ილიაუნის კანცლერი - 2025 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიიღო 5 ათასამდე სტუდენტი, ახლა კი 120 პროგრამიდან 28 პროგრამაზე დაგვიმტკიცდა 360 ადგილი, რაც გამოსაცხადებელი ადგილების 7%-ია - ეს ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი ციფრია

2025 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიიღო 5 ათასამდე ახალი სტუდენტი, მათ შორის ქართული ენის მომზადების მიმართულებით. არსებული გადაწყვეტილებით კი, ჩვენ დაგვიმტკიცდა მხოლოდ 360 ადგილი, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ქეთევან დარახველიძემ მედიას განუცხადა.

მისი განმარტებით, „ეს დაახლოებით 7%-ს შეადგენს, რაც წარმოუდგენელია“.

„2025-2026 წლისთვის უნივერსიტეტები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას თავისი ავტონომიურობის ფარგლებში, განესაზღვრათ კვოტები, მიღებები და მიმართულებები, რა მიმართულებითაც ისინი მიიღებდნენ სტუდენტებს. 2025 წელს ილიას უნივერსიტეტმა მიიღო 5 ათასამდე ახალი სტუდენტი, მათ შორის ქართული ენის მომზადების მიმართულებით. არსებული გადაწყვეტილებით კი, ჩვენ დაგვიმტკიცდა მხოლოდ 360 ადგილი. 360 ადგილი გამოსაცხადებელ ადგილებთან მიმართებით არის დაახლოებით 7%. მიმართულებებისა და ფაკულტეტების დაყოფა ძალიან რთული თემაა, თუმცა, რაოდენობებს რომ შევხედოთ, 120 პროგრამა გვაქვს სამივე საფეხურზე და კვოტები 360 ადგილი განისაზღვრა მხოლოდ 28 პროგრამის მიმართულებით. კონკრეტულ პროგრამებზე არის ძალიან მიზერული რაოდენობა, 5 სტუდენტი პროგრამაზე, რაც ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი ციფრია. ეს არანაირად არც ჯდება არც ფინანსური, არც ადმინისტრაციული, არც აკადემიური და კვლევის თვალსაზრისით რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებაში. 5-5 ადგილია გამოყოფილი სამაგისტრო საფეხურზე და ნაწილდება 28 პროგრამაზე. იმ პროგრამებზე, რომელიც ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტში იმ ფორმით არ გაგვაჩნია. ჩვენ დაგვიმტკიცეს პროგრამები, რომელიც არსებულ რეალობაში არ გვაქვს“, -განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება არ ეფუძნება რეალურ კრიტერიუმს, რის მიხედვითაც შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

„ზოგადად, „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის“ პრინციპი საერთოდ წარმოუდგენელი აბსურდია, რადგან ამ ანალოგიას თქვენ ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, როდესაც სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრძალავს რომელიმე მიმართულებით სწავლის ან კვლევის განხორციელებას“, - განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ქეთევან დარახველიძის თქმით, მათთვის დაფინანსების წესები და პირობები ამ ეტაპზე უცნობია.

„ჩვენ ეს დოკუმენტი არ ვიცით. ვიცით ის, რომ სწავლა იმ სტუდენტებისთვის ხდება უფასო, ვინც ამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვდება. არ გვაქვს სხვა ინფორმაცია და ეს დაფინანსებასთან დაკავშირებით გაუგებრობას იწვევს. ცხადია, იწვევს გაუგებრობას ფინანსურ მდგრადობასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა დარახველიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა არის მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და დაიწყოს შეხვედრები აკადემიურ საზოგადოებასთან. ამასთან, მან სამართლებრივი დავის დაწყებაც არ გამორიცხა.

„ყველა მექანიზმით ვაპირებთ ჩვენი პოზიციის და სიმართლის დაცვას. აქ იგულისხმება როგორც სამართლებრივი მექანიზმი, ასევე ინკლუზიური დიალოგი, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვითხოვთ“, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გუშინ გამოსცა.

დადგენილების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233 იქნება, საიდანაც 1013 თსუ-ისთვისაა განსაზღვრული, 660 სტუ-ის პროგრამებისთვის, ხოლო 60 ილია უნივერსიტეტისთვის.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში