დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა - გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია

დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება, რაც პირველ ეტაპზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გამოვლენილია საპროექტო და სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება.

„პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოწესრიგდებოდა. აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისი კომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი. რა თქმა უნდა, არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებშიც ის დღეს არის, წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით განახორციელებს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რთულია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერი სპეციალისტები. პროექტის ღირებულება 6,5 მლნ ევროს შეადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.

„კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაც წლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მოიხსნება. აღნიშნული კომპანია, „გუმბათი ჰოლდინგი“ მაქვს მხედველობაში, ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი EBRD-მა საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით ჩაატარა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები