გიორგი ვაშაძე - სასამართლო არის უსამართლობის მთავარი სიმბოლო ქვეყანაში და იმდენი უსამართლობა ხდება, რა გასაკვირია, რომ ჩვენ უსამართლობის ერთ-ერთი ეპიცენტრი ვართ

სამწუხაროდ სასამართლო არის უსამართლობის მთავარი სიმბოლო ქვეყანაში , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, უსამართლობა იყო სხდომის დახურვა, რადგან სხდომა „არაფრის გამო დაიხურა“.

„ისიც უსამართლოა, რომ სხდომა დაიხურა არაფრის გამო. იმედი მაქვს, რომ შემდეგი სხდომა მაინც გაიხსნება. ქვეყანაში იმდენი უსამართლობა ხდება პროფესორ მასწავლებლებთან დაკავშირებით, მანქანების ბიზნესთან დაკავშირებით, ბავშვებთან მიმართებაში, სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებთან მიმართებაში, დასაქმებულ თუ უმუშევარ ადამიანებთან მიმართებაში და რა გასაკვირია, რომ ჩვენ ამ უსამართლობის ერთ-ერთი ეპიცენტრი ვართ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება