შალვა პაპუაშვილი - „ლელოს“ მხრიდან ტერორისტულ დანაშაულში მხილებული პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას

პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას - როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით „ლელო- ძლიერი საქართველოს“ პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „ლელო- ძლიერი საქართველოს მხრიდან“ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი, არამედ წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.

„უკვე ათი დღეა, რაც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული. მან თავად აღიარა დანაშაული და დაადასტურა მისი პოლიტიკური მოტივი. ასეთ ვითარებაში ტერორისტისგან გამიჯვნა არც მოწოდებას უნდა საჭიროებდეს და არც დამატებით ახსნას.

ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო განზომილების მქონე უმძიმესი დანაშაული, არ ექვემდებარება პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობას ან იდეოლოგიურ გამართლებას.

ამ ფონზე, პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი - ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ლელო“ არის „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.

ამ კონტექსტში, პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ, როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.

ევროკავშირის დირექტივა EU 2017/541 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კრძალავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით, ტერორიზმის წახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.

დასკვნა მარტივია: ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე