ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი

სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ათობით ხანძარს ებრძვიან, რამაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაში გამოცხადდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანების ჯანმრთელობას, მაღალი ტემპერატურის გამო, მნიშვნელოვანი რისკი ემუქრება.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა Aemet-მა განაცხადა, რომ სევილიასა და კორდობაში ტემპერატურამ, შესაძლოა, 44 გრადუსს მიაღწიოს, ასეთივე ტემპერატურას პროგნოზირებენ სამხრეთ პორტუგალიაშიც.

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ტრეს კანტოსში, ხანძრის გამო ასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, კასტილიასა და ლეონში, 4 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და 30-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. კიდევ 2 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა სასტუმროებიდან და სახლებიდან, რომლებიც ანდალუსიის რეგიონში, ტურისტულ ცენტრ ტარიფას მახლობლად მდებარეობს.

მეხანძრეები ხანძრის სამ მსხვილ კერას ებრძვიან პორტუგალიაში. მედიის ინფორმაციით, მობილიზებულია 1 300-ზე მეტი მეხანძრე და 14 თვითმფრინავი.

მედიის ინფორმაციით, იტალიაში სიცხისგან ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლოს ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. სიცხესთან დაკავშირებით წითელი განგაში გამოცხადდა იტალიის სულ მცირე 10 ქალაქში, მათ შორის რომში, მილანსა და ფლორენციაში.

მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება საფრანგეთშიც. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა პარიზის რეგიონში 36 გრადუს ცელსიუსს, ხოლო რონის ველზე 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კატრინ ვოტრენმა, განაცხადა, რომ საავადმყოფოები მზად არიან ქვეყანაში სიცხის მეორე ტალღის შედეგად გამოწვეული შედეგებისთვის.

საბერძნეთი ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ ხანძარს ებრძვის, რასაც ძლიერი ქარი ამწვავებს. ხანძრის ჩაქრობაში 5 000-მდე მეხანძრე და ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს. საბერძნეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში პირობები, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.

ტურისტულ კუნძულ ზაკინთოსსა და დასავლეთ აქაიაში, სადაც ხანძარმა სახლები, ავტომობილები და ბიზნესები გაანადგურა, მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.

სიცხის მეოთხე ტალღას ებრძვიან გაერთიანებულ სამეფოში. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 33 გრადუს ცელსიუსს აღწევს და მთელ ინგლისში ქარვისფერი და ყვითელი სიცხის განგაში გამოცხადდა.

რაც შეეხება თურქეთს, თურქეთმა რამდენიმე მასშტაბური ხანძრის გაკონტროლება შეძლო, მათ შორის ჩანაკალესა და იზმირში, მას შემდეგ, რაც ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამო დაიხურა დარდანელის სრუტე და ჩანაკალეს აეროპორტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე