მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ –  არაფერი გვაქვს დასამალი - თუ ვინმეს აინტერესებს, რას აკეთებს საქართველო, ჩამოვიდნენ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები - რამდენად ობიექტური იქნებიან, ეს მეორე საკითხია

ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ „არასამართლიან დამოკიდებულებასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე“.

„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წევრობა, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე უნდა მუშაობდეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი, როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი.

საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის და ძირითადად ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ჩვენ ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამოყენება ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ, დღეს ვხედავთ მცდელობებს ეუთოს გამოყენებისა. მე მქონდა ამაზე საუბარი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს მცდელობა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე მზად არის, ნებისმიერ დროს გაუზიაროს მოსაზრებები ეუთოს წარმომადგენლებს.

„ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. და თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები. რამდენად ობიექტური იქნებიან ის ექსპერტები, რომლებსაც შეარჩევენ და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს კიდევ მეორე საკითხია. მაგრამ ჩვენი მხრიდან მზად ვართ, თუკი ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება