საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რომ დაიწყოს, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, აღიაროს დანაშაული. [რომეო მიქაუტაძის მხრიდან] არცერთი ეს წინაპირობა არ არის. შესაბამისად, რა თქმა უნდა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე, ბრალდებულ რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დასრულდა აუდიტორების დაკითხვა, რომლებმაც შეადგინეს რევიზიის დასკვნა. პროკურორის თქმით, ამ დასკვნაში ცალსახად მითითებული აქვთ აუდიტორებს, რომ რომეო მიქაუტაძე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამდიდრდა.
„აუდიტორებმა შეადგინეს დასკვნა და ამ დასკვნაში მათ აქვთ შესწავლილი, რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის უკანონო შემოსავალი. დაადგინეს, რომ მისი ოჯახი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და დაახლოებით 8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა რომეო მიქაუტაძემ. მოგეხსენებათ, რომ რომეო მიქაუტაძეს სხვა მუხლებთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ზოგადად, როცა საჯარო მოხელე მაღალ თანამდებობას იკავებს მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კომპანიების საქმიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, რომეო მიქაუტაძე აქტიურად იღებდა მონაწილეობას კომპანიების საქმიანობაში და ლობირებდა მათ. ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებებით“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი პროცესი მოწმეთა გამოკითხვით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ერთი მოწმე ვერ გამოცხადდა, მეორე მოწმე კი უდაოდ ცნო დაცვის მხარემ, შესაბამისად ის არ დაკითხული.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით.
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.