ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

„ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს.

„მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი, პირადად მიწევს თქვენთან შეხვედრა. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა