებ მას - უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს ყველაფერ იმას, რაც საფუძველია შენი ცხოვრებისა (მატერიალურ საფუძველს ვგულისხმობ). ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი.

მაცხოვრის ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. ე.ი. ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ვეთაყვანებით. რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც, თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა პირობა აქვთ ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილონი არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ, რომ მათი სულია უკმაყოფილო, სული არ არის დანაყრებული, სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთსა და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილიც, დანაყრებულიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე, ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია, იმიტომ რომ, მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს წავიკითხეთ სახარებაში: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ“, ამინ.

დღეს ჩვენთან არიან მოსული ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები.

ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი განათლების სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა - ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ჩვენ ვლოცავთ გუტაშვილების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს