ანტიკორუფციული ბიურო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა - თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე

ანტიკორუფციული ბიურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ არ გამოუქვეყნებია, სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, კანონის შესაბამისად, საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (შემდგომში - TI) მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ TI-ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით ფაქტებით მანიპულაციას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, 2024 წლის 26 აპრილს, TI-მა გაავრცელა ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშის დამალვასთან დაკავშირებით, რაც ასევე იყო დეზინფორმაცია და ანგარიში გამოქვეყნდა შესაბამისი პროცედურების დაცვით და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.coe.int/en/web/greco/evaluations/georgia.

რაც შეეხება TI-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე არის სიცრუე და დეზინფორმაცია, კერძოდ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, კანონის შესაბამისად, საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე. https://declaration.acb.gov.ge/.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც გულისხმობს 2 -თვიან ადმინისტრაციულ წარმოებას კანონის შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში კი, დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. აღნიშნული 2 - თვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ხდება დეკლარაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 14, პუნქტი 12: „თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1 თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1 თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1 თვიანი პერიოდის ან 1 თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია“.

მოვუწოდებთ, ყველა დაინტერესებულ პირს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას!”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დეკლარაციების საჯაროობა კანონის მოთხოვნაა, რასაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება უკვე მეორედ არღვევს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე