მოდი, გავერკვეთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ, იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას ვინ დააზიანა ღობე... ცრუ ჩვენებას ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებით, ვერც ევა შაშიაშვილისგან - არ გამოგივათ სხვებთანაც, ამიტომ ჩემი რჩევაა, ნუ წვალობთ, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. აღნიშნულით მან მოსამართლის კითხვას უპასუხა, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ.
"ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორებო გავერკვეთ ერთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ - იმას, თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას, ვინ დააზიანა ღობე.
ყველასთვის ნათელია, რომ მთელი ხმაური ემსახურება მხოლოდ ერთ ფაქტს - საქართველოს ისტორიაში პირველად სახალხო კრების, როგორც წარმატებული აქტის გადაფარვას და მის ძალადობად შერაცხვას.
4 ოქტომბერი ჩემ ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. ჩემ ცხოვრებაში მე ბევრი ძალიან კარგი და წარმატებული დღე მქონია, 4 ოქტომბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. მე ამით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ?
მე თქვენ ბრალს მდებთ 3 რამეში, ესენია: დამხობა, ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება. განვიხილოთ საკითხების მიხედვით და თუ შევჯერდებით, რომ მე ვარ მართალი, დღეს ყველა უნდა გაუშვათ სახლებში. 1. ძალადობისკენ მოწოდება მანახეთ ერთი ვიდეო მაინც, სადაც მოვუწოდებ ძალადობისკენ. თუ ვერ მანახებთ, ესე იგი, ეს მუხლი არის მოხსნილი. ვერ მანახებთ, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. 2. დამხობამე ყოველთვის ვამბობდი მშვიდობიან დამხობას, რომელიც შედგა. თქვენ რა გგონიათ? რა არის მშვიდობიანი დამხობა? აი, დამხობა ის არის, რაც ხდება ირანში და მშვიდობიანი დამხობა მოხდა 4-ში რუსთაველზე. 250 000-მა ადამიანმა ხმა მისცა იმას იბრუნებს ძალაუფლებას და ყველა ოდნავ თავმოყვარე მთავრობა უკვე გადამდგარი იქნებოდა.
როდესაც ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე იწონებს თავს ტელევიზიით, თითქოს მას მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, მოდით დავითვალოთ, რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა 4 ოქტომბერს მათ გადადგომას. მინიმუმ 250 000 ადამიანი, რომელსაც ჰყავს საშუალოდ ოჯახის 3 წევრი. უამრავმა ადამიანმა უფულობის გამო ვერ მოახერხა რაიონის ჩამოსვლა. აგრეთვე მილიონზე მეტმა ემიგრანტმა, რომელთა 92% დეკლარირებულად ხელისუფლების წინააღმდეგაა განწყობილი. 4 ოქტომბერს არჩევნები კი არ შედგა, შედგა მათი გადარჩევნები და დამხობა. დიახ, ჩვენ დავამხეთ. ტყუილად კი არ არის, რომ ლეგიტიმაცია არ აქვთ. ეს მუხლიც მოხსნილია. 3. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებარომელიმეს გჯერათ, რომ ასობით ათას ადამიანს ამ პატარა სასახლის აღება რომ ნდომებოდა, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით? ვინ დაგვიდგებოდა წინ ამის სურვილი რომ ყოფილიყო? ეს მუხლიც მოიხსნა.
იმაზე კი არ აკეთებენ აქცენტს თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე რომ იყო ხალხი, არამედ მათ სპეციალურად გადააქვთ ყურადღება იმ ღობეზე, რომელიც წინასწარ გადაჭრილი დაგვხვდა და ეს საკითხი რომ მნიშვნელოვანი გამხდარიყო, დააკავეს 60-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი. ეს ადამიანები, ისევე როგორც სინდისის ყველა პატიმარი დასაკავებელი კი არა, ხელის გულზეა სატარებელი. საქართველოს ასეთი შვილები რომ არ ჰყოლოდა, ეს ქვეყანა საერთოდ აღარ იარსებებდა.
თუ მაინც და მაინც ღობის ამბავი გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა დაიბაროთ „ოცნების“ პრემიერი, რომელმაც ტელევიზიით მისცა აღიარებითი ჩვენება და თქვა: „მათ იქ ჩვენ სიურპრიზი დავახვედრეთ“. დაიბარეთ ბატონო და კითხეთ, რას ნიშნავს ეს. ეს საკითხიც მოხსნილია. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ვარ 4 ოქტომბრის ისტორიული სახალხო კრების ინიციატორი, მე ვარ და სხვებს დაანებეთ თავი. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ მოიყვანოთ ცრუ მოწმეები, რომ მე ვითომ მათ ჩუმად, ფარულად უკანონობისკენ მოვუწოდებდი. ასეთ ცრუ ჩვენებას ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებით, ვერც ევა შაშიაშვილისგან. არ გამოგივათ სხვებთანაც, ამიტომ ჩემი რჩევაა, ნუ წვალობთ. ბოლოს, არის ასეთი გამოთქმა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მაგრამ გულით - ყველაფერს. მე მინდა გითხრათ, ჩახედეთ რუსთაველზე მდგარ მომიტინგეებს და ციხეში მსხდომ ადამიანებს თვალებში და დაინახავთ, რომ სამშობლოს სიყვარული შეუფასებელია, მას ვერც დიდი ფულით იყიდი. მე ვარ დამნაშავე, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა. თუ ეს დანაშაულია, 9 წელი...“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.