სამეზობლოში ომია - რა უნდა გააკეთოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფალმა იმისთვის, რომ ამ საფრთხეს დაუპირისპირდეს? პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის ერის კონსოლიდაცია, ხომ გვეუბნებიან, ომის საფრთხე არსებობსო? თუ ეს საფრთხე არსებობს, გაერთიანებულები უნდა დავხვდეთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, ვაშაძემ ისაუბრა „ოპოზიციის ალიანსსა“ და სამოქალაქო საზოგადოებას შორის გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ „ალიანსმა მოქმედება დაიწყო“.
„კარგი და პოზიტიური შეხვედრა გაიმართა. „ოპოზიციის ალიანსმა“ დაიწყო მოქმედება. ერთ რამეზე შევთანხმდით, ვებრძვით ბოროტების მანქანას - ბოროტებას სიკეთით დავამარცხებთ, კონსოლიდაციით, კონსოლიდირებული სიკეთით იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა თანამშრომლობის ხელი გავუწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს ქვეყანაში უსამართლობის და დაპირისპირების დასრულება, რასაც ხელოვნურად ქმნის ბოროტების ძალა „ოცნების“ სახით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება ალიანსსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შორის თანამშრომლობას, ვაშაძემ თქვა, რომ მასთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა, რა ფორმით ითანამშრომლებენ, ჯერ არ უსაუბრიათ.
„სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია მაქვს, ასევე ყველას. რა ჭრილში ვითანამშრომლებთ, ამაზე არ გვისაუბრია, ამის დროც დადგება და ძალები კიდევ უფრო გაერთიანდება. ალიანსის ჩამოყალიბება კარგი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენი მიზანი ერის გაერთიანებაა პოზიტიური განრიგისთვის, რომ ერთმანეთს კი არ ვუპირისპირდებოდეთ, არამედ ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს და ვთქვათ, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და თანაცხოვრება უნდა შევძლოთ. ასევე შევძლოთ ჩიხიდან გამოსვლა, სადაც მათ შეგვიყვანეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.