სააპელაციო სასამართლოს მიერ გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აპირებს, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართოს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი განაჩენის გაუქმება მოითხოვოს.

როგორც ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავენ.

„დღეს სასამართლოს სიტყვიერი განმარტება არ გაუკეთებია გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შესაბამისად, უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებას მას შემდეგ შევძლებ, როცა დასაბუთებას წავიკითხავ, თუმცა მიმაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად წინააღმდეგობაში იყო საბოლოო გადაწყვეტილებასთან, ამის დასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვთ აღნიშნული განაჩენის გაუქმებას. იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ ძალაში დარჩება, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს",-განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, არასდროს ყოფილა მიმართვა არანაირ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„გიორგი ბაჩიაშვილი პირველივე მომენტიდან თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამის მცდელობაც კი არ ყოფილა“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბაჩიაშვილის მოტაცება არ მომხდარა და გამოსაძიებელი არაფერია.

ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილმა დეტალურად მოყვა, როგორ მოხდა მისი იძულებით გადმოყვანა საქართველოში, თუმცა გამოძიება დღემდე დაწყებული არ არის.

„გიორგი ბაჩიაშვილმა დეტალურად თავადაც განმარტა სასამართლოში და ჩვენთან, ადვოკატებთან, მან დეტალურად მოყვა, თუ როგორ მოხდა მისი იძულებით გადმოყვანა საქართველოში. ჩვენ სრულყოფილი განცხადება, რამდენიმე გვერდიანი, სადაც უამრავი დეტალი იყო აღწერილი, შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში, თუმცა გამოძიება დღემდე დაწყებული არ არის. იმედს ვიტოვებთ, რომ თუნდაც დღევანდელი განცხადების შემდეგ, პროკურატურა ამ ფაქტით დაინტერესდება და სიმართლე დადასტურდება“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო