ილიაუნის კურსდამთავრებულები - მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და კვოტების შემცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს გადაწყვეტილების აღსრულება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ. აღნიშნულის მიხედვით, ისინი უნივერსიტეტთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ.

„ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობა ჩამოაყალიბა და წარმატება განსაზღვრა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ. შედეგად, ილიას უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. გარდა ამ ტიპის მიღწევებისა, ილიაუნის ნაწილია ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არამარტო აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ მონაწილეობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში.

ილიას უნივერსიტეტმა აღზარდა პროფესიონალთა თაობები, რომელთა წარმატება არ არის შემთხვევითობა - ეს არის იმ ინტერდისციპლინური გარემოს შედეგი, რომლის გაუქმებასაც დღეს „რეფორმის“ სახელით ცდილობენ. ჩვენი პროფესიული წინსვლა სწორედ იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება“ „არაპროფილურად“ მიიჩნევს და სტუდენტების მიღებას უკრძალავს.

მიგვაჩნია, რომ: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას; ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს; ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე. ჩვენ, ილიაუნის კურსდამთავრებულები, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება; უზრუნველყოფილ იქნეს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლეს განათლებას; დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმოწერის ბმული

https://tinyurl.com/bdh88fkn

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო