ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2025

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება... ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება”

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

* * *

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

“გამოდის ასი ათასი კაცი და მეტიც, მაგრამ მერე სახლებში ბრუნდებიან და ამას “ქართული ოცნება” უკვე მიეჩვია. ხალხი გამოდის რამდენიმე საათით, ნახევარი დღით და მერე იშლებიან - რა იქნება სიახლე, ამას არავინ ამბობს, გარდა იმისა, რომ 4 ოქტომბერს ბევრი ხალხი გამოვა. თუ აქამდე გამოდიოდა, რატომ არ გამოვა ახლაც, მაგრამ, თუ გამოვიდა, პირობითად, ასი ათასი კაცი, მერე რა ხდება? რა ხდება 5-ში, 6-ში, 7-ში და ა.შ., ამაზე ლაპარაკი არ არის. 4 ოქტომბერს შეიძლება მოითხოვონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არც ეს მოთხოვნაა ახალი. ამიტომ ვამბობ, უნდა გვითხრან, რა იქნება სიახლე, გარდა იმისა, რაც უკვე ვიცით. ვიცით, რომ შეიძლება ერთ დღეს ბევრი ხალხი გამოვიდეს და მოვითხოვოთ ახალი ან ვადამდელი არჩევნები, და, თუკი იმ დროისთვის კიდევ იქნებიან ციხეში სინდისის პატიმრები, მათი აუცილებლად გათავისუფლება უნდა მოვითხოვოთ. კიდევ რა იქნება ახალი, ამაზე ლაპარაკი არ არის. თუ ამაზე ლაპარაკი არ არის, მაშინ რატომ ველოდებით, რომ შეიძლება იმაზე მეტი ხალხი გამოვიდეს, ვიდრე აქამდე გამოსულა. ამაში არ ჩანს ლოგიკა”, - აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

“ნაცმოძრაობაში” ბევრი მეგობარი მყავს და გული მწყდება, რომ ზოგჯერ ძალიან არიან რეალობიდან ამოვარდნილი. არიან, ვინც გუნდთან არაფერს ათანხმებს. ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით არავინ არავის არაფერს ეკითხება, ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ხაბეიშვილი გამოვარდება და რამეს იტყვის, მერე წითლიძე გამოვა და მეორე რაღაცას დაარტყამს. გუნდში არა იმდენად განხეთქილება, რამდენადაც გაუგებრობაა. ამიტომაც არის, რომ “ნაცმოძრაობა” დღეს 7 ნაწილისგან შედგება - იმ ხალხზე ვლაპარაკობ, იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ერთად იყვნენ და მერე დაიშალნენ, როდესაც წააგეს. პარტიამ ვერ გაუძლო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთდღიან წაგებასაც კი. როგორც კი წააგეს არჩევნები 2012 წელს, მაშინვე დაიწყო მათი დაშლა, თუმცა პარტია დღემდე არსებობს. ასე რომ, დაპირისპირებას ვერ ვიტყოდი, ასე ვთქვათ, აქვთ შიდა გაუგებრობები, რადგან ხვდებიან, რომ მაინც ერთად ყოფნა ჯობს. მაგრამ კითხვას, რატომ ვიქცევით ასე და იქნებ შევათანხმოთ პოზიციებიო, აშკარად არ უსვამენ საკუთარ თავს. სულ იმას გაიძახიან, ერთობა, ერთობაო, და საერთო ერთობა კი არა, შიდა ერთობაც კი არ გამოსდით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მგონია, “ნაცმოძრაობის” ყველაზე დიდი შეცდომა დღეს ის არის, რომ იმ არჩევნების ჩაშლა სურთ, რომელიც ვერ ჩაიშლება, იმიტომ, რომ საამისოდ არანაირი მომზადება არ ყოფილა და რაც მთავარია, ორი წამყვანი პოლიტიკური ძალა - “ლელო” და გახარია, არ აპირებს ამის გაკეთებას. ოპოზიციიდან ბარიერი სულ 4-მა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა და აქედან 2 ბოიკოტს აცხადებს, 2 მონაწილეობს. ეს ნიშნავს, რომ ბოიკოტის იდეა არ ამართლებს. რაც არ უნდა ინერვიულო, იჩხუბო, იყვირო, იძახო, მართალი ვარო, რატომ არის შენი სიმართლე სიმართლე და მათი სიმართლე არა? ვინ გადაწყვიტა ეს? “ლელოსა” და გახარიასთან საზოგადოებას კი აქვს კითხვები, მაგრამ ისინი არ ყოფილან ხელისუფლებაში იმ ზომითა და დოზით, როგორც თავის დროზე “ნაცმოძრაობა”. გახარიასაც კი, რომელთანაც საზოგადოებას შეიძლება რამე პრეტენზია ჰქონდეს, “ოცნებამ” ჩორჩანას თემაც გამოუთრია, მაგრამ მას არა აქვს იმ დონის ცოდვები, რასაც საზოგადოება აკერებს “ნაცმოძრაობას”. როდესაც საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შენთან პრეტენზიები აქვს, რატომ ხარ უფრო მართალი შენ, “ნაცმოძრაობავ”, ვიდრე შენთვის მიუღებელი გახარია და “ლელო”? - განაგრძობს რესპონდენტი.

“ნაცმოძრაობის" პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი 4 ოქტომბრამდე, იმავე ვაშაძის გამოსვლა, ჯაფარიძის გამოსვლა და ა.შ., მიმართულია არა “ქართული ოცნების”, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ. ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რომ არ ყოფილიყო, მაშინ მოითმენდნენ და ასეთი აღქმაც არ იქნებოდა. კარგი, მე არ მომწონს არჩევნებში მონაწილეობის იდეა, ბოიკოტს ვაცხადებ, მაგრამ არა, ბრძოლა აქვთ გაჩაღებული “ლელოსა” და გახარიასთან. რისი იმედი აქვთ? ამას ჩემთვის ერთადერთი ლოგიკური ახსნა აქვს და, თუ მე მართალი ვარ, ეს ძალიან ცუდი რაღაცაა _ მათ უნდათ საერთოდ გააქრონ, გაკრიფონ ის შუა, რაც ვერ გაკრიფა ივანიშვილმა. ივანიშვილი ეჭიდავა, ებრძოლა და შუა მაინც არათუ ვერ გაკრიფა, უფრო გააძლიერა. “ლელო” და გახარია 9-9 პროცენტს იღებენ, რაც ადრე საერთოდ წარმოუდგენელი იყო. ამ დროს “ნაცმოძრაობას” აკლდება და აკლდება ხმები და გამოდის, ეს ხმები, რაც “ლელოსა” და გახარიასთან მიდის, “ნაცმოძრაობის” დაკარგული ხმებია. კოლექტიური გახარია-“ლელოს” ხმები თითქმის თანაბარია კოლექტიურ “ნაცმოძრაობის” ხმებთან - ანუ რაც ვერ გააკეთა ივანიშვილმა, აკეთებს “ნაცმოძრაობა”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან და არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ ივანიშვილის საქმეს აკეთებს “ნაცმოძრაობა”. არა, ასე არ ვფიქრობ. ლაპარაკია იმაზე, რომ “ნაცმოძრაობა” თვითონ მიხვდა, რომ გასაკრეფია შუა... არ ვიცი, 20 ოქტომბერს რა იქნება, მაგრამ 5-6 ოქტომბერს ყველა დავინახავთ, რომ “ქართული ოცნება” უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო 3 ოქტომბერს და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბოიკოტის დამსახურება. არ დასჭირდებათ არავითარი გაყალბება, ისე გააკეთებენ ამას გახარია-“ლელოს” მონაწილეობის შემთხვევაშიც იმიტომ, რომ ცოტანი არიან. არსებობს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის რაღაც მასა და ეს მასა ბოლო ათ წელიწადში 900 ათასი კაცი იყო. ეს ხუმრობა არ არის. პლუს ის ხმები, ვისაც მათ მისცეს, ვინც ბარიერი ვერ გადალახა. შესაბამისად, მილიონამდე კაცი სერიოზული არმიაა, რომელსაც აღარ უნდა “ქართული ოცნება”. აი, ამ ფონზე კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” უფრო მეტი აიღო, პირველ-მეორე ადგილზე გავიდა. უხეში გათვლით, სადღაც ნახევარი მილიონი ხმა აიღო “ნაცმოძრაობა”-გვარამიამ ჯამში და ამ ფონზე დაახლოებით 500 ათასი კაცის არჩევნებიდან ჩამოჭრა სერიოზული ზარალია. “ლელო” და გახარია მარტო ვერ გაქაჩავენ მერობის კანდიდატებს დიდ ქალაქებში”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“ამიტომ ის, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა, ძალიან დიდი დარტყმაა დემოკრატიისთვის. შენ რომ არჩევნებზე არ მიდიხარ, არაფერს აკეთებ, გარდა იმისა, რომ არჩევნებზე არ მიდიხარ. არჩევნებზე რომ მიდიხარ, ან იმას აძლევ ხმას, ან ამას, ან ყველას წინააღმდეგ აძლევ - ანუ რაღაცა კეთდება. როდესაც არ მიდიხარ, სახლში რჩება ეს ხმები, რასაც, როგორც წესი, ხელისუფლება იყენებს ხოლმე გასაყალბებლად, ან იმდენად ძლიერია, რომ აღარ სჭირდება გასაყალბებლად - ანუ ამით მთლიანად აძლევენ კარტ-ბლანშს “ქართულ ოცნებას”. “ლელო” და გახარია რის გაკეთებასაც შეძლებენ, ის არის, რომ საკრებულოებში გაიყვანენ თავიანთ ხალხს, დაფინანსებას მიიღებენ და მოემზადებიან შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. რეალურ პოლიტიკაში მუშაობა აუცილებელი და საჭიროა. თუ არ მონაწილეობ რეალურ პოლიტიკაში, შენი მოწინააღმდეგე კიდევ უფრო ძლიერდება. მთელი უბედურება ასეთი პოლიტიკის, რასაც ახლა “ნაცმოძრაობა” მიჰყვება, ის არის, რომ შენი მოქმედებით კონტრშედეგს იღებ. ამით “ოცნებას”, რომელსაც ებრძვი, უფრო აძლიერებ, და შენს თავს, რომელსაც გადარჩენა გინდა, უფრო ასუსტებ. ბოიკოტს დედამიწის ზურგზე არსად არ უმუშავია”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ნაცმოძრაობას" უნდა შუის გაკრეფით გაანადგურონ, ამოშანთონ ნებისმიერი სხვა ოპოზიციური ძალა, რომელიც არ არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილი. იმედი ჰქონდათ, რომ თუ წამოიყვანდნენ, სინდისზე შეაგდებდნენ “ლელოს” და გახარიას, ესენი ქუჩაში დარჩებოდნენ სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ გაქაჩავდნენ. არც ერთს და არც მეორეს ფული არა აქვს. გახარიას ფული საერთოდ არა აქვს, “ლელოსაც” არა აქვს იმდენი, რომ 3 წელი პარტია შეინახოს. მაგრამ “ლელო” და გახარია მიუხვდნენ ჩანაფიქრს “ნაცმოძრაობას”, რომელიც ხედავს, რომ ჩანაფიქრი ჩაუშალეს, მაგრამ გამწარებული მაინც პრინციპულად წინ მიდის... გახარიას მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მას 2021 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიეღო, არათუ 2024 წელს იმავე შედეგს ვერ აჩვენებდა, არამედ საერთოდ გაქრებოდა”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ლაპარაკია, თითქოს “ლელოსა” და გახარიას შორის თბილისის მერობის კანდიდატზე შეუთანხმებლობაა...” - პასუხობს:

“თუ ვერ შეთანხმდებიან, კარგი ნამდვილად არ იქნება, ცხადია, ეს ორივეს დააზარალებს. იმედია, ეს ესმით და ვიღაცაზე მაინც შეთანხმდებიან. თუ ვერ შეთანხმდნენ, რაც ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, რა თქმა უნდა, ხმებს დაკარგავენ და ორი კანდიდატი ცალ-ცალკე გავა, ვინმე “ა”, ვინმე “ბ” და კალაძე. თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა კალაძეს არ მისცა ხმა და ეს ხმები გადანაწილდა დანარჩენ ორზე, ცხადია, მეორე ტური იქნება. თუ აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური ხმები იმდენად ცოტა იქნება, რომ კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვისაც. თუმცა ისიც არის, რომ გამოსავალი ძალიან ცუდ ვარიანტშიც არსებობს და, თუკი “ლელო” და გახარია შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, საზოგადოება არ უნდა გაბრაზდეს მათზე, მაინც უნდა მივიდეს არჩევნებზე, მისცეს ხმა რომელიმეს კანდიდატს და ვნახავთ, რომლის კანდიდატი მიიღებს მეტ ხმას და გაარტყამს თუ არა მეორე ტურს”.

“კალაძე არ არის ქალაქში პოპულარული და შესაბამისად, ცოტა ხმა უნდა მიიღოს. დანარჩენი ხმები კი ან სახლში დარჩება, ან ოპოზიციაზე გადანაწილდება. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება “გირჩი”, რომელიც ბარიერის გადამლახავიც არის, და არც ის არის გამორიცხული, მერობის კანდიდატი მასაც ჰყავდეს, მით უმეტეს, “გირჩი” საქალაქო პარტიაა და ისიც წაართმევს ხმებს. ამიტომ მაინც საჭიროა ერთიანობა და იმედია, ესმით ეს და შეთანხმდებიან ერთ კანდიდატზე. თუ არადა, ამომრჩეველმა ყურები მაინც არ უნდა ჩამოვყაროთ და ვეცადოთ მეორე ტური მაინც შედგეს. ცხადია, მეორე ტურში კალაძე მაინც გაიმარჯვებს, რადგან “ნაცმოძრაობის” ხმები არ მივა, მაგრამ მეორე ტური იმისთვის არის საჭირო, რომ საზოგადოებამ თავისი ძალის დაიჯეროს და დაიჯერებს იმასაც, რომ “ნაცმოძრაობა” ატყუებდა, რომ რესურსები არსებობს ბოიკოტის შემთხვევაშიც კი”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

“5 აგვისტოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ეწურება და სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს გამოქვეყნდება კომისიის დასკვნა. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა უკვე გააკეთა მინიშნება, თუ რაზე იქნება მთავარი აქცენტები. ანალიტიკოსები დასკვნის შესაძლო შინარსზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ამის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ “ნაცმოძრაობა” დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადებისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა დაიწყოს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძვრასაც ელოდებიან. თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები არც მალავენ, რომ კომისიის მუშაობის საბოლოო შედეგი “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების აკრძალვა იქნება. ამაში იგულისხმება როგორც თავად “ნაციონალური მოძრაობა”, ასევე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას “ახალი”, ელენე ხოშტარიას “დროა”, ზურა ჯაფარიძის “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, ასევე “ევროპული საქართველო” და “ფედერალისტები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში.

თეა წულუკიანმა ორიოდე კვირის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომისიის დასკვნის შესავალში, სავარაუდოდ, ნაჩვენები იქნება, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში მოვიდა გადატრიალებითა და გაყალბებული არჩევნებით. “გამოიკვეთა ისეთი მიმართულებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს დასკვნაში ასახვას. ორ მაგალითს გეტყვით. როგორც დოკუმენტურად იკვეთება, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოვიდა იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც მცდარად დაერქვა “რევოლუცია”. ჩვენ ამას ვიკვლევთ და, სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს არ იყო ხავერდოვანი რევოლუცია, ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება. შემდეგაც, მომდევნო თვეებში, როცა უკვე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ხელისუფლებაში და ამ დარბაზში შემოვიდნენ გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამაზე თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი სტრასბურგის სასამართლოს. მაშინ ცესკო-ს ხელმძღვანელობდა ჭიაბერაშვილი. ეს თემა გამოიკვეთა”, - განაცხადა წულუკიანმა, რომლის თქმით, “დასკვნის შესავალში მოხსენიებული იქნება, ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, ვინაიდან თქვენგან ამისი მანდატი არ გვაქვს, ეს მიმართულება ძირფესვიანად ვერ იქნება გამოკვლეული, პარლამენტისგან სხვა თემები გვაქვს საკვლევად დავალებული, მაგრამ შესავალ ნაწილში, სადაც დაისმება კითხვა - ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში - ეს სათანადოდ იქნება ნაჩვენები. იქნება ნაჩვენები, რომ ხელისუფლებაში მოვიდა მავნებელი ძალა. ახსნილი იქნება, რას ნიშნავს ეს, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში - მოვიდა გადატრიალებით, გაყალბებული არჩევნებით. ამ შემთხვევაში, რაკი მუშაობა ჯერ არ დაგვისრულებია, შედარებით რბილად ვსაუბრობ. ეს არ იქნება ცარიელი შეფასებები, შესავალში ნაჩვენები იქნება მოკლედ, კონკრეტულად, დოკუმენტებზე დაფუძნებულად”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, გამოიკვეთა მეორე საკითხიც და, სავარაუდოდ, კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში მოხვდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება იყო “ანტიქართული რეჟიმი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასევე შესავალ ნაწილში სავარაუდოდ ვიტყვით, რომ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ანტიქართული რეჟიმი, რაც ცალსახად იკვეთება ჩვენი კვლევის შედეგად. ამჟამად ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, მათ მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალი ქართველის შექმნას - რეალურად, ჩვენი ერის გადაგვარებას. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მაშინდელმა განათლების სისტემამ და იმ გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა, რომელთა ასლებიც ამჟამად განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი გვაქვს. განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, ვიდრე იყო ის “დედა ენა” თუ მისი ელემენტები, რაც ისწავლებოდა სრულიად გარდაქმნილი სახით და ასე შემდეგ... რაკი გამოიკვეთა ეს მიმართულებები გვინდა შემოგთავაზოთ მსჯელობისთვის. ოღონდ ეს იქნება შესავალში, როცა ვიტყვით, ვინ მოვიდა, როგორ მოვიდა. შემდეგ მთელი დასკვნა მიეძღვნება იმას, რომ მოვიდა, რა გააკეთა. დასკვნის ბოლოსიტყვაობა იქნება რა უნდა ვქნათ ახლა, როდესაც არამც თუ ხელისუფლებაში ყოფნისას დააშავეს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც უშავებდნენ ხალხს, სახელმწიფოს”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, სავარაუდოდ, “ნაცმოძრაობა” დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდება. ხოლო ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, დასკვნაში მთავარი აქცენტი 2008 წლის აგვისტოს ომზე გაკეთდება”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, მთავარი აქცენტები გაკეთებული იქნება იმ საკითხებზე, რის გამოც კომისია შეიქმნა. მთავარი მიზანია “ნაცმოძრაობის” მმართველობისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემა და მისი აკრძალვა, მისი გაყვანა პოლიტიკური ველიდან. დიდი ალბათობით, ამას მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და შესაბამისად, დაიწყება ის პროცედურები, რაც საჭიროა ამ გაცხადებული მიზნის მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებამ იხილა კომისიის მიერ საჯაროდ გამართული და ტრანსლირებული მოსმენებისგან, ზოგადად შეიძლება ვთქვა, რომ “ნაცმოძრაობა” გამოცხადებული იქნება დანაშაულებრივ ორგანიზაციად და ასევე, შესაძლებელია, მის ცალკეულ წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენონ იმ ფაქტების საფუძველზე, რაც კომისიამ გამოიძია. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს ერთი ნაწილია, მაგრამ არის სამხილების და დოკუმენტების მეორე ნაწილი, რაც საჯარო არ არის. შესაბამისად, ამ ყველაფრის შეჯამების საფუძველზე მე ველოდები, რომ ასეთი ტიპის დასკვნა დაიდება, ანუ “ნაცმოძრაობა” დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება მმართველი პარტიის მომხრეები გაიზარდოს. როდესაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოდიოდა, მისი ერთ-ერთი პირობა იყო სამართლიანობის აღდგენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის სამართლებრივ-პოლიტიკური საქმიანობა უნდა შეფასებულიყო და შესაბამისად, ვერდიქტი უნდა გამოტანილიყო, რათა პოლიტიკური ველიდან გასულიყო. ეს აქამდე ვერ მოხერხდა სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ამან მმართველ პარტიას გარკვეულწილად რეიტინგი მოუტანოს... “ნაცმოძრაობა” და მისი დანაყოფები თვითმართველობის არჩევნებში ისედაც არ მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის. შეეცდებიან ამაზე საინფორმაციო-პროპაგანდისტული ხმაურის ატეხას, დასახმარებლად მოუხმობენ თავიანთ საერთაშორისო მოკავშირეებს. თუმცა არ მგონია ამის ნიადაგზე რაღაც მასობრივი გამოსვლები და მიტინგები ვიხილოთ. საპროტესტო გამოსვლები იქნება, მაგრამ ეს იქნება ჩვეულებრივი პროტესტი, რაც აქამდე გვინახავს”, - თვლის რესპონდენტი.

“ოცნება” ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯზე მიდის, რადგან საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია აეკრძალათ. თუ “ნაცმოძრაობა” აიკრძალება, ამას მოჰყვება, როგორც შიგნით, ისე გარეთ პოლიტიკური რეზონანსი. არ დაგვავიწყდეს, რომ “ნაცმოძრაობა” არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი და საზღვარგარეთ ბევრი მოკავშირე ჰყავს. ასე რომ, ეს პროცესი ასე მარტივად არ ჩაივლის. თუმცაღა, როგორც ჩანს, “ოცნება” ითვალისწინებს ამას და გარკვეულწილად შინაგანად ამისთვის მზადაა... რაც შეეხება გიორგი გახარიას, მგონია, რომ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ჩორჩანას ამბავს და 20 ივნისის დარბევას, გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძრის ალბათობა 50/50-ზეა. თუმცა ახლა მის დაჭერას სარგებლის მოტანაც შეუძლია ხელისუფლებისთვის და ზიანისაც, რადგან ბუნებრივად წარმოიშვება კითხვა - აქამდე რას ელოდებოდნენ? ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითონ “ოცნების” წიაღში. თუ გამოძიებამ დაადგინა გახარიას ბრალეულობა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინ უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ ამის საფუძველზე გახარია დააპატიმრონ, ვიდრე ჩორჩანას საკითთან დაკავშირებით”, - ამტკიცებს ანჯაფარიძე.

“ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რომელი პარტიები შეიძლება აკრძალონ, რთულია. მე მგონია, რომ უფრო ეს შეეხება “ნაცმოძრაობას” და მის დანაყოფებს, ნაკლებად გახარიას პარტიას და “ლელოს”. კი, შეიძლება “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი ახლა “ლელოს” წევრია, მაგრამ ერთი ადამიანის წევრობა ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პარტია რაღაცნაირად “ნაცმოძრაობასთან” არის დაკავშირებული? იგივე შეიძლება ითქვას გახარიას პარტიაზე. იქაც არიან საშუალო რანგის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც “ნაცმოძრაობას” ემსახურებოდნენ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პარტია ორგანიზაციულად “ნაცმოძრაობასთან” არის დაკავშირებული? ასე რომ, მე ნაკლებად ველოდები ასეთი ნაბიჯის გადადგმას ხელისუფლებისგან”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

“დიდი ალბათობით, გაკეთდება დასკვნა, სადაც საქართველო დადანაშაულდება ომის დაწყებაში და აქედან გამომდინარე, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები, როგორც თავად “ოცნებაში” ამბობენ, გამოცხადდებიან დამნაშავეებად, რათა საფუძველი შეიქმნას, რომ ისინი კანონგარეშედ გამოცხადდნენ. მით უმეტეს, როცა ახლოვდება აგვისტოს ომის მორიგი წლისთავი. ამ კომისიის შექმნა სამწუხარო ამბავია, რაც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს... წულუკიანის დასკვნა წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიების რეიტინგებზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ვინც არის “ოცნების” მომხრე, დარჩება ისევ ისე და ვინც არის ნეიტრალური, ისიც ასე. ამ მხრივ არ მგონია, რომ რომელიმეს რეიტინგზე გავლენას მოახდენს... მე ასე მგონია, რომ გიორგი გახარიაზე საქმე აღიძრება, ყოველ შემთხვევაში მასზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამიტომაც ამას ველოდები... ხელისუფლება პროდასავლური პარტიების აკრძალვას მოითხოვს და დარჩება “ხალხის ძალა”, რომელიც ვითომ ოპოზიციურიი პარტიაა. ასევე არის საფრთხე “ლელოზეც”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება, ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება...”

“არაერთხელ მომხდარა, რომ კონკრეტულ თარიღებზე იქმნება რაღაც მოლოდინი და მერე დგება იმედგაცრუება... რომ ვიძახოთ, დაემხობა, დაემხობაო, არ დაემხობა, იმიტომ, რომ ვისაც გვინახავს, როგორ ხდება ხელისუფლების შეცვლა, ასე ვთქვათ, რევოლუციური თუ არარევოლუციური დამხობის გზით, ვიცით, ამას რა სჭირდება. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ამის ძალა უნდა გქონდეს. ძალოვან სტრუქტურებში, როგორც მინიმუმ, უნდა იყვნენ ან ნეიტრალურები, ან რაღაც ნაწილი მაინც შენს მხარეს. თუ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, მთავრობის ქუჩიდან შეცვლა გამორიცხულია”, - “აცხადებს ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებას” დასავლეთში ლეგიტიმაცია არჩევნების გამო კი არა, იმიტომ არა აქვს, რომ კურსი იცვალა...”.

“ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაემხო იმიტომ, რომ მეორე მხარეს მეტი იარაღი ჰქონდა. იარაღს მაშინ რუსეთის სამხედრო შტაბი ანაწილებდა და აღმოჩნდა, რომ პუტჩისტებს მისცეს... მეორედ, 2003 წელს, ხალხი უჭერდა მხარს რევოლუციონერებს და პლუს ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმხანად ორი უმდიდრესი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდნენ ოპოზიციას: ივანიშვილი - "ნაცმოძრაობას", პატარკაციშვილი - "ახალ მემარჯვენეებსა" და ჟვანიას. ასე რომ, უნდა გქონდეს ბევრი ფული და ძალა. სხვათა შორის, ფულიც არ უშველიდა, ძალოვანი სტრუქტურები რომ არ ყოფილიყვნენ ოპოზიციის მხარეს. თავად შევესწარი, როდესაც სააკაშვილი შევარდნაძეს სესიაზე შეუვარდა, მაშინვე კი არ გამოუცხადებია, დამთავრდაო, ჯერ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ ჯერ თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თქვა, რომ ჯარი არ მიიღებდა მონაწილეობას დაპირისპირებაში. ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დავით გულუას სახელობის სპეცრაზმიდან წარმომადგენელი მოვიდა მიტინგზე - ხელისუფლება თავს თუ დაგესხმებათ, ჩვენ დაგიცავთო. წარმოიდგინეთ, ახლა სპეცრაზმი ანუ გდდ რომ გადმოვიდეს ხაბეიშვილის მხარეს, მაშინ მართლაც შეიძლება გამოუვიდეს ამ მთავრობის დამხობა, მაგრამ გადავა მის მხარეს?! ამ ვითარებაში იმედის გაღვივება, რომ უახლოეს ხანში რაღაც გარღვევა მოხდება, ფუჭი მოლოდინია...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ, ის ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება. როგორც ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება, ან ეუბნებიან და თავად ჯიუტობს. მეორე საკითხია ის, თუ რატომ გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ვიდრე იმან, რომ ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება მოხდეს თბილისის მერობის არჩევნებზე. როცა არჩევნების დრო მოვა, ეს იქნება მთავარი ამბავი. ცხადია, იმაზეც იქნება დამოკიდებული, ოპოზიციიდან კანდიდატად ვის წამოაყენებენ. ჩემთვის ისეთი ცხადი იყო, რომ თბილისის მერის არჩევნები უნდა გამხდარიყო ანტისახელისუფლებო განწყობების მთავარი ფაქტორი, რომ როდესაც ამის წინააღმდეგ დაიწყეს გალაშქრება, შოკის ეფექტი ჰქონდა, ამას როგორ ვერ ხედავენ-მეთქი. მით უმეტეს, რომ ეს დაიწყეს არა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც შესაძლოა საკუთარი თავი ვერ დაინახეს პროცესში, არამედ იმათ, ვისაც, წესით, თავი პროცესში უნდა დაენახათ - სამოქალაქო აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი პროტესტის საწინააღმდეგოა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დაიჯერეს, რომ თუ ასე გამიჯნულად იქნებიან, ხელისუფლებას დასავლეთში ლეგიტიმაცია არ ექნება. “ოცნებას” დასავლეთში ლეგიტიმაცია არა აქვს არა იმიტომ, თუ არჩევნები როგორ ჩატარდა, არამედ იმიტომ, რომ კურსი იცვალა და მთავარ მტრად დასავლეთი გამოაცხადა. კი, რუსთაველზე დგომას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამით დაანახეს ევროპას, რომ აქ ხალხი რაღაცას არ ეგუება, მაგრამ მარტო ამის ხარჯზე არ ხდება ეს ყველაფერი. ამის კარგად გააზრება იყო საჭირო პროცესების სწორად წარმართვისთვის, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა და ამ რადიკალურმა განწყობებმა წარმოქმნა განცდა, აქ ჩვენ მაგრად უნდა ვიდგეთ, სანქციები წამოვა, “ოცნება” ჩამოიშლება და ბიძინა გაიქცევაო. ამ რეალობაში თვითმმართველობის არჩევნებში კონსოლიდაციაზე ლაპარაკი მათთვის სრულიად სხვა სიბრტყეში გადასვლაა. ამ ხალხს გაუჭირდა რადიკალური ემოციური განწყობებიდან გამოსვლა”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“დღევანდელი ვითარება 2010 წელს მაგონებს. მაშინაც თვითმმართველობის არჩევნები იყო, მაშინაც ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადა ბოიკოტი. გუბაზ სანიკიძე მაშინაც ბოიკოტს აცხადებდა, ოღონდ მაშინ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და მაშინაც იმავეს ამბობდნენ ბოიკოტისტები, ამით ლეგიტიმაციას აძლევ ხელისუფლებას, ვერ მოუგებ, არჩევნებს მაინც გააყალბებსო. ჩვენი მერობის კანდიდატი ალასანია იყო და როგორი ცუდი კამპანია ჩავატარეთ, ეს ცალკე საკითხია. სოზარ სუბარი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გვყავდა, გზაში გაგვექცა და ბოიკოტისტებს შეუერთდა. ასეა თუ ისე, მაშინ დავინახეთ, რომ ბოიკოტმა ნაყოფი ვერ გამოიღო, ოპოზიციამ წააგო და იმ ბოიკოტისტებმაც ვერაფერი მოიგეს. პრინციპში, რომ არ გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური ველი მოსწორებული იყო. თან არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ოპოზიცია საკმაოდ ძლიერი იყო. დღეს სულ სხვა სიტუაციაა, ქვეყნის გარეთ დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია. სააკაშვილის ხელისუფლებას არ უყურებდნენ როგორც მტერს, ამათ კი თვითონ ჩაიყენეს თავი მტრის პოზიციაში, თვითონ გამოაცხადეს, თქვენი მტრები ვართო”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

“ისიც გავიხსენოთ, რომ მაშინ 2010 წლის ბოიკოტი თუ დანარჩენი ყველაფერი მოჰყვა 2009 წლის საკნების აქციებს, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და ასევე არაფრით დამთავრდა. ასე რომ, რადიკალიზმს რომ ირჩევ, მერე იქიდან გამოსვლა ძალიან ძნელია, მანევრირების სივრცეს არ იტოვებ. მერე, 2011-ში, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და რაც მოხდა, ვიცით. აქ ვინ ან რა გამოჩნდება, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთ მშვენიერ დღეს აქაც აყირავდეს ყველაფერი”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “დღეს ბოიკოტისტებიც გაიყვნენ ბანაკებად. ვგულისხმობ “ნაცმოძრაობაში” ხაბეიშვილი-ბოკუჩავას მომხრეების დაპირისპირებას. ამან როგორ შეიძლება წარმართოს პროცესები?” - პასუხობს:

“რუსთაველზე პროტესტში მონაწილე ხალხს რომ ჰკითხო, ხაბეიშვილი უფრო ესიმპათიურებათ, ვიდრე ისინი, ვინც ხაბეიშვილი-ბურჭულაძე გააკრიტიკა, იმიტომ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათ რადიკალიზმს უფრო შეესაბამება. რა უფროა ხელისუფლებისთვის სასარგებლო, წინასწარ გამოაცხადო არჩევნებში არ ვმონაწილეობო, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით წარადგინო სიები? ეს ხომ მარტივი კითხვაა და ამაზე უნდა დაფიქრდე, მაგრამ ისეთი რადიკალიზმისკენ წაიყვანეს სიტუაცია, რაც უფრო აბსურდულ რამეს იტყვის ვინმე, მის მხარეს იქნებიან”...

“თუ თბილისის მერის არჩევნები ისე წავიდა, რომ ხელისუფლებამ მოიგო დიდი უპირატესობით და ხალხმა არ მიიღო მონაწილეობა, ხაბეიშვილი-ბურჭულაძის დაძახილზე კაციშვილი არ გამოვა. თუ პირიქით მოხდა, ანუ ოპოზიციამ წარმატებას მიაღწია, მაშინ შესაძლოა ხაბეიშვილის მოწოდებაზე ბევრიც კი გამოვიდეს. ოპოზიციის კანდიდატი რაც უფრო წარმატებული იქნება, ხალხს მით მეტი მოტივაცია მიეცემა, რევოლუციურ პროცესებში ჩაერთოს, თანაც, თუ გაყალბებაც აშკარა იქნება. თუ წყნარად ჩატარდა, “ოცნებას” არაფრის გაყალბება არ დასჭირდა და მშვიდად დაიწერა 80%, ხალხი რევოლუციისთვის, რა თქმა უნდა, არ გამოვა. ნაპოლეონს ჰქონდა ასეთი გამოთქმა, ჩავებათ ბრძოლაში და მერე ვნახოთო. რაც თავი მახსოვს, სულ ეს პრინციპი აქვს ქართულ პოლიტიკას...”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

“4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტებს - “ლელოს” და პარტიას “გახარია საქართველოსთვის” წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და არჩევნებში მონაწილეობა ლიდერების გარეშე უწევთ. “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობაში არიან, ექსპრემიერი გიორგი გახარია კი ფაქტიურად დევნილობაშია და სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს. ანალიტიკოსების აზრით, ლიდერების არყოფნა საარჩევნო პროცესზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები პრეზიდენტმა შეიწყალოს - ლიდერების პატიმრობამ და დევნილობამ მათი პარტიების მიმართ შესაძლოა ამომრჩეველში ერთგვარი თანაგრძნობა გააჩინოს და მათი რეიტინგები გაზარდოს. ამ თანაგრძნობის გასანეიტრალებლად კი ხელისუფლებამ, შესაძლოა, “ლელოს” ლიდერების შეწყალება გადაწყვიტოს იმ მოტივით, რომ ამით ოპოზიციას სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალებას აძლევს. ვახტანგ ძაბირაძის აზრით, შესაძლოა ამ ფაქტორმა ოპოზიციაზე უფრო დადებითად იმოქმედოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”.

“ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ამომრჩეველი უფრო კეთილგანწყობილი იქნება ამ პარტიებისა და ლიდერების მიმართ, ვიდრე ეს ლიდერები თავად რომ ყოფილიყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული. მთავარია ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად შეძლოს საარჩევნო კამპანიის წარმართვა და ის, რომ ლიდერები დაპატიმრებულები არიან, ეს კიდევ ერთხელ მობილიზებას გაუკეთებს ოპოზიციურ ამომრჩეველს. მერე, საარჩევნო აგიტაციის დროს, უნდა ისაუბრონ არა მარტო ადგილობრივ პრობლემებზე, არამედ ზოგად თემებზე, მათ შორის დემოკრატიის დარღვევა, პლურალიზმი და ა.შ. საქმე ისაა, რომ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ყაველაშვილმა დაპატიმრებულ ლიდერებთან დაკავშირებით გააკეთა, არ გამოვრიცხავ “ოცნებამ” ყაველაშვილს ეს ლიდერები გამოაშვებინოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ შეხედეს, რომ ლიდერების არყოფნამ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება მობილიზება გამოიწვია, შესაძლოა ყაველაშვილმა, ყოველგვარი განცხადების გარეშე, იმ მოტივით, რომ საარჩევნო პროცესი ვითომ სრულფასოვანი იყოს, თავად შეიწყალოს ისინი. თუ ამას ისიც დაემატება, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები საკმაოდ მკვახე და სრულიად შეუსაბამო განცხადებებს გააკეთებენ იმ პარტიების მიმართ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ეს გარკვეულწილად მიმართული იქნება იმისკენ, რომ ბოიკოტის მომხრეები და არჩევნებში მონაწილე პარტიები ერთმანეთს ჩამოაშორონ და იმ ელექტორქტში, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ნიჰილიზმი დათესონ”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ “ლელოს” ლიდერები ჩანს, მიხვდნენ, რომ "თუ გარეთ დარჩებოდნენ ეს მათთვის უარესი იქნებოდა და ამიტომ გადაწყვიტეს ციხეში ჯდომა". მისივე აზრით, “ამით მაინც შეიძინეს დასავლეთში თავიანთ თანამზრახველებთან სახელი, რომ თითქოს წამებულები არიან. იქ ხომ არავინ მოიკითხავს, რატომ აღმოჩნდნენ ციხეში... მინდა ყველას ესმოდეს - ეს გეგმა მათ შეიმუშავეს, თორემ რა უნდოდა ახლა კომისიაზე მისვლას, ან ჯარიმის გადახდას? იფიქრეს, რომ ეს უკეთესი გამოსავალი იყო”, - დასძენს მამრაძე, რომლის აზრით, “ამას არავითარი დადებითი შედეგი არ ექნება”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

“აშშ-მა, მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესისა, ვერ მიაღწია პროგრესს, რაც აძლიერებს შეხედულებას, რომ ამერიკის საერთაშორისო პრესტიჟი მკვეთრად ეცემა, განსაკუთრებით ჩინეთისა და სხვა ძლიერი მოთამაშეების თვალში. ამიტომ ვაშინგტონში უკვე მობილიზებული არიან მკაცრი ზომების მისაღებად. რაც შეეხება მეორად სანქციებს, საინტერესო დეტალია სავაჭრო ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ - ეს შეიძლება გახდეს კატალიზატორი, რომელიც რუსეთის ყველაზე მტკივნეულ ეკონომიკურ სექტორს დაარტყამს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ რუსული ენერგომატარებლების მოხმარება შეაჩეროს, რაც არა მხოლოდ რეგიონული, გლობალური სიგნალია ჩინეთისთვისაც - მანაც უნდა გადახედოს მიმწოდებელ ქვეყნებთან ურთიერთობას, რათა ამერიკასთან გართულებები აიცილოს. ეს სანქციები რუსულ­ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს და შეამცირებს მის შესაძლებლობას, რომ უკრაინასთან ომი ეფექტიანად წარმართოს”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ტრამპის პროპუტინისტად წარმოჩენა შეცდომაა. მახსოვს მისი პირველი საპრეზიდენტო ვადაც, როცა რუსეთთან დალაგების მომხრე იყო, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს აგრესიულ ქმედებებს სირიაში რუსულ ბაზებზე... ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ტრამპს მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება... მოდი, ობიექტურად შევაფასოთ რეალობა. სინამდვილეში ყირიმის კრიზისი იმიტომ მოხდა, რომ დასავლეთში გულწრფელად სჯეროდათ, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, უკრაინაში ვეღარ გაბედავდა. დასავლეთის ამ ილუზიებმა ჩამოუყალიბეს რუსებს დაუსჯელობის განცდა, რაც საბოლოოდ გადაექცათ რწმენად, რომ რუსეთს შეუძლია გლობალური მასშტაბის აგრესორი იყოს. სწორედ ამ განცდით წამოიწყო პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ კონტინენტზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი და ისიც იმ ქვეყანაში, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ჯერ კიდევ ელცინის პერიოდში დასავლეთს ჰქონდა ილუზია რუსეთის დემოკრატიზაციის შესახებ. აბსურდია არა?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“რუსეთი და დემოკრატია” - ეს ორი სიტყვა ერთ წინადადებაშიც კი არ ჯდება. გარდა ამისა, ითქვა ფრაზა: “ჩავხედე პუტინს თვალებში და დავინახე მეგობარი”, რაც მალევე, როცა საქართველოზე მიიტანა იერიში, შეიცვალა ფრაზით: “ჩავხედე პუტინს თვალებში და დავინახე კა-გე-ბე”. საქართველო პუტინის პირველი საერთაშორისო სამიზნე იყო. გახსოვთ, როგორ მოიქცა მაშინ ევროპა? რეაქცია იყო სამარცხვინო. დაგვიდეს ტალიავინის დასკვნა, რომელიც არც ფაქტებს ასახავდა სწორად და არც რეალობას. თურმე არ იყო პრობლემა, რუსეთმა რომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, მაინც ჩვენ დავიწყეთ ომი... ვიღაცა შეიძლება ლაპარაკობდეს მიზანშეწონილობაზე, ცხინვალში ქმედებებზე, ტაქტიკასა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაზე, მაგრამ ფაქტია: საქართველოს რუსეთისთვის ომი არ გამოუცხადებია - ჩვენ ვიგერიებდით შემოჭრილ მტერს. ამის შემდეგ რას აკეთებს დასავლეთი? მხოლოდ 60 დღით აჩერებს ბიზნესმოლაპარაკებას რუსეთთან. არც ქმედითი ნაბიჯები, არც რეალური სანქციები, მხოლოდ შეშფოთება, დაძაბულობის შემცირებისკენ მოწოდება და სხვა არაფერი...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა იგივე გაიმეორა უკრაინაში. გახსოვთ 2014 წელი? მინსკის შეთანხმებებში სადმე ნახსენებია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა? თავიდანვე ჩანდა, რომ რუსეთს ყირიმის დაბრუნებას არავის მოსთხოვდა. პირიქით, ევროპელებმა თქვეს, რაც არის, არის, მოდი, ამის იქით აღარ გავუშვათო. გახსოვთ, როგორ ჩააბარეს სუდეტის ოლქი ჰიტლერს 1938 წელს? მაშინდელ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩემბერლენს ეგონა, ამით მშვიდობა მოიპოვა. თუმცა რეალურად სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მეორე მსოფლიოს ომის დაწყებას. მაშინაც და ახლაც დასავლეთი თავის კომფორტული გადმოსახედიდან გადაწყვეტდა და გადაწყვეტს, ვინ რისი გამკეთებელია. ამასობაში კი დესტრუქციული ძალები მოქმედებენ. გერმანიამ მხოლოდ ახლა დაიწყო სამხედრო რეფორმა, ვითომ მანამდე საჭირო არ იყო? თითქოს არ იცოდნენ, რომ რუსეთს დიდი არმია ჰყავდა. თითქოს ეს არმია მხოლოდ სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, ჩრდილოეთ კორეის შრომითი ბატალიონივით. საფრთხე მაშინაც არსებობდა და ახლაც არის. უბრალოდ, ევროპამ მხოლოდ ახლა ინება მისი დანახვა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რუსეთში დეფექტური მმართველობა ნამდვილად არის, კორუფცია რუსი ერის ერთგვარი “კულტურული მონაპოვარია”, მაგრამ ქვეყნის ჩამოშლის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავ. საბჭოთა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პუტინმა წინამორბედების შეცდომები გაითვალისწინა და ჩინოვნიკებს იმდენის მოპარვის საშუალებას არ აძლევს, რომ ხალხი შიმშილით დაიხოცოს. იცით, რატომ არ მუშაობდა სანქციები რუსეთში? იმიტომ, რომ შეზღუდვები არ აისახება მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონეზე. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომლის საზოგადოების სამ მეოთხედს სრულფასოვანი ინტერნეტიც არა აქვს, სამ მეოთხედამდე მოსახლეობა ვერ სარგებლობს კანალიზაციით. მე არ ვსაუბრობ მოსკოვზე, პეტერბურგზე, ეკატერინბურგზე ­ ვსაუბრობ­ რუსეთის დიდ ნაწილზე, რომელსაც ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. დაახლოებით 50 მილიონი კაცი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და მათთვის არაფერს ნიშნავს, თუ აიფონზე წვდომა შეეზღუდებათ. თუმცა რუბიოს დაანონსებული მეორადი სანქციები ამ მოცემულობას ცვლის, ვინაიდან ის პირდაპირ ურტყამს პოლიტიკურ ელიტას. შესაბამისად, თუ რუსეთში რაღაც შეიცვლება, ეს არც რუსი ხალხის აჯანყების შედეგი იქნება და არც შეიარაღებაში ჩადებული დიდი ფული, ეს იქნება პოლიტიკური და სამხედრო ელიტების უკმაყოფილების შედეგი”, - თვლის გიორგი გობრონიძე.

“დღეს მსოფლიო ყალიბდება ახალ ორპოლუსიან წესრიგად - ერთი ცენტრი იქნება ამერიკაში, მეორე - ჩინეთში. ასეთ სქემაში რუსეთი აღარ იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე, ის გახდება ჩინეთზე დამოკიდებული პარტნიორი, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც პეკინი გადაწყვეტს. სხვათა შორის, რუსეთიდან გაქცეული დისიდენტი ანატოლი მალცევი ხშირად მოიხსენიებს პუტინს როგორც ჩინეთის გავლენის აგენტს და თუ რეალურად შევაფასებთ ვითარებას, ყველაზე მეტი სარგებელი ამ სიტუაციიდან სწორედ ჩინეთმა მიიღო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველო და დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები მშვიდად მოქმედების შესაძლებლობით ისარგებლებენ... რუსეთი ახლა ჯერ ჩვენთვის ვერ იცლის, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ვერასდროს მოიცლის. ახლა მთავარი კითხვაა, ვინ და როგორ გამოიყენებს ამ ისტორიულ ფანჯარას. ამჟამად სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ ურთიერთობის დარეგულირებას, საქართველო კი საკუთარ შესაძლებლობებს ფლანგავს”, - დასძენს გორბონიძე და შეკითხვაზე - “სად ხედავთ საქართველოს ადგილს მსოფლიოში, სადაც ახალი წესრიგი ყალიბდება?” - პასუხობს:

“მე ერთი ვიცი: გვაქვს რეალური შანსი საგარეო პოზიციების გამყარებისთვის, შიდა სტაბილურობისთვის, განვითარების გზაზე დასადგომად, მაგრამ... გვაქვს საოცარი უნარიც ყველა შანსი ხელიდან გავუშვათ. ეს ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ამ რეჟიმშია - შანსი გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. თუ ასე გავაგრძელეთ, ეს ფანჯარაც ისე დაიხურება, როგორც წარსულში ბევრჯერ დახურულა”.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო