შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ - დაკავებულთა შორისაა გიორგი მიქაძე

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

კერძოდ, გამოძიების თანახმად, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება განახორციელეს ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა, რომლებიც მოკლულთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები. ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ დაკავებულთა შორისაა გიორგი მიქაძე, ხოლო მის ძმას დავით მიქაძეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.

გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.

საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.

ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.

როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, - აღნიშნა სირაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს