გრიგოლ გეგელია - ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ - ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე

ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ - ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია იმ ფაქტს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.

მისივე თქმით, ზომები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რეჟიმის წინააღმდეგ, სულ უფრო მკაცრდება.

„ეუთო-ს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ. განსაკუთრებული ზომაა, არაა ჩვეულებრივი ნაბიჯი.

ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები.

მაგალითისთვის, „მოსკოვის მექანიზმი“ აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იანების ბალკანეთში, შემზარავი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად.

შესაბამისად, დღეს საქართველო განიხილება იგივე მექანიზმით, რომელიც ევროპის უახლესი ისტორიის ზოგიერთი უმძიმესი საქმის შესასწავლად იქნა გამოყენებული.

ამას არ სჭირდება მთავრობის თანხმობა, მისია შედგება ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება „ქოცურ“ კრიმინალურ სინდიკატს.

ეს აჩვენებს, რომ ეს რეჟიმი ისევე არალეგიტიმურია, როგორც მთელი დროის განმავლობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ზომები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რეჟიმის წინააღმდეგ, სულ უფრო მკაცრდება. გასულ წელს ინიციირებული „ვენის მექანიზმის“ შესაძლებლობამ კრახი განიცადა, „ოცნების“ რეჟიმმა ვერ შეძლო საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა და ნაცვლად იმისა, რომ მათი შეშფოთება დამცხრალიყო, ის მხოლოდ გაიზარდა.

დელეგიტიმაცია/უნდობლობა - არ არსებობს საერთაშორისო საზოგადოების რწმენა შიდა გამოძიებისადმი.

ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. აღარ ვართ ევროპული გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი, არ ვართ მოწვეული არცერთ ახალ სამშვიდობო და ეკონომიკურ ფორმატში, არ ჩამოდის არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, არ შემოდის გრძელვადიანი მყარი ინვესტიცია“, - აღნიშნა გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.

ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში