თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდმაცავების განსაკუთრებული მობილიზებაა - სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი, კოკა მორგოშია დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც სამართალდმაცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.

რამდენიმე წუთში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.

პოლიციელები იმყოფებიან როგორც სასამართლოს გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე.

დღევანდელ პროცესზე კოკა მორგოშიამ უნდა მისცეს ჩვენება. ის მოკლული ბიზნესმენის მეგობარია და მას ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული.

როგორც პროცესის დაწყებამდე მორგოშიამ განაცხადა, მას ლევან ჯანგველაძისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის ოთარ-რომანოვ ფარცხალაძისგან საფრთხეს გრძნობდა. მისივე თქმით, „რომ არა ფორსმაჟორული სიტუაცია, რაც ჯანგველაძის მეგობრის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, ის შემდეგ ჩამოსვლაზე დაცვის აყვანას გეგმავდა”.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია