გრიგოლ გეგელია - ყაველაშვილის მცდელობაა წარმოაჩინოს, თითქოს „ქართული ოცნების“ რეჟიმს სურს, რომ ოპოზიცია გავიდეს არჩევნებზე - არ გვინდა გაუგებარი ფენომენის შეწყალება, კომპრომისი ვაი-პრეზიდენტთან არ იქნება

ორი ჩვენი ლიდერი და მეგობარი ზის საპყრობილეში, ამის მიუხედავად ვამბობთ, რომ არ გვინდა ამ გაუგებარი ფენომენის არც შეწყალება და არც რამე სხვა - არანაირი კომპრომისი ამ ვაი-პრეზიდენტთან არ იქნება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

როგორც გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიამ ყაველაშვილის საპასუხო ბრიფინგი ისე ჩანიშნა, რომ პატიმრობაში მყოფ ლიდერებთან, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რადგან მათ პარლამენტის კომისიაც კი არ აღიარეს და „ყაველაშვილს როგორ აღიარებენ პრეზიდენტად?“.

„ჩვენ არც კი გვიკითხავს მამუკასთვის [ხაზარაძე] და ბადრისთვის [ჯაფარიძე], იმდენად ვიცით რა არის მათი ეთიკა. მსგავსი სცენარი არ ყოფილა განხილული [ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებამდე], მაგრამ ვიცით, მამუკა და ბადრი რა სიმყარის ხალხია, რა შინაგანი შეგნების ხალხია. მათ რეალური ბრძოლა აინტერესებთ და რა კომპრომისი და დათმობა რეჟიმთან. ეგ რომ ნდომოდათ, 9-12 წლამდე ციხე რომ ემუქრებოდათ, მაშინ დათმობდნენ ყველაფერს. ამ ორმა ადამიანმა აირჩია ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, თავისი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. დღეს ფიზიკურად არ შეგვეძლო მათთან ამ საკითხის გავლა და შეთანხმება, მაგრამ პირდაპირ გავაკეთეთ ბრიფინგი, რადგან ისინი არ აღიარებენ. პარლამენტის კომისია არ აღიარეს და ყაველაშვილს, როგორ აღიარებს ვინმე, წარმოუდგენელია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არც არასდროს იქნება, შესაბამისად, „ვინც არ არის და ვერ არის პრეზიდენტი, მას არც შეწყალებაზე მიმართავ და არც სხვა რამეზე“.

„ყაველაშვილის მცდელობაა, რომ შექმნას მორალური დილემა იმისათვის, რომ საქმე ისე წარმოაჩინოს თითქოს „ქართული ოცნების“ რეჟიმს სურს, რომ ოპოზიცია გავიდეს არჩევნებზე და ამისთვის სულგრძელი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს. ყაველაშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არასოდეს არ იქნება, სანამ ამ როლში რაღაცას ფაფხურობს ეს კაცი, საცოდავი, რაღაც გაუგებრობაში მოხვედრილი, არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, წერტილი. შესაბამისად, ვინც არ არის და ვერ არის პრეზიდენტი, მას არც შეწყალებაზე მიმართავ და არც სხვა რამეზე. როგორც მე ვერ მომართავს ვინმე შეწყალებაზე, ისე - ყაველაშვილს. არ არის პრეზიდენტი და როგორ უნდა შეიწყალოს ვინმე“, - განაცხადა გეგელიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები