პროკურორი - ექსპერტიზის დასკვნით, ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და არ აღენიშნება ჭრის კვალი

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა.

თამარ ბეჟუაშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

„სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. კონკრეტულად ღობესთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტი ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში და სასამართლოს წინაშე მათ შორის დაცვის მხარესაც ექნება საშუალება, დაუსვას შეკითხვები კვლევასთან დაკავშირებით.

მთელს სისხლის სამართლის საქმეზე 38 ტომზე მეტი გახლავთ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოჩანაწერებს, მათში არაერთი რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან დაფიქსირებული, ნათლად აღბეჭდილი, ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს“, - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა გამოძიება პრემიერის ჩვენებით, რადგან მან განაცხადა, რომ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, პროკურორმა განაცხადა: „ბატონი პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა“.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება