ლაშა ფარულავა - ლაშა პაპაშვილი დალაგებული იყო ღარიბაშვილთან, „ახალი პატრონი“ კი ეუბნება, რომ ფული უნდა მიიტანოს ივანიშვილთან - ივანიშვილმა „ქოცების“, მათ შორის ფავორიტი ბიზნესმენების „გაპარსვა“ დაიწყო

ლაშა პაპაშვილი არის ხელისუფლების ბიზნესმენი, რომელიც კორუფციული მოვლენის ნათელი მაგალითია - ის დალაგებული იყო ღარიბაშვილთან, ახლა ხელისუფლებაში შიდა გადაადგილებები მიდის, პატრონი დაკარგა და ახალმა პატრონმა დაიწყო მისი ბიზნესისთვის კონკრეტული ბუღალტრული აღრიცხვა, ეუბნება, რომ ფული უნდა მიიტანოს იქ, სადაც უნდა მიიტანოს - ივანიშვილთან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გამოეხმაურა.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, „ივანიშვილი ყველაზე კარგად ხვდება, რა მოელის და შიგნით რეპარაცია დაიწყო“.

„ლაშა პაპაშვილი არის ხელისუფლების ბიზნესმენი, რომელიც ამ ფავორიტიზმის, კორუფციული მოვლენის ნათელი მაგალითია. ეს ადამიანი დალაგებული იყო ღარიბაშვილთან, ახლა ხელისუფლებაში შიდა გადაადგილებები მიდის, პატრონი დაკარგა და ახალმა პატრონა დაიწყო მისი ბიზნესისთვის კონკრეტული ბუღალტრული აღრიცხვა და ეუბნება, რომ ფული უნდა მიიტანოს იქ, სადაც უნდა მიიტანოს. სად უნდა მიიტანოს იცით? ივანიშვილთან უნდა მიიტანოს ყველა ბიზნესმენმა, ვინც წლების განმავლობაში ხელისუფლების ფავორიტები იყვნენ. უნდა მიიტანონ იმიტომ, რომ ივანიშვილმა ფული დაკარგა. თქვენ გგონიათ, სანქციები არ მუშაობს? ვირჯინიის კუნძულებზე რომ აქვთ ოლიგარქებს ფული გადამალული და ახლა ბრიტანული სანქციები რომ ფართოვდება, ეს გგონიათ მათთვის არ არის უბედურება? ეს სანქციების მსუსხავი ეფექტი აღარ არის, ეს დამანგრეველი ძალის სანქციებია. ივანიშვილი ყველაზე კარგად ხვდება და აკეთებს პროგნოზს, რა მოელის. მან შიგნით რეპარაცია დაიწყო. მან „ქოცების“ და მათ შორის, ფავორიტი ბიზნესმენების „გაპარსვა“ დაიწყო. რიჟვაძის ინციდენტი არ არის ერთეული შემთხვევა. როდესაც ვამბობთ, რომ ივანიშვილმა „ქოცების“ „გაპარსვა“ დაიწყო, ამის ნათელი მაგალითია რიჟვაძის საქმე, ასევე, პაპაშვილთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენა და არა მარტო ეს, რას ვხედავთ ასევე, ბაჩიაშვილთან დაკავშირებით...“,- განაცხადა ფარულავამ.

გარდა აღნიშნული თემისა, ფარულავამ ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი გამოგზავნილ წერილზე, სადაც საუბარია საქართველოსთვის რეკომენდაციებზე და მათი შესრულების „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება. ფარულავას შეფასებით, „ეს არ არის შანსი, ეს არის ბოლო გაფრთხილება“.

„რუსული რეჟიმია ქვეყანაში. ძალიან კარგად ხვდებიან ბოლო პერიოდში რა მოვლენებიც ვითარდება ქვეყანაში - პოლიტიკური ლიდერები ციხეებში, ახალგაზრდები, სინდისის პატიმრები ციხეებში, ჩვენ ვხედავთ ღია ტერორს. ივანიშვილმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რეპრესიულ ინსტრუმენტად გადააქცია და ყოველდღიურად იყენებს ამას სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. 5 ათასლარიანი ჯარიმებით უპირისპირდება საქართველოს ათასობით მოქალაქეს - ეს ყველაფერი არის ქცევა, რომელიც არ ჯდება ევროპულ ფასეულობებში. ცხადია, ეს არის ბოლო გაფრთხილება, ეს არის დამოკლეს მახვილი რეჟიმის თავს ჩამოკიდებული. მე არ მჯერა, რომ ამ ბოლო გაფრთხილებით ივანიშვილის გუნდი, ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ ქცევას, დამოკიდებულებას ან რიტორიკას შეცვლის. დარწმუნებული ვარ, ზარქუა კიდევ გააგრძელებს უშვერი სიტყვებით ევროპარლამენტარების, ევროსტრუქტურების, ხელმძღვანელი პირების ლანძღვას, ვინაიდან ეს არის ივანიშვილის დამოკიდებულება. ჩვენ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით“, - განაცხადა ფარულავამ.

ფარულავას განცხადებით, „საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს“.

„ქართველმა ხალხმა რუსთაველის გამზირზე იმუნიტეტი აჩვენა. მან დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იბრძვის. თუმცა ეს ჰორიზონტალური ბრძოლა ქუჩაში კონკრეტულ შედეგად რომ გადაიქცეს, საჭიროა ორგანიზება. მშვენიერი ინიციატივა აქვს პაატა ბურჭულაძეს. პოლიტიკური პარტიები ვერ ვახდენთ ისეთი ტიპის კოორდინაციას, როგორიც ამ მომენტს და ამ მდგომარეობას სჭირდება. ეს ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილი კიდევ ერთ სპეცოპერაციას ჩაატარებს ქვეყანაში, ჩვენ შევიკრიბოთ რუსთაველზე და მტკიცე პასუხი გავცეთ ივანიშვილის რეჟიმს.

ვერ ვახდენთ გაერთიანებას ოპოზიციური ძალები? მოდი, საზოგადოებასთან გავერთიანდეთ. მოდი, ქართველ ხალთან გავერთიანდეთ! 4 ოქტომბერს უნდა მოვითხოვოთ ის, რაც წერია ევროკომისიის რეკომენდაციაში - ვგულისხმობთ, არჩევნებს ივანიშვილის რეჟიმის, რუსული რეჟიმის რუსული გავლენების გარეშე, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული მანქანის შეჩერებას, ტექნიკურ მთავრობას, რომელიც თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს“,- აღნიშნა ფარულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე