ლევან ნატროშვილი - რეპრესიული კანონები პროტესტზე გავლენას ახდენს, თუმცა არა იმ დოზით, როგორც ეს „ოცნებას“ სურს - ქუჩაში ადამიანების რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტი გაქრა

არ ყოფილა არანაირი სიურპრიზი არც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში და არც - „ქართული ოცნების“ საპასუხო რეაქციაში - ხელისუფლება პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას და ამის შეჩერების ბერკეტი არ ჩანს, - აღნიშნული შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ლევან ნატროშვილმა გააკეთა.

ნატროშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში გაცილებით მეტი ნეგატივია, რაც მისივე თქმით, სრულიად ახსნადია.

„არაერთია წელია, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან რეპრესიული ნაბიჯები იდგმება. ამას საპასუხოდ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების და პოლიტიკოსების მხრიდან ობიექტური შეფასებები მოჰყვება ხოლმე. შემდეგ არის „ქართული ოცნების“ სრულიად არაადეკვატური რეაქცია, რომ თითქოს მათ ევროპელი ბიუროკრატები ერჩიან.

ევროკომისიის ანგარიშში ახალი ისაა, რომ როგორც წესი, ევროკომისიის ანგარიში არის უფრო დაბალანსებული და ნაკლებად კრიტიკული. ამჯერად ყველა მიმართულებით პირდაპირი კრიტიკა იყო. აქამდე ასეთი ნეგატიური ანგარიში საქართველოს შესახებ არ გამოცემულა. კრიტიკული იყო წინა ანგარიში, მაგრამ ამ ანგარიშში გაცილებით მეტი ნეგატივია, რაც სრულიად ახსნადია, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ფორმალურადღა შემორჩა და მისგან სახელიღა არის დარჩენილი.

საქართველოს დე-ფაქტო თუ დე-იურე ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს უარს, რომ ევროკავშირის მიმართულებით წავიდეს. საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევას უნდა სწევდეს, მაგრამ ამას არ ასრულებს და პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას. სამწუხაროდ, ამის შესაჩერებელი ბერკეტი არ ჩანს“, - განაცხადა ნატროშვილმა.

როგორც ნატროშვილმა აღნიშნა, არც ერთი მოთხოვნა, რაც საპროტესტო მოძრაობას გააჩნია, შესრულებული არ არის, ამიტომ მისი თქმით, მოქალაქეთა უკომპრომისო ბრძოლა ლოგიკურია.

ნატროშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონები საპროტესტო აქციის წინააღმდეგობაზე გავლენას ახდენს, თუმცა არა იმ დოზით, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ სურს.

მისი შეფასებით, ადამიანები „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო იმ დონეზე არიან გამწარებული, რომ წამსვლელი არიან იმაზეც, რომ პოლიციას თავი დააჭერინონ.

„ჩვენ თუ შევხედავთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გარეთ ყოველ დღე გადის და რეპრესიების მსხვერპლი ხდება. ბუნებრივია, როცა ადამიანი ხედავს, რომ მის მოქმედებას ის შედეგი არ მოჰყვება, რისი მოლოდინიც ჰქონდა, შეიძლება დემოტივირებული გახდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტი გაქრა. პროტესტი, უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ნაბიჯების მიმართ არსებობს და ერთ დღეში არ ქრება.

კრიზისია იმ მხრივ, თუ როგორ შეიძლება საპროტესტო მუხტი შედეგში გადაიზარდოს. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო უკმაყოფილოა და სხვადასხვა გზებით ცდილობენ, რომ ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ ხმა მიაწვდინონ, მეორეს მხრივ - არსებული დემოკრატიული უკუსვლა შეაჩერონ. ქუჩაში გასვლა და გზის გადაკეტვა პროცესის ერთი ნაწილია. მცირეა ალბათობა იმისა, რომ შედეგი იქნება და ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით უკეთესობისკენ წავა.

თუ ფორმალურად შევხედავთ, შეიძლება ქუჩაში ქუჩის გადასაკეტად საკმარისი ადამიანების რაოდენობა არ არის და ამიტომ არ უნდა გადაიკეტოს, მაგრამ ადამიანები „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო იმ დონეზე არიან გამწარებული, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, რათა მათი პროტესტი დაფიქსირდეს.

„ქართული ოცნების“ ნაბიჯები არის ძალიან აგრესიული, რეპრესიული და ეს საზოგადოების ნაწილში პროტესტს იწვევს. ზოგი ამას ღიად - სიმბოლური აქტების დონეზე გამოხატავს, ზოგი - გულში იკლავს და თავისთვის გეგმავს თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ზოგი დროს ელოდება უკმაყოფილების გამოსახატავად. რუსთველის გამზირზე არის ყველაზე აქტიური წინააღმდეგობა და ადამიანები წამსვლელი არიან იმაზეც კი, რომ პოლიციას თავი დააჭერინონ“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში