ეკა ლალიაშვილი - საქართველოში ხუთ წლამდე ავტომობილების რაოდენობა 3%-ია, მანქანების 50%-ზე მეტი 20 წელს გადაცილებულია - ავტოპარკის გაახალგაზრდავება მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი მიდგომაა საჭირო, ერთი კანონპროექტი სურათს ვერ შეცვლის

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მხოლოდ ერთი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანას შეზღუდავს, ქვეყანაში სურათს დიდად ვერ შეცვლის.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას აღნიშნა, „ამ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა, ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში“.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ავტოპარკი არის მოძველებული. დაახლოებით 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული ავტომობილი. ხუთ წლამდე ავტომობილების ოდენობა დაახლოებით 3%-ია ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ავტოპარკის გაახალგაზრდავება და გაახლება, თუმცა სწორი მომენტი და სწორი საკანონმდებლო პაკეტია შესამუშავებელი და გასააზრებელი. ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონპროექტი სურათს დიდად ვერ შეცვლის, მაგრამ ამ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში.

იმედია, რომ ეს კანონი ძალაში ცოტა სახეშეცვლილად შევა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შესაძლოა 6 - წლამდე ავტომობილები შემოვიდეს ქვეყანაში, თუმცა ბიზნესი, რომელიც ამას აკეთებს, გადაერთოს და ნაავარიები მანქანები შემოიყვანოს, რაც იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სავალალო შედეგის მომტანი. მანქანები, რომლებიც ვეღარ დააკმაყოფილებს ვერცერთ უსაფრთხოების ზომას, მაგალითად, საჰაერო ბალიშები შეიძლება არ ჰქონდეს ან ისეთი პარამეტრები ჰქონდეს დარღვეული, რომ ავტოავარიის დროს მაღალი მსხვერპლი გამოიწვიოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისურვებდი, რომ ამ ტიპის კანონები სანამ შევა ძალაში, იყოს ყველა მხრიდან გააზრებული“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ამასთან, მან გასული წლის საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაცემი 2%-ითაა გაზრდილი.

„გასული წლის სტატისტიკა გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. საგზაო შემთხვევები გაიზარდა 2%-ით, თუმცა საგულისხმო, რომ 6%-ით არის გაზრდილი ლეტალობა და 8%-ით დაზიანებულთა ოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საგზაო შემთხვევები იზრდება, თუმცა მეტად იზრდება დაზარალებულთა რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო შემთხვევა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. ყოველი მესამე დაღუპული არის ფეხით მოსიარულე. შარშან, 17 - წლამდე 27 მოზარდი დაიღუპა. რაც შეეხება მცირეწლოვან მგზავრებს, შარშან იყო 7 დაღუპული“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე