ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026

ნატო ცდილობს აქცენტის გრენლანდიიდან უკრაინაზე გადაიტანოს - “რუსეთს ხელ-ფეხი არ უნდა გაეხსნას”

ერთიანი ფრონტის ძიებაში - ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივა შიდა სკეპტიციზმისა და გარე კრიტიკის ფონზე

“ევროპელები ცდილობენ ახალი გაერთიანება შექმნან” - ევროკავშირმა მეტ დამოუკიდებლობაზე და ტრანსფორმაციაზე დაიწყო ლაპარაკი

* * *

ნატო ცდილობს აქცენტის გრენლანდიიდან უკრაინაზე გადაიტანოს - “რუსეთს ხელ-ფეხი არ უნდა გაეხსნას”

“ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და ზეგ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე საუბრისას განაცხადა. “რისკი აქ არის ის, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, გრენლანდიაზე ამახვილებთ ყურადღებას, რადგან უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაგრამ მთავარი საკითხი გრენლანდია არ არის. ახლა მთავარი საკითხი უკრაინაა”, - აღნიშნა რუტემ. მისი თქმით, შეშფოთებულია იმით, რომ სხვა საკითხებზე ფოკუსირებით, შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატო ცდილობს აქცენტის გრენლანდიიდან უკრაინაზე გადაიტანოს - “რუსეთს ხელ-ფეხი არ უნდა გაეხსნას”.

“რუტეს თქმით, რუსები, დიდი დანაკარგების მიუხედავად, შეტევას აგრძელებენ. “რუსული რაკეტები და დრონები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. ვიცით, რომ კიევში ახლა -20 გრადუსია. ვიცით, რომ უკრაინას საკუთარი ელექტროენერგიის მხოლოდ 60%-ზე ზრუნვა შეუძლია. დიახ, მართალია, რომ რუსები დეკემბერში დღეში 1 000 ადამიანს კარგავდნენ - არა მძიმედ დაჭრილების, არამედ დაღუპულების სახით. ეს დეკემბრის თვეში 30 000-ზე მეტია. 1980-იან წლებში, ავღანეთში, საბჭოთა კავშირმა 10 წელიწადში 20 000 ადამიანი დაკარგა. ახლა ისინი თვეში 30 000-ს კარგავენ. მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას”, - აღნიშნა რუტემ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას პარტნიორების გამუდმებული მხარდაჭერა სჭირდება. “თუ ვფიქრობთ, რომ იმ 90 მილიარდი ევროს გამო, რომლის შეკრებაც კომისიამ შეძლო, ან იმიტომ, რომ სამშვიდობო პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, შეგვიძლია დავივიწყოთ უკრაინის დაცვა - ეს ასე არ არის”, - მიიჩნევს რუტემ, რომლის თქმით, “მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და ზეგ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ გრენლანდიაში მიმდინარე დაძაბულობა რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნის და სწორედ ამას გულისხმობს მარკ რუტე. “ნატო გრენლანდიაში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და თავისთავად, პროცესებს აკვირდება. უბრალოდ, რეალობა ის არის, რომ თუ ამერიკამ გრენლანდიაზე სხვადასხვა გზით სცადა კონტროლის დამყარება, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს პრობლემა შეექმნება, ანუ ნატოს, ამერიკელ და ევროპის ურთიერთობებს შორის. ეს რუსეთს გაუადვილებს, რომ თავისი აგრესიული ქმედებები განახორციელოს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, მარკ რუტე გულისხმობს იმას, რომ ევროპელი მოკავშირეები და მათ შორის ნატო, ერთად უნდა დაირაზმონ და უკრაინას მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ასე რომ, თუ გრენლანდიაში დაძაბულობა გაიზარდა, რუსეთს ხელ-ფეხი არ უნდა გაეხსნას, დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრით, “დღეს ევროპის ბედი სწორედ უკრაინაში წყდება, შეიძლება ითქვას მსოფლიოსიც კი”, - დასძენს გამოცემა.

ერთიანი ფრონტის ძიებაში - ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივა შიდა სკეპტიციზმისა და გარე კრიტიკის ფონზე

“ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების იდეა კვლავ განხილვის საგანია, თუმცა თავად ოპოზიციის შიგნით სკეპტიციზმი არ იკლებს ნაწილი ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი ასეთ ფორმატს პოლიტიკურად არაეფექტურად მიიჩნევს. ოპონენტები კი უკვე აანონსებენ, რომ მორიგი გაერთიანების მცდელობა, ისევ ფიასკოთი დასრულდება. შეგახსენებთ, ინიციატივა გაერთიანების შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურა “გირჩი” ჯაფარიძეს ეკუთვნის. თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიციონერების ნაწილი ახალ გაერთიანებაზე დიდ იმედს არ ამყარებენ. ამბობენ, რომ კონსულტანციები მიმდინარეობს, თუმცა სტრატეგიული ხედვა ჯერ ჩამოყალიბებული არა. ოპოზიციონერების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიციონერების დღის წესრიგში მხოლოდ “გახლეჩაა”. “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მთავარი გამოწვევა ერთიანი და შეთანხმებული სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ერთიანი ფრონტის ძიებაში - ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივა შიდა სკეპტიციზმისა და გარე კრიტიკის ფონზე.

“ჩვენ გარკვეულ საუბრებში ვართ. მთავარია ერთიანი შეჯერებული სტრატეგიული ხედვა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს თანმიმდევრული გზის დანახვა. მე მინდა, რომ იყოს კარგი კოორდინირება. კიდევ უფრო კარგი, ვიდრე არსებობს. რა გზაც არ უნდა გვქონდეს მიზანი გვაქვს ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს იმის რწმენა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება იქნება საიმედო ხელში, როდესაც “ქართული ოცნება” აღარ იქნება ხელისუფლებაში. სიძლიერე მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მობილიზება მნიშვნელოვანია, მაგრამ სიძლიერე არ ნიშნავს ერთი სუბიექტის არსებობას. თუ წინასწარ არ იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანი ხედვა, პირველივე მოსახვევში ფეთქდება ერთობა. ჩემთვის ასეთი ერთობა არ არის საინტერესო. ერთი კითხვა ისმის: აუცილებელია ერთი დიდი კალათა არსებობდეს იმისთვის, რომ ძალას ასხივებდე და რეჟიმი დაამარცხო? პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ჩემთვის არ არის პოლიტიკური იდეა. ვნახეთ რვიანი, ოთხეული, რამდენი რაღაც გვინახავს, ეს არ მაინტერესებს, მაინტერესებს პოლიტიკის შინაარსი - არის თუ არა ტაქტიკაზე და შინაარსზე ერთიანი ხედვა”, - განაცხადა გეგელიამ. გაერთიანების ინიციატივას სკეპტიკურად ხვდება “გახარია-საქართველოსთვის” გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მუდმივად არის ანონსი: “ხვალ გეტყვით, როგორ შევქმნით პოლიტიკურ ალტერნატივას”. “ოცნება” არის პოლარიზაციის შემოქმედი. როდესაც ერთობაზე საუბარი, ერთობა იდეის გარშემო, რასაკვირველია, მისასალმებელია, მაგრამ როცა საუბარია პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასა და ერთ ქვებში მოხარშვაზე, ვინ დაადგინა, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული და ეფექტური მეთოდი “ოცნების” წინააღმდეგ საბრძოლველად? ვინ დაადგინა, რომ ეს ერთობა ყველაზე უფრო სწორი გზაა?! თავად ივანიშვილი და “ოცნება” არ არის ორპოლუსიანობის დამნერგავი? შუა უნდა გაიკრიფოსო - ეს ივანიშვილის ნათქვამი არ არის?! ივანიშვილი და “ოცნება” ყველაზე ეფექტურად მაშინ ინარჩუნებს ძალაუფლებას, როდესაც ერთ მხარეს არის “ოცნება” და მეორე მხარეს - მეორე პოლუსი. თვითონ “ოცნება” ხარჯავს დიდ რესურსს იმაში, რომ ოპოზიციის მხარეს ყველა ერთად იყოს. ეს საჩუქარი ჩვენ რატომ უნდა გავუკეთოთ?!” - განაცხადა შარაშიძემ. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავას თქმით, “ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ გვხვდება მოლოდინები, რომ რეჟიმის წარმომადგენლებს შორის გაიღვიძებს ადამიანურობა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ ზუსტად არ დავსვამთ დიაგნოზს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგში ახლა მხოლოდ გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმია და გაერთიანება ვერ შედგება. “არ ვიცი კიდევ ვის სჯერა, რომ “ნაცმოძრაობის” ფილიალები გაერთიანდებიან - ვხედავთ რა ხდება ევროკავშირში, ნატოში და ამერიკა - ევროპის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან, როცა აქამდე ვერაფერი ვერ გააკეთეს. არ გამოვა ეს გაერთიანება, რადგან მათ ეროვნული ამოცანა არ აქვთ. როცა არ გაქვს ეროვნული ამოცანა და ხელისუფლებაში მოსვლის გარდა სხვა მიზანი არ გაგაჩნია, ვერაფერში ვერ გაერთიანდები. ამიტომაც არის, რომ მათი ამომრჩევლებიც არ უჭერენ მხარს. გაყოფა, გახლეჩა, რადიკალიზმი, სიბნელე, ცუდი მომავალი - ყველაფერი ეს მათ დღის წესრიგშია და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ირგვლივ გაერთიანება ვერ შედგება”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა, რომლის თქმით, “მიესალმება, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგეს სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა და ეს ძალიან კარგია”, - დასძენს გამოცემა.

“ევროპელები ცდილობენ ახალი გაერთიანება შექმნან” - ევროკავშირმა მეტ დამოუკიდებლობაზე და ტრანსფორმაციაზე დაიწყო ლაპარაკი

“ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, “სულ უფრო მეტად უკანონობით მოცულ მსოფლიოში ევროპას საკუთარი ძალაუფლების ბერკეტები სჭირდება”. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, “ახლა მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს”, რომ ევროპამ კონცენტრირება უკრაინაზე მოახდინოს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მუშაობ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ევროპელები ცდილობენ ახალი გაერთიანება შექმნან” - ევროკავშირმა მეტ დამოუკიდებლობაზე და ტრანსფორმაციაზე დაიწყო ლაპარაკი.

“ევროპა დიალოგსა და გამოსავლის მოძებნას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ერთად და სასწრაფოდ ვიმოქმედოთ. ჩვენ ისინი ვიცით: ძლიერი ეკონომიკა, წარმატებული ერთიანი ბაზარი და სამრეწველო ბაზა, ძლიერი ინოვაციური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ერთიანი საზოგადოება და პირველ რიგში, საკუთარი თავის დაცვის ნამდვილი შესაძლებლობა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ევროკავშირი ცდილობს ახალი გაერთიანების შექმნას. მისი თქმით, ამაზე მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც ტრამპმა ევროკავშირთან სიტუაცია გაართულა. აქ ბევრი საკითხია, მათ შორის გრენლანდიის თემა, რომელიც ფაქტობრივად, სამხედრო უსაფრთხოების თემაში გადადის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტრამპის ქცევა რამდენად მართებულია, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ, საერთოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სოლიდარობა. როგორც ჩანს, ევროპისა და ამერიკის დაპირისპირება გრენლანდიის თემასთან მიმართებაში, ახალ საკითხს აყენებს, რომ შეიქმნას სამხედრო ტიპის გაერთიანება ევროგაერთიანების ეგიდით. მართალია, ასეთ გაერთიანებას ფორმალური მისია ჰქონდა და ეს იყო დასავლეთ ევროპის კავშირი, მაგრამ სამხედრო პოლიტიკური ბლოკიც იყო. შემდეგ ეს გაუქმდა. სხვათაშორის, აქ 8 სახელმწიფო იყო გაერთიანებული, რომელსაც თავდაცვითი ბლოკი ჰქონდა. ნატოს მერე მეორე ეშელონი იყო საბჭოთა საფრთხის მოგერიების შემთხვევაში. როგორც ჩანს ევროპელები ცდილობენ ახალი გაერთიანება შექმნან, აღადგინონ დასავლეთ ევროპული კავშირი. სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში