ლევან სანიკიძე - პიტერ ანდრეოლმა „ოცნებას“ საშუალება არ მისცა, დაეწყო ახალი პროპაგანდისტული ტალღა: „არიქა, ახლოსაა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა!“ - ამის გზავნილი არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში არ ყოფილა!

საქართველოში ყველაზე მძლავრი ინსტიტუტი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა - რუსეთი, რომელიც ლამის მინისტრების, მინისტრების მოადგილეების და პორტის ხელმძღვანელის დონეზეა დაინტერესებული, თუ ვინ დაინიშნება საქართველოში, იმით არ იქნება დაინტერესებული, რომ საქართველოში მის მიმართ ლოიალური პატრიარქი იყოს?! - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის აზრით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი.

აქვე სანიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ - არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, არანაირი ფორმით ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში არ უნდა ჩაერიოს და გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე წმინდა სინოდს უნდა მიენდოს.

“პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი. ჩემი ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ წმინდა სინოდის საქმეში და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არავინ არ უნდა ჩაერიოს. ამავე დროს, ეს “არავინ“ არ გულისხმობს მხოლოდ დემოკრატიულ ძალებს და საზოგადოების წარმომადგენლებს. პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლებას და იმ ცდუნებას ვგულისხმობ, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ. ეს თავიდან ბოლომდე წმინდა სინოდის საქმეა. ჩვენი მხრიდან ვერც ერთი სასულიერო პირის მიმართ პოზიტიურ ან ნეგატიურ კონტექსტში გაკეთებულ განცხადებას ვერ მოისმენთ, მაგრამ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები მოტივირებულები არიან და მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაში აშკარად ერევიან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

ახალი პატრიარქის მთავარი გამოწვევა ილია მეორის მიერ დატოვებული ძალიან დიდი ავტორიტეტის შენარჩუნება და იმის მოხერხება იქნება, რომ მთელი საზოგადოების და მთელი ერის ინტერესის გამტარებელი იყოს“, - გამაცხადა ლევან სანიკიძემ.

სანიკიძემ “ნიუსრუმში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის პიტერ ანდრეოლის ვიზიტზე და მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის თაობაზეც ისაუბრა.

სანიკიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ არც ერთი შეხვედრა “დე ფაქტო პრემიერთან, პარლამენტის დე-ფაქტო თავმჯდომარესთან და დე ფაქტო პრეზიდენტთან არ გამართულა“.

სანიკიძე დარწმუნებულია, რომ მათ ამის სურვილი ექნებოდათ, მათ შორის იმისთვის, რომ “საკუთარი პროპაგანდისთვის ახალი საწვავი მიეცათ“.

“მკაფიო გზავნილი, რასაც ვხედავთ და რის გამოც “ქართული ოცნება“ ძალიან დამწუხრებულია, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აშშ-თან გადატვირთვას საკუთარი წესებით ელის, გამორიცხულია აღსრულდეს ისე, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს სურს. ივანიშვილს სურს, რომ აშშ-ი მასთან არსებული სტატუს-კვოთი დალაგდეს. ეს უბრალოდ შეუძლებელია! ამავე დროს საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო გზავნილები გაკეთდა - განსაკუთრებით იმ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს. აშშ-ს ინტერესში საქართველო ისევ აქტიურ მოთამაშედ და სუბიექტად რჩება, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის მიერ კორიდორთან დაკავშირებით სომხეთთან და აზერბაიჯანთან გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება რეგიონში გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს არსებითად ცვლის. პრინციპული მნიშვნელობა აქვს თუ როგორი იქნება საქართველოს როლი კორიდორის უსაფრთხოების სისტემაში და რა როლი ექნება საქართველოს მათ შორის შავი ზღვასთან მიმართებაში. სწორედ ამის გამოძახილი იყო პიტერ ანდრეოლის შავი ზღვის სანაპიროზე ჩასვლა და ანაკლიის და ფოთის პორტების საკითხის გარკვევა.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ აშშ-ს საქართველოსთან აკავშირებს როგორც პარტნიორული ურთიერთობა, ასევე აშშ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, საბედნიეროდ, ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ არც ერთი შეხვედრა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან, დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარესთან და დე ფაქტო პრეზიდენტთან არ გამართულა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის სურვილი ექნებოდათ, მათ შორის იმისთვის, რომ საკუთარი პროპაგანდისთვის ახალი საწვავი მიეცათ, რომ აი, აშშ-თან გადატვირთავს იწყებენ.

აშშ-ს აქვს კონკრეტული ინტერესი სამხრეთ კავკასიაში, რაც დაკავშირებულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებასთან და კორიდორთან, რაც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია. შესაბამისად, ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც თავისი არსით რუსეთის მოკავშირეა, კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს, რომ საქართველოში - განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროში აშშ-სა და ქართველი ხალხის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა.

პიტერ ანდრეოლი ქართული დემოკრატიული ძალების და ასევე იმ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს - დე-ფაქტო ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხებზე აგებენ პასუხს. ამ თვალსაზრისით ანდრეოლი ძალიან დელიკატური იყო და “ქართულ ოცნებას“ საშუალება არ მისცა, რომ რაიმე ფორმით ახალი პროპაგანდისტული ტალღა დაეწყო, რომ არიქა ახლოსაა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა! ამის გზავნილი არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში არ ყოფილა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სანიკიძის შეფასებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში დემოკრატიის ნასახი აღარ არის და ქვეყანაში მყარად მდგარი ავტორიტარიზმია. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ მხოლოდ რამდენიმე ნიშანს ვერ ერევა, რაც არის თავისუფალი მედია, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა.

“დანარჩენი ყველანაირი ფორმით საქართველოში სრულფასოვანი ავტორიტარიზმია. ევროსაბჭოს კონგრესის ანგარიშში ყველა ის საკითხი იქნება ასახული, რაზეც ამ კუთხით ბოლო წლებია საუბარია. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის ანგარიში, როგორიცაა რეზოლუცია. ეს თვისობრივად განსხვავებული დოკუმენტი იქნება, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ.

როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს და იმაზე საუბრობს, რომ ბრიუსელის მზის წინაშე უნდა ვიფიცოთ, თავად ფიცულობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მზეს, როდესაც წლების განმავლობაში გერმანია ინახავდა მას და მის ოჯახს. როგორც ჩანს, თვითონ გახდა ასეთი, თორემ მე არავის მზეს არ ვფიცულობ. ეს არის მონის ფსიქიკა, რადგან ახლა ბიძინა ივანიშვილის მზეს ფიცულობს. როგორც ჩანს, შინაგანად აქვს განცდა, რომ ვიღაცის მზე უნდა დაიფიცო, რადგან სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, რაც “ქართულ ოცნებას“ არ გადაუწყვეტია. ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს დააფიქსირა ვისი და რისი ნაწილი იყო.

სერგო ორჯონიკიძის მიმდევრობა სხვა კი არაფერია?! - ორჯონიკიძეს იდეოლოგია მაინც ჰქონდა - ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ იდეოლოგია ჰქონდა. შალვა პაპუაშვილი არის აბსოლუტური ფარისეველი. ბიძინა ივანიშვილმა რომ დაურეკოს და უთხრას, რომ ახლა ევროკავშირის დროშა ზურგზე უნდა შემოიხვიო, აუცილებლად შემოიხვევს.

თუ უნგრეთის არჩევნები ვიქტორ ორბანმა წააგო და ჯერ-ჯერობით ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ორბანი არჩევნებში ვერ იმარჯვებს. ორბანის ხელით გაყინული სანქციების პაკეტები “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ცუნამად რომ წამოვა, მერე მაინტერესებს ვის მზეს დაიფიცებს შალვა პაპუაშვილი“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ალიანსის გეგმას, სანიკიძის თქმით, მომავალი კვირიდან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

“საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი თუ რა არის დაგეგმილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პროცესი გამჭვირვალე იქნება. აქამდე რეაქციულ რეჟიმში ვიყავით, როცა რაღაცას ქართული ოცნება აკეთებდა და ჩვენ ვპასუხობდით. საზოგადოების დაკვეთაა, რომ რეაქტიული რეჟიმიდან აქტიურ რეჟიმზე გადავიდეთ, როდესაც დღის წესრიგის შემქმნელები ჩვენ ვიქნებით“, - განაცხადა სანიკიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს