ვახტანგ ძაბირაძე - “2026 წელი ძალიან რთული და გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც”
სკანდალის გაგრძელება - სანამ “ოცნება” სარჩელს ამზადების “ბი-ბი-სიმ” თავისი სკანდალური ფილმის რუსული ვერსიაც გამოაქვეყნა
ვინ შეაჩერა აგვისტოს ომში თბილისზე რუსეთის გამოლაშქრება
გახარიას პარტია “სეირის მაყურებელ” ექსპრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს
მართვის მოწმობის მსგავსი ამნისტია მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა! - ექსპერტი ირაკლი იზორია
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - “2026 წელი ძალიან რთული და გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც”
“ქართული ოცნება” რამდენიმე ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ხელისუფლების წარმომადგენლები მშვენივრად ხედავენ მათ წინაშე არსებულ არაერთ დილემას. დარწმუნებული ვარ, აქვთ შიდა გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც აჩვენებს, მათი რეიტინგი რა ძალიან არის დაცემული. ამასთანავე, მათ ისე გააფუჭეს საგარეო ურთიერთობები, რომ, ფაქტობრივად, ერთი წელიწადია “ოცნება” ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულია. ბუნებრივია, ფიქრობენ, ერთი მხრივ, როგორ დააღწიონ თავი იზოლაციას და, მეორე მხრივ, როგორ მოახერხონ და როგორმე გააძლიერონ საზოგადოების ნდობა. ამას დაერთო ისიც, რომ ხელისუფლების სათავეში ივანიშვილმა მოიყვანა და სრული კარტ-ბლანში მისცა კობახიძის გუნდს, რომელსაც თავისი ამბიციები აქვს და პარტიაში კონკურენტების ჩამოშორებას ცდილობს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “2026 წელი ძალიან რთული და გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც”.
“მოკლედ, იმისთვის, რომ მხარდაჭერა გაეზარდათ ან შეენარჩუნებინათ მაინც, გადაწყვიტეს კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადება, რასაც, როგორც წესი, საზოგადოება პოზიტიურად ხვდება ხოლმე; გარდა ამისა, ბოლო დროს თუ დააკვირდით, სულ რაღაც კრიმინალურ საქმეებსაც ხსნიან, ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ კორუფციასთან ერთად კრიმინალსაც ებრძვიან; უკვე სოციალური თემატიკის ხარჯზეც გადაწყვიტეს ქულების დაწერა. ვგულისხმობ კობახიძის გალაშქრებას სურსათის ფასების წინააღმდეგ. მოკლედ, ეს სამი თემა აიღო “ოცნებამ~ თავის შეიარაღებაში, ძირითადად პროპაგანდისტული თვალსაზრისით და დაიწყო მოქმედება. ამას მოჰყვა არა მხოლოდ თანამდებობის პირების გათავისუფლება, არამედ ამ ახალმა ჯგუფმა საკუთარი მიზნებისთვის დაიწყო პოლიტიკური ველის მოსუფთავებაც. კორუფცია იმით არის ხელსაყრელი პოლიტიკურ კონკურენტებთან საბრძოლველად, რომ ახერხებ მათ არა მხოლოდ ჩამოშორებას პოლიტიკიდან, არამედ უზრუნველყოფ, რომ მათ აღარასდროს გაუჩნდეთ ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია. აი, ეს მიზეზებია, რატომა მიადგნენ ლილუაშვილს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“მაღალჩინოსნების დაპატიმრება არ არის ახალი ამბავი ავტორიტარული რეჟიმებისთვის. კობახიძე ხომ არ არის რეალურად ავტორიტარი ქვეყანაში? ეს არის ივანიშვილი, რომელიც მუდმივად ცვლის გუნდს, რათა ვინმეს არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის ამბიცია. ლილუაშვილი, ალბათ, ნამდვილად იყო ჩართული პოლიტიკურ სქემებში, მაგრამ ამას წლების განმავლობაში იტანდა ივანიშვილი, თუმცა ახლა დასჭირდა და დააპატიმრა. რეალურად რომ იყოს კორუფციასთან ბრძოლა, მივესალმებოდით, მაგრამ ეს არის მხოლოდ მეთოდი იმისთვის, რომ ერთი: მოიპოვონ საზოგადოების ნდობა და მეორე - მოასუფთაონ პოლიტიკური სივრცე. გარკვეული დროის შემდეგ, ასე მგონია, ეს ახალი გუნდიც იმავე გზას დაადგება, რომელსაც ძველი გუნდი. საქმე ის არის, მმართველობის ასეთ დახურულ სისტემაში, როგორც წესი, კორუფცია გარდაუვალია, ისევე როგორც რეპრესიები. სხვანაირად ამგვარი სისტემები ვერ არსებობენ, სხვა საყრდენი მათ აღარ აქვთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ლილუაშვილის საქმეში ახალი გარემოებებიც გაჩნდა - მას ედავებიან ქოლცენტრების მფარველობას, მათ შორის იმ ნაწილისაც, რომლის შემოსავლითაც, სუს-ის მტკიცებით, თურმე ოპოზიციური მედიასაშუალებები სარგებლობდნენ. “ოცნება~ ამ მიმართულებას რა გაგრძელებას მისცემს, ამას, ალბათ, უკვე მომავალ წელიწადს ვნახავთ. კიდევ ერთი ასპექტი ლილუაშვილის ბრალდებებიდან არის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული კორუფციული სქემა. მოგეხსენებათ, ის ერთხანს თბილისის მერიაშიც მუშაობდა. პროკურატურის მტკიცებით, ის მფარველობდა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც ქრთამად განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა. ეს არის, ფეხბურთის ენით რომ ვთქვათ, კახა კალაძისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი. თუ დასჭირდება, გზა გახსნილია, საქმე დალაგებულია და ლილუაშვილ-გვანცელაძიდან კალაძეზე გასვლა პრობლემა აღარ იქნება. მართალია, კობახიძე აცხადებს, ამ საქმესთან კალაძეს შეხება არ ჰქონიაო, მაგრამ ეგ გახარიაზეც ამბობდა, ბევრი ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო...” - ამბობს ექსპერტი.
“რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებას, მართლაც მთელ მსოფლიოში უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გარდა იმისა, რომ ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ ადამიანებს, ტელეფონზე ლაპარაკისთვისაც იჭერენ. პირადად მე, რაც კი მოვისმინე სუს-ისგან თუ პროკურატურისგან, სარწმუნო ვერაფერი დავინახე. თუ მართალია, რაც ახალაიამ თქვა, რომ მისი მეუღლის დაკავებას მასზე ზეწოლისთვის იყენებდნენ და აიძულებდნენ, სხვა პირის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, გამოდის, სამართალდამცავებს გარდა ზეპირი განცხადებებისა, იმ დანარჩენების წინააღმდეგაც არა აქვთ სერიოზული სამხილები გადატრიალების მცდელობის დასამტკიცებლად. მოკლედ, მე გამიჭირდება, რამე შეფასება გავაკეთო ამ დაკავებაზე, თუ რეალურად არ მოვისმენთ ან ვნახავთ, ახალაიას წინააღმდეგ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას. რატომღაც მგონია, ასეთი მტკიცებულებები რომ არსებობდეს, პირველივე დღეს გამოფენდნენ, საქმეს კი არ გაასაიდუმლოებდნენ... არ არის გამორიცხული, 4 ოქტომბრის მოვლენებში ლილუაშვილის “კვალიც” გამოჩნდეს და ეს ძალიან დიდი სკანდალი იქნება”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე..
“ხელისუფლებას ახლა ძალიან სჭირდება მოსახლეობაში რაღაც იმედების შექმნა, თორემ ფასების მატება გუშინ არ დაწყებულა. ისიც მახსოვს, გაზრდილ ფასებზე ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც წუხდა, კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლაო... საბოლოო შედეგი ის არის, რომ დღეს კატასტროფული ფასები გვაქვს. რაც შეეხება ბიზნესის მოთვინიერებას, რაღაც არა მგონია, ქართული ბიზნესი მაინცდამაინც მოსათვინიერებელი იყოს და “ბურჟუაზიული რევოლუცია” გველოდებოდეს. სამწუხაროდ, ბიზნესი ისე იქცევა, როგორც ჩვენნაირ ქვეყნებში ტრადიციულად იქცევა ბიზნესი, ცდილობს ხელისუფლება არ გაანაწყენოს... ქვეყანაში ნამდვილად არის კარტელური გარიგებები, მაგრამ იბადება კითხვა: დღეს ქვეყანაში ბიზნესს აკეთებს თუ არა ისევ და ისევ ხელისუფლება? ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ბიზნესი არ კეთდება, ამიტომ საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან. შესაძლოა ვიღაცას მოუნდა რომელიღაც ქსელური მარკეტინგი ჩაიგდოს ხელში და ნაწილობრივ ამიტომაც წამოიწყეს ეს კამპანია. ძალაუფლების გამოყენებით ქონების გადანაწილება ხომ ჩვენთან უწყვეტი პროცესია”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“გასული წელი იყო უახლეს ისტორიაში ურთულესი წელიწადი. ერთადერთი, რაც შემიძლია დადებითად მივიჩნიო, არის ის უწყვეტი პროტესტი, რომელსაც მთელი წელიწადია ვადევნებთ თვალს და ჩანს, კვლავაც გაგრძელდება. ეს იძლევა იმედს, რომ ქვეყანაში გაგრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისა და დასავლური ორიენტაციისთვის. დადებითია ისიც, რომ ამ ბრძოლის ავანგარდში დგანან ახალგაზრდები. შეიძლება პროტესტი სხვა ფორმით და სხვაგვარად გაგრძელდეს, მაგრამ რადგან ამაში ახალგაზრდობა მონაწილეობს, ეს ნიშნავს, რომ მათ სწორად ესმით ყველაფერი და ამ ქვეყნის მომავალსაც სწორად ხედავენ... სამწუხაროდ, სულ უკან და უკან მივდივართ, თან არა საბჭოთა კავშირისკენ, არამედ რუსული იმპერიისკენ. ისევ დაიწყეს ლაპარაკი ნეიტრალიტეტზე, რაც აბსურდია. დიახ, როდესაც რუსეთის მეზობელი ხარ, ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი სისულელეა. ეს სახელმწიფო თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტებს ხევს და ნაგავში ყრის, რა ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ? რუსეთი პირობებს არ ასრულებდა არასდროს და არც შეასრულებს. ჩვენ იმიტომაც მივისწრაფვით დასავლეთისკენ, რომ ის არის ჩვენი უსაფრთხოების უდიდესი გარანტია, მაგრამ ხელისუფლებამ მოახერხა და დღეს ქვეყანა სრულიად დაუცველია, თან ურთულეს დროს, როდესაც მსოფლიოს ახლებური გადანაწილება მიმდინარეობს და როცა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის დასავლური მხარდაჭერა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“არ ახსოვს ჩვენს უახლეს ისტორიას პერიოდი, როდესაც დასავლეთის წინააღმდეგ ხელისუფლებას ასეთი მძაფრი შეტევა წამოეწყოს. მეტიც, ისინი ადანაშაულებენ დასავლეთს ყველაფერში. იგონებენ შეთქმულების თეორიებს და მასშტაბური პროპაგანდით ცდილობენ საზოგადოებას ეს დააჯერონ. სამწუხაროდ, დამშვიდების იმედი არც მომავალ წელს უნდა გვქონდეს. ალბათ, ეს სირთულეები უფრო გაძლიერდება და გაგრძელდება მომავალ 2026 წელსაც. ეს წელი ძალიან რთული და გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც. ქვეყანაში ყალიბდება ავტორიტარულ-რეპრესიული რეჟიმი და ეს კვლავაც უამრავ პრობლემას შექმნის. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც საზოგადოებრივ ძალას, რომელიც ხელისუფლებას გაუწევს იმგვარ ოპონირებას, რომ ეს უკუსვლა შეჩერდეს. დიდწილად ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით... თუმცა ახალ წელს ადამიანები ახალ იმედებს ვუკავშირებთ. ვულოცავ თქვენს რედაქციასა და მკითხველს დამდეგ დღესასწაულს, ვისურვებ, რომ ყველა ის პრობლემა, რომლებზეც ვისაუბრეთ, დავძლიოთ და უკან სვლის ნაცვლად, ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
სკანდალის გაგრძელება - სანამ “ოცნება” სარჩელს ამზადების “ბი-ბი-სიმ” თავისი სკანდალური ფილმის რუსული ვერსიაც გამოაქვეყნა
“საქართველოს ხელისუფლება “ბი-ბი-სის” საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სარჩელზე მუშაობას აგრძელებს. ამის პარალელურად კი ბრიტანულმა ტელეკომპანიამ ფილმი რუსულად თარგმნა და ინტერნეტში განათავსა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით “ბი-ბი-სის” მიდგომას აჩვენებს. ხოლო რატომ ჭიანურდება “ოცნების” მხრიდან სარჩელის მომზადება და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს, ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” “ბიბისის” წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებასაც გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სკანდალის გაგრძელება - სანამ “ოცნება” სარჩელს ამზადების “ბი-ბი-სიმ” თავისი სკანდალური ფილმის რუსული ვერსიაც გამოაქვეყნა.
“დასტურდება უკვე ამ გარემოებით და მათ შორის ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა “ბი-ბი-სი”. იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ ამ სარჩელს. რა თქმა უნდა, მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ, ბრიტანეთის იურიდიული დახმარების გამოყენებაც იქნება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანია. სამართლებრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით”, - განაცხადა პაპუაშვილმა. ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით, საგამოძიებო მასალის რუსულ ენაზე თარგმნა არაფერს ნიშნავს, ხოლო “ქართული ოცნების” სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საგამოძიებო ფილმში მხოლოდ ვარაუდები იყო გამოთქმული. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, “ბი-ბი-სის” მიერ მასალის რუსულ ენაზე თარგმნა აჩენს ეჭვს, რომ ამით საქართველოში საპროტესტო მუხტის გაძლიერებას ცდილობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“არ მგონია “ბი-ბი-სი” “ქართულ ოცნებას” რამეში ეჯიბრებოდეს. მას რუსული რედაქციაც აქვს და ამ ენაზეც ავრცელებს. მეეჭვება ეს “ოცნების” ამჟამინდელ ქმედებასთან იყოს დაკავშირებული. ხელისუფლებას საერთოდ რომ ხმა არ ამოეღო, რუსულად მაინც თარგმნიდნენ. “ოცნებამ” “ბი-ბი-სის” წინააღმდეგ გასაჩივრება იმიტომ გაწელა, რომ აბსოლუტურად გაუგებარია რისთვის უნდა უჩივლონ. იქ საუბარი რაზეც იყო, პრაქტიკულად ამათმაც დაადასტურეს - რომ წყალში გაზი იყო გარეული. ცრემლსადენი გაზი იყო თუ რამე სხვა, “ბი-ბი-სის” მტკიცებით ფორმაში არ უთქვამს, ვარაუდი გამოთქვა, რისი უფლებაც ჰქონდათ. რა იყო რეალურად გარეული, რთული სათქმელია, ალბათ დამოუკიდებელი გამოძიება გაარკვევს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ თავიდან “ქართული ოცნება” უარყოფდა და ამბობდა, საერთოდ არაფერი იყო გარეულიო. ვფიქრობ, რაკი “ბი-ბი-სიმ” მასალა რუსულ ენაზე თარგმნა, მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს ამ ინფორმაციას, ვინაიდან საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ინგლისურ ენას არ ფლობს... არ მესმის, რაზე უნდა უჩივლონ. თუკი ასე მოიქცევიან, ჩემი აზრით, წააგებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ვფიქრობ, რაკი “ბი-ბი-სიმ” მასალა რუსულ ენაზე თარგმნა, მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს ამ ინფორმაციას, ვინაიდან საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ინგლისურ ენას არ ფლობს. ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა გამოყენებული იქნას ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ასაგორებლად. არ მგონია “ქართული ოცნების” მხრიდან სარჩელის მომზადების გაჭიანურებასთან გვქონდეს საქმე. “ბი-ბი-სი” სერიოზული მედიაკორპორაციაა და ისეთი სარჩელის მომზადებას, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს, ხანგრძლივი დრო და შესაბამისი მომზადება სჭირდება. იქ კვალიფიციური იურისტები უნდა ჩაერთონ, რათა საქმის მოგების შანსი უფრო მეტი იყოს. ასეთი ტიპის საქმეზე და ამხელა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის უკანაც ბრიტანეთი დგას, სარჩელს ერთ-ორ დღეში ვერ მოამზადებენ. ამიტომაც არ მიკვირს, რომ სარჩელის მომზადებას გარკვეული დრო დასჭირდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ვინ შეაჩერა აგვისტოს ომში თბილისზე რუსეთის გამოლაშქრება
“აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდაა გადახლართული საბჭოთა იმპერიის კლანჭებიდან თავდახსნილი და დამოუკიდებლად ცხოვრების მსურველი იმ საქართველოსა თუ უკრაინისთვის, რომლებმაც “მფარველად”“ აშშ მიიჩნიეს.…შეიძლება პარალელის გავლება აგვისტოსა და უკრაინის ომებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არც საბრძოლო მოქმედებების მასშტაბით და მით უმეტეს, არც ხანგრძლივობით, ისინი ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან, მათ მაინც აერთიანებთ ერთი მთავარი - ორივე შემთხვევაში აგრესორად იქცა რუსეთი და ორივე შემთხვევაში აშშ და ევროპა მეტნაკლებად ჩართული იყვნენ პუტინის რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის შესაჩერებლად. აგვისტოს ომი რომ თავიდან აგვერიდებინა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არაერთი მძიმე შეცდომა დაუშვა, რამაც კრემლს აგრესიის საშუალება მისცა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ვინ შეაჩერა აგვისტოს ომში თბილისზე რუსეთის გამოლაშქრება.
“აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უმცროსის პოლიტიკური გუნდის ნაწილი აფრთხილებდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ არ წამოგებოდა რუსულ ხრიკებს და არ დაბრალებოდა სამხედრო ესკალაციის წამოწყება, რაზეც მეტყველებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის სასწრაფოდ ჩამოფრენა თბილისში, აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე და საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება. აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების ნაწილი ცდილობდა საქართველოსთვის თავიდან აეცილება რუსეთთან ომი, თუმცა იმის ეჭვიც არის, რომ აშშ-ის ხელისუფლების სხვა ნაწილში, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის გუნდში, საპირისპიროდ ფიქრობდნენ და აინტერესებდათ, გაბედავდა თუ არა პუტინი ტანკებით შემოჭრას საქართველოში და რამდენად გაღრმავდებოდა ჩეჩნეთის ომებზე უფრო დიდი მასშტაბის ეს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც უნდა გამოჩენილიყო რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგია და რუსული არმიის მოქმედების ტაქტიკა, რაშიც საქართველოს შესაძლებელია ““„საცდელი კურდღლის” როლი რგებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ ომამდე საქართველოში ძალიან ბევრს მიაჩნდა, რომ რუსული “ჟანგიანი” ტანკები თურმე პრობლემა არ იყო. თუკი პუტინის “ჩამოძენძილი” არმია გაბედავდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრას, მას კუდით ქვას ასროლინებდნენ - არწმუნებდა მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ზოგიერთი მაღალჩინოსანი ქართველი სამხედრო, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არმიასაც სწორედ ის “დაჟანგული” ტანკები ჰყავდა და თანაც იმავე რუსი სამხედროების დანატოვარი. გარდა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ თუკი პუტინის ტანკები მართლაც შემოიჭრებოდნენ საქართველოში, აშშ ავიამზიდებს გამოგზავნიდა შავ ზღვაში, “პეტრიოტებს” ჩამოგვიტანდა ქართული ცის დასაცავად, ხოლო “აბრამსებით” ამერიკელი ტანკისტები ბრძოლებში ჩაერთვებოდნენ. მოსახლეობაში ამ მოსაზრების განმტკიცებაზე შეგნებულად თუ უნებლიეთ მუშაობდა მაშინდელი ხელისუფლების პროპაგანდაც და უდიდეს გულისაცრუებად იქცა ის ფაქტი, რომ არათუ “პეტრიოტები”, უბრალო “სტინგერებიც” არ გამოუგზავნია პენტაგონს ქართული ცის რუსული ბომბდამშენებისგან დასაცავად” - განაგრძობს გამოცემა.
“რით შეეძლო აგვისტოს ომის დროს საქართველოს დახმარება აშშ-ს და რით არ დაგვეხმარა ან დაგვეხმარა? ის, რომ ამერიკელი ჯარისკაცი რუს ოკუპანტს ქართულ მიწაზე პირისპირ შეებრძოლებოდა, უდიდესი თავის მოტყუება იყო. ასეთი დიდი იმედის წინასწარ შექმნაში დამნაშავე ამერიკული მხარე ყველაზე ნაკლებადაა და მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომში ამერიკა ქართულ არმიას სერიოზული იარაღის მიწოდებით არ დახმარებია, სწორედ ამერიკამ შეძლო პუტინის ტანკების თბილისზე იერიშის დაწყების შეჩერება. კულუარული პოლიტიკური აქტიურობის შედეგად, სწორედ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის კატეგორიული პოზიცია გახდა გადამწყვეტი, რომ პუტინმა აღარ მოინდომა ან სულაც ვერ გაბედა თბილისზე იერიშის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაცია, რისი დავიწყებაც აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების წინაშე უმადურობა იქნებოდა”, - დასძენს გამოცემა.
“გასაგებია, როგორ მოიქცა ამერიკის პრეზიდენტი აგვისტოს ომის დროს, მაგრამ როგორ იქცევა იმავე ამერიკის პრეზიდენტი დღეს, უკრაინის ომთან დაკავშირებით? ჯერ კიდევ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკური სისუსტე გამოამჟღავნა და აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს “გადატვირთვის” დაწყება შესთავაზა, რამაც კრემლს ხელ-ფეხი გაუხსნა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციისთვის. ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას პუტინის რუსეთი კი დაესხა თავს უკრაინას, თუმცა უკრაინის დამცველების გმირობისა და ამერიკული და ევროპული სამხედრო დახმარების წყალობით, ვერ შეძლო ბლიცკრიგით უკრაინის დედაქალაქის აღება, რის შემდეგაც მრავალწლიანი ომის ჭაობში ჩაეფლო. და აი, 2025 წლის დამდეგიდან აშშ-ის სათავეში დაბრუნდა დონალდ ტრამპი და კარდინალურად შეიცვალა აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში - მისმა ადმინისტრაციამ შეაჩერა უანგარო სამხედრო დახმარება უკრაინისთვის”, - წერს სტატიის ავტორი.
“და აი, 2025 წლის დამდეგიდან აშშ-ის სათავეში დაბრუნდა დონალდ ტრამპი და კარდინალურად შეიცვალა აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში - ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა უანგარო სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ფასებით ყიდის ევროპელებზე იმ შეიარაღებას, რომელიც შემდეგ უკრაინის ფრონტზე ხვდება. პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაიძახოდა, რომ შეეძლო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ერთი სატელეფონო ზარითაც კი, თუმცა მისი მეორე პრეზიდენტობიდან პირველი წელიც მიიწურა, მაგრამ ამას დღემდე ვერ მიაღწია... და ვერც მიაღწევს, რადგან ამ მორიგი „ომის შეჩერება“ უკრაინის ინტერესების ხარჯზე სურს, რაც არასწორი მიდგომაა ნებისმიერი მომრიგებლისთვის”, - ამტკიცებს სტატიის ავტორი.
“პრეზიდენტ ტრამპის “თაფლაკვერისა და მათრახის” პრინციპით პოლიტიკური ქმედებები ისედაც უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას დამატებით უზარმაზარ პრობლემად დააწვა - ერთი მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები შეუჩერებლივ უტევენ ფრონტზე და მეორე მხრივ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკური ზეწოლაა ოფიციალურ კიევზე იმისთვის, რომ უკრაინა თითქმის კაპიტულაციაზე წავიდეს და რუსეთს უბრძოლველად დაუთმოს დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ტერიტორია. იმის გათვალისწინებით, თუ დღეს რას აკეთებს ტრამპი უკრაინის საზიანოდ, ნამდვილად არ არის გასაკრიტიკებელი, თუ რა გააკეთა მისმა წინამორბედმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა საქართველოსთვის 17 წლის წინ, როდესაც პოლიტიკური ნებით შეაჩერებინა პუტინს რუსული ტანკების დაძვრა თბილისისკენ”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.
გახარიას პარტია “სეირის მაყურებელ” ექსპრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს
“გიორგი გახარიას გუნდი ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისევ აკრიტიკებს და 4 ოქტომბრის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. მათი შეფასებით, ამ მოვლენებში ზურაბიშვილი “სეირის მაყურებლის” როლში იყო, ხოლო აქციის უშუალო ორგანიზატორებმა კი ქვეყანაშ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოახდინეს. პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა, რომ ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ქუთაისის მერის არჩევნებში სწორედ ექსპრემიერ გახარიას პარტიის სახელით მონაწილეობდა, ამბობს, რომ განცხადების ავტორს ეთანხმება, თუმცა ეს არ არის პარტიის პოზიცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარიას პარტია “სეირის მაყურებელ” ექსპრეზიდენტს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს.
“არ ვიცი, ბაჩო ახალაია იყო თუ არა ოთხი ოქტომბრის აქციის დამხობის ორგანიზატორი. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, უპირველესად „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები თუ ინდივიდები, პასუხი აგოს. უპირველესად, ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ასევე ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ე.წ. სეირის მაყურებლების როლში იყვნენ ოთხ ოქტომბერს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ოთხი ოქტომბრის დამხობის პროვოკაციასთან, ამ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან ამ ადამიანებმა საქართველოს დაუკარგეს მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების შეცვლის მომავალი. ოთხი ოქტომბრის ე.წ. პროვოკაციის შედეგად საქართველოში მოქმედი მშვიდობიანი პროტესტი დისკრედიტირებულია”, - განაცხადა კეკენაძემ, რომლის თქმით “ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავოთ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის იდეის გადასარჩენად”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არის ადამიანის პირადი მოსაზრება. ეს არ არის პარტიის არც რეზოლუცია, არც განცხადება. აქ ლაპარაკია პოლიტიკურ პასუხიმგებლობაზე, ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურად, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, რადგან ამან ბევრი რამ გააფუჭა საქართველოში და ვიცი, რომ “ოცნების” მმართველობა გააძლიერა. მეც ვეთანხმები კეკენაძეს. მე ერთი კითხვა მაქვს - რაღა მაინცდამაინც 4 ოქტომბერს დაამთხვიეს ეს უდღეური რევოლუცია? რადგან 4-ში ტარდებოდა კონსტიტუციით დადგენილი ადგილობრივი არჩევნები, ამ ხალხმა, ვინც ეს “რევოლუცია” დაგეგმა, მათ დაარტყეს ადგილობრივ არჩევნებს, რომ არ ჩატარებულიყო. სამწუხაროდ, ერთი მხრივ ბოიკოტმა და მეორე მხრივ წინაწარ გამოცხადებულმა “რევოლუციამ” მნიშვნელოვნად დააზიანა კონსტიტუციური წესრიგი საქართველოში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “რა დგას ამ განცხადების უკან და ემსახურება თუ არა არშემდგარ “რევოლუციაში” სალომე ზურაბიშვილის როლის გამოკვეთას?” - პასუხობს:
“რა თქმა უნდა, ზურაბიშვილმა მოუწოდა ხალხს, იქ იყო. მან, ფაქტობრივად, დასცინა კონსტიტუციურ მმართველობას, დასცინა ადგილობრივ არჩევნებს, არადა ოდესღაც პრეზიდენტი იყო. მან, პრაქტიკულად, თავისი მოწოდებებით დაამძიმა 4 ოქტომბრის კონტექსტი, რამაც კატასტროფულად გააძლიერა მმართველი ძალა. ამიტომ მასაც ალბათ უნდა მოეკითხოს პასუხი, თუ რისი მიღწევა უნდოდა 4 ოქტომბერს, როცა ხალხს მოუწოდებდა ქუჩაში გამოსვლისკენ - ეს ერთი და მეორე - როცა დასცინოდა და აბუჩად იგდებდა კონსტიტუციით დადგენილ ადგილობრივ არჩევნებს”.
“როგორც წესი, პოლიტიკურ პასუხიმგებლობაში იგულისხმება ის, რომ უნდა იქვას სიმართლე. ადამიანებმა უნდა ატარონ ეს ტვირთი, ვთქვათ, თუ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, საპარლამენტო იქნება თუ ადგილობრივი, მათ წინ დახვდეთ მათ მიერ აღიარებული პოზიცია, რომ დიახ, შეცდნენ, რომ 4 ოქტომბერს დანიშნეს “რევოლუცია”. ანუ პოლიტიკური პასუხიმგებლობაა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ პოლიტიკურად შეაფასონ ამ ადამიანების ნაბიჯები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი”, - განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.
მართვის მოწმობის მსგავსი ამნისტია მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა! - ექსპერტი ირაკლი იზორია
“ამნისტიას არ ვეთანხმები და ვფიქრობ, არ დაეთანხმება არც ერთი ექსპერტი, ვინც საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ჩახედულია. მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც მსგავსი ამნისტია განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია წინასწარ გათვალო, ერთი წლის შემდეგ რა სურათი გვექნება ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის თვალსაზრისით. ყველაზე მძიმე დარღვევაა, როცა ნასვამი ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი ჯდება საჭესთან. ამის გამო უამრავი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. რა თქმა უნდა, არსებობენ კეთილსინდისიერი მძღოლებიც და მათ გადაცდომა უნდა ეპატიოთ, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს ის 18 000 ადამიანი, ვისაც მართვის მოწმობა ნასვამობის გამო ჩამოართვეს. სწორედ ამიტომ არ უშვებენ სახელმწიფოები მსგავს პრეცედენტებს, რათა მძიმე სამართალდარღვევის რისკი აირიდონ თავიდან”, - აცხადებს საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი, ირაკლი იზორია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით წაახალისებს თუ არა დანაშაულს მართვის მოწმობის ამნისტია?!
“არსებობს წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც მოქალაქეს მართვის უფლება იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ის გაივლის შესაბამის ფსიქოლოგიურ კურსებს და სწავლებებს. წესით, ჩვენთანაც მსგავსი მიდგომა უნდა ამოქმედებულიყო. ვფიქრობ, ეს დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯია. მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ბედავს, რადგან თითოეული დაღუპული მოქალაქის სიცოცხლე იმ ქვეყნისა და კონკრეტულად იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენს ქალაქებში ისედაც გადატვირთულია მოძრაობა და უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევაა. ამის დამადასტურებელია 2025 წლის 9 თვის შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა. გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევები, როცა ნასვამი მძღოლი მართავდა საჭეს, შესაბამისად, გაზრდილია ფეხით მოსიარულეთა და ბავშვთა სიკვდილიანობა. თუ დავაკვირდებით ყოველწლიურ დინამიკას, არ ვართ დაზღვეული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები არ მოიმატებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი იზორია.
“რა თქმა უნდა, რაღაც დიფერენცირება უნდა მომხდარიყო. თუ მსგავსი რეფორმის გატარება აუცილებელია, მაშინ იმ მძღოლებისთვის უნდა დაებრუნებინათ მართვის უფლება, ვისაც შეზღუდვის ვადის გასვლამდე ერთი ან ორი თვე დარჩა. ანუ სანქციის ვადის 70-80% მაინც უნდა იყოს გასული. წახალისება იქნებოდა ისიც, რომ იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ინტენსიურად აღარ არღვევენ მოძრაობის წესებს, დაებრუნებინათ ჩამორთმეული ქულები... სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, ეს გადაწყვეტილება რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიკას. მე, როგორც ამ დარგის ექსპერტმა, ვიცი ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება, რადგან ამის საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, შიშით ვუყურებ ამ რეფორმას”, - განაგრძობს რესპონდენტი.“ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა და მომაკვდინებელი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბებაა. ამიტომ მკაცრი რეგულაციებია საჭირო... ზოგ რეგიონში საერთოდ არ გვყავს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, განსაკუთრებით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში და სახელმწიფო ვერ ახერხებს მაგალითად, ნასვამი მძღოლების გაკონტროლებას, რაც ასევე დიდი პრობლემაა. საფრთხის შემცველია ღვედის გარეშე მართვაც, რაც ზრდის სიკვდილიანობის რისკს პირველივე შეჯახებისას. აღსანიშნავია ტელეფონზე საუბარი და ა.შ. ასევე ძალიან საყურადღებოა ურბანული მოწყობის საკითხები: ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გზები უნდა გაიმართოს ისე, რომ მძღოლის შეცდომის შემთხვევაშიც კი ეს მისთვის და სხვა მგზავრებისთვის საბედისწერო არ გახდეს! ანუ გზა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ ადამიანს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეს. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“საქართველოში საერთაშორისო გზები ეწყობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი თანხებით და ისე არ ბარდება, თუ უსაფრთხოების ინსპექტირებას არ გაივლის. სამაგიეროდ, დიდი პრობლემები გვაქვს რეგიონებში, სადაც გზების მოწყობა სტანდარტულად ხდება და არა თანამედროვე გაიდლაინებისა და ურბანული დიზაინის გათვალისწინებით. საქართველოში არ გვყავს ტრანსპორტის სპეციალისტები. არ გვყავს იმდენი ინჟინერი, რომ რეგიონებში მივავლინოთ. ტრანსპორტის კუთხით ქვეყანაში კადრების დიდი დეფიციტია. ამიტომ აუცილებელია არსებული კადრების გადამზადება თანამედროვე ტიპის ტრენინგებით”, - დასძენს ირალი იზორია და შეკითხვებზე - “რა საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის? რა გზას უნდა მიმართოს სახელმწიფომ, რომ შეამციროს მძიმე შემთხვევების რისკი?” - პასუხობს:
“ამისთვის უმთავრესია:
1. ქულათა სისტემის მიბმა სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე - საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები წლებია ვამბობთ, რომ მარტო სანქციების გამკაცრება სიჩქარის გადაჭარბების ნაწილში ვერ იქნება გრძელვადიანი ეფექტის მომცემი, ამიტომ შესაბამისი კვლევა მოვამზადეთ და სახელმწიფოს შევთავაზეთ, მომხდარიყო ქულათა სისტემის მიბმა ვიდეოჯარიმებზე. რამდენიმე წლის წინ შემოტანილ ქულათა სისტემას ჩვენც დავუჭირეთ მხარი, რადგან ამის აუცილებლობას ვხედავდით, თუმცა, ამ სისტემამ ეფექტიანად მაინც ვერ იმუშავა, რადგან ყველაზე მთავარი დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ქულებზე არ აისახება.
2. სიჩქარის ლიმიტების გადახედვა - ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და არც ერთ ურბანულ დასახლებაში არ არის დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. ევროპაში დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-ია. მეტიც, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ლონდონი, ბარსელონა და ა.შ., სადაც გზებზე ხშირია ქვეითების გადაადგილება, გადადიან 30 კმ/სთ-იან ზონებზე.
3. ტოლერანტობის შემცირება და სწორი ურბანული დაგეგმარება - ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით დაწესებულია 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობა. მაშინ, როცა მაქსიმალური ტოლერანტობა ყველგან 10 კმ/სთ-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გათვლებით, სიჩქარის 1 კმ/სთ-ით მომატებაც კი 4-ჯერ ზრდის სიკვდილის რისკს! და თუ ჩვენ 10-15 კმ/სთ-ით გავზრდით სიჩქარეს, სიკვდილის რისკიც 95%-მდე მოიმატებს! ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტოლერანტობის გათვალისწინებით, მძღოლები სკოლებთან რეალურად 45 კმ/სთ-ით მოძრაობენ, რაც დაუშვებელია... ჯანმოს კვლევებით დადენილია, რომ თუ 30 კმ/სთ-ით მოძრავი მძღოლი ბავშვს დაეჯახება, მისი გადარჩენის შანსი 80%-ია. ხოლო თუ 35-40 კმ/სთ-ით მოძრაობს, გადარჩენის შანსი იკლებს და სიკვდილის საშიშროება 80-90%-ით იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტისთვის შეიქმნას სახელმძღვანელოები ერთიან ეროვნულ დონეზე, ე.წ. გაიდლაინები, რომლებშიც მოცემული იქნება, თუ რა ლიმიტის ფარგლებში უნდა ისარგებლონ მძღოლებმა ურბანულ ზონებში და როგორ დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები. საჭიროა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანდებიან როგორც მუნიციპალიტეტების, ისე საპატრულო პოლიციისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. სასურველია, ასეთმა ჯგუფებმა ყოველ 3 თვეში განიხილონ მათ ტერიტორიაზე აღრიცხული ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები და იმუშაონ პრობლემების აღმოფხვრაზე.
4. სასკოლო ზონების დანერგვა - 10 წელია, აქტიურად ვართ ჩართული სასკოლო ზონების დანერგვაში. საქართველოს დიდ ქალაქებში კეთდება საპილოტე პროგრამებიც, თუმცა, ჯერ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სასკოლო ზონებში მაქსიმალური სიჩქარე საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს 30 კმ/სთ-ით... ხოლო თუ სასკოლო ზონა საცხოვრებელ ზონაშია მოქცეული, მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ-ს უნდა შეადგენდეს.
5. სანქციების გამკაცრება ნასვამობაზე - საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ნასვამობაზე დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, ანუ სისხლში ალკოჰოლის 0,3-0,7-მდე პრომილეზე ერთწლიანი სანქცია განისაზღვროს, ხოლო 0,7-დან კიდევ უფრო მაღალი იყოს ჯარიმა, რადგან როცა მძღოლი სისხლში ალკოჰოლის 0,5 პრომილეს შემცველობით გადაადგილდება, ის რისკებს, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებს.
6. ზუსტი სტატისტიკის წარმოება - აუცილებელია ზუსტი სტატისტიკის წარმოება. უნდა დადგინდეს ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ასევე საჭიროა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა აღრიცხვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნას ერთიანი რეესტრი, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია.
7. საგზაო უსაფრთხოების კანონის გადახედვა - უამრავი რეგულაცია არსებობს, რომელიც გადასახედია. ჩვენ გვაქვს ხარვეზები უსაფრთხოების ღვედების მოხმარებასთან დაკავშირებით. უკანა ღვედები საქართველოში სავალდებულო არ არის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია. ბავშვთა უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, გასააქტიურებელია ბავშვთა სავარძლების შესახებ კანონპროექტიც, რომელიც პარლამენტში რატომღაც შეჩერდა. 8. აღსრულების გაზრდა - უნდა გაძლიერდეს აღსრულება არა მხოლოდ სანქციების კუთხით, არამედ ტექნიკურ დონეზეც. მაგ: გარდა სიჩქარის გადაჭარბებაზე კონტროლის გაძლიერებისა, საჭიროა დამონტაჟდეს მეტი სტაციონარული რადარი, რომლის მდებარეობის შესახებ მძღოლმა არ უნდა იცოდეს.
9. საგანმანათლებლო პროგრამები - საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად უნდა შემუშავდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები. ძალიან ბევრია სამუშაო ავტოსკოლებთანაც. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული, ლიცენზირებული ავტოსკოლები. შესაბამისად, არ ვიცით კვალიფიციური ინსტრუქტორები არიან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც მომავალ მძღოლებს ამზადებენ. სანამ მომავალი მძღოლები ძირფესვიანად არ შეისწავლიან საგზაო უსაფრთხოების წესებს, მანამდე პრობლემა არ მოგვარდება. საჭიროა ადამიანები მოვამზადოთ ფსიქოლოგიურადაც - ავუხსნათ, რა რისკები ახლავს ავტომობილის ტარებას. ამ მხრივ აუცილებელია ევროპული პრაქტიკის გადმოტანა.
10. სახელმწიფოს ჩართულობა უწყვეტ საინფორმაციო კამპანიაში - ქვეყნები იყენებენ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად იკვლევენ საგზაო უსაფრთხოების ძირითად პრობლემებს. ამის მიხედვით იგეგმება უწყვეტი საინფორმაციო კამპანიაც: სატელევიზიო გადაცემები, სარეკლამო რგოლები და ა.შ. ერთიან და უწყვეტ საინფორმაციო კამპანიას საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება”.