ზარი ირანთან ომის ფონზე, გასაგებია რასაც ნიშნავს - არავითარ შემთხვევაში, არ დაგვინახავს გადატვირთვის ახალი ნიშანი, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი შეაფასა.
ტუღუშის განცხადებით, „ზარი მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში მძიმე ვითარებაა“.
„შავი ზღვის რეგიონში ვიცით, რაც ხდება. ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ძალიან მძიმე ომი. ასევე, არის მეორე ძალიან მძიმე კონფლიქტი, რომელიც დაკავშირებულია ირანთან. ავიღოთ სახაზავი და პირდაპირი ხაზი გავავლოთ - რა მანძილზეა საქართველოდან ირანი. ძალიან ახლოა ეს ორი სახელმწიფო. გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გასაგებია, ასეთი ზარი მით უმეტეს იმიტომ, რომ ვითარება ირანთან მიმართებით, პერსპექტივაში, კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაიძაბოს. მაგალითად, სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს ან კიდევ უფრო მძიმე დაბომბვა მოხდეს. ბუნებრივია, სამეზობლო აშშ-სთვის, რომელიც ამ ვითარებაში მთავარი აქტორია, მნიშვნელოვანია. მიკვირს, რატომ არ არის ვიზიტები, იმდენად სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, როგორც მსოფლიო, ისე აშშ. აქამდე ველოდი, რომ რაღაც ასეთი ტიპის ვიზიტი მოხდებოდა, სწორედ ამ საკითხთან მიმართებით, რადგან საქართველოს, გარკვეულწილად, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს მხოლოდ ამაზე მეტყველებს. არავითარ შემთხვევაში არ დაგვინახავს გადატვირთვის ახალი რაღაც ან ძველი ხარისხით თანამშრომლობის, რაიმე ნიშანი.
ჩვენ ვიყავით ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში აშშ-სთან. სტრატეგიული თანამშრომლობა გვქონდა გაფორმებული. სად არის ეს ურთიერთობები? ერთი ზარი ომის ფონზე, გასაგებია, რასაც ნიშნავს. ამიტომ, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტი ამ თვალსაზრისით. არც შეიძლება იყო ოპტიმისტი. გადატვირთვა ბევრ სფეროში ურთიერთობას გულისხმობს, დაწყებული დემოკრატიის სფეროდან, დამთავრებული, მათ შორის, უსაფრთხოების. არ დაგვინახავს არაფერი კონკრეტული, გარდა სატელეფონო ზარისა, რომელიც არ გულისხმობს იმას, რასაც ახლა ცდილობენ, რომ ამაში ჩადონ. ცხადია, „ოცნებას“ ვგულისხმობ.
ძალიან რთულია, ვისაუბროთ იმ კონკრეტულ მოქმედებაზე, რისი შინაარსიც ბოლომდე არ ვიცით. ძალიან ძნელია დეტალებზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, მარტო პოლიტიკასთან არ იქნება დაკავშირებული, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთანაც. არ მინდა ვისაუბრო იმასთან მიმართებით, რისი სრული ინფორმაცია არ მაქვს. გარკვეულ ტენდენციებზე შეგვიძლია საუბარი. ამ კონკრეტული ზარის შინაარსზე საუბარი გაგვიჭირდება. ურთიერთობების იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ბოლოს ჰქონდა ირანთან, იმ გაფუჭებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს დასავლეთთან აქვს, ბუნებრივია, კითხვები გიჩნდება, რომ შესაძლოა, გარკვეული იმპულსები იყოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშის მოსაზრებით, „თუ მეტი ესკალაცია მოხდება ირანში, საქართველოს ნებისმიერი ნაბიჯი ირანის მიმართულებით, შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს“.
„როდესაც ხვდები „ჰამასის“ ლიდერს, [თბილისის ანძას] აფერდებ ირანის დროშის [ფერებით], ვფიქრობ, რომ ესეც არაგონივრული და მეტიც, უგუნური პოლიტიკაა. იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება, იმ დინამიკურ ურთიერთობებში, აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯები იყო გადადგმული. კიდევ უფრო გაამწვავა ეს ურთიერთობები და ამის დემონსტრაცია ხდებოდა.
თუ დავუშვებთ იმას, რომ მეტი ესკალაცია მოხდება, ცხადია, ამ მოცემულობებიდან, ბევრი ეჭვი არსებობს, რომ საქართველომ შეიძლება დაიკავოს ასეთივე პოლიტიკა. ეს იქნება იმდენად მძიმე შეცდომა, რომ შეიძლება, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით მძიმედ დაუჯდეს საქართველოს. ეს არ არის თამაში, რომ ვიღაც ადამიანი დაჯდა და კაბინეტში დაიწყო „დურაკას“ თამაში. ეს საბავშვო თამაში არ არის, ძალიან სერიოზული საკითხია. მაგ მიმართულებით თუ გადაიდგა ნაბიჯი, ვგულისხმობ ირანის მხარეს რაიმე ნაბიჯს, არ ვიცი, როგორი იქნება ეს - ფაქტობრივი, სიმბოლური თუ... ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება ძალიან მძიმედ დაგვიჯდეს“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
გარდა ამ თემისა, ტუღუშმა შეაფასა „ოპოზიციური ალიანსის“ მზადებაზე აშშ-ში ვიზიტისთვის. მისი თქმით, დასავლეთი შეაფასებს „რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მათთვის შეიძლება კარგად გამოიყურებიან“.
„კარგია და სწორია, რომ უნდა ააშენო ხიდები დასავლეთთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან, კანადასთან და ყველასთან, ვინც მოიაზრება დასავლეთად. მათ შორის, უნდა იმუშაო აღმოსავლეთთანაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იმუშაო საუდის არაბეთთან. თურქეთთან უნდა გქონდეს ძალიან პრაქტიკული პოლიტიკა, თუმცა ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. დასავლეთი ძალიან რაციონალური სამყაროა და კარგად უყურებს ლამაზ სიტყვებს, მოსწონთ. უფრო უკეთესად უყურებენ, როცა საზოგადოების მხარდაჭერა გაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი შეაფასებენ, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მათთვის შეიძლება კარგად გამოიყურებიან. მარტო ამ ხიდების აშენება არ არის მნიშვნელოვანი, არამედ შიგნით [უნდა] აშენო ხიდები. ამას ელოდებიან. რასაც ვამბობ, ეს არ არის მარტო ვარაუდი. უამრავი არგუმენტი არსებობს, რომ ეს არის ის, რასაც ელოდებიან. ისინი ელოდებიან აქტიურ პროდასავლურ ძალებს ქვეყანაში. აქტიურობა ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა დაამტკიცონ, რომ რაც თქვეს, იმას გააკეთებენ. უნდა იარონ თითოეული მოქალაქის სახლში, ოჯახში.
როცა დადიხარ, უნდა გქონდეს უნარი, მოისმინო ადამიანების. გაიგო, რა უნდათ. უნდა გქონდეს საკუთარი პროგრამული იდეები. ეს არ უნდა იყოს ზოგადი, უნდა იცოდე კონკრეტულ ადგილას, სოფელში, ქუჩაზე, ქალაქში, რა მოთხოვნები არსებობს. უნდა შეაგებო მათ რეალური გეგმა. ეს არ უნდა იყოს ტყუილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოატყუო საზოგადოება. ეს უნდა იყოს სიმართლე. ამას სჭირდება დიდი მუშაობა. მათ უნდა დაუმტკიცონ საზოგადოებას, ქვეყანას. ამას ელოდება და ძალიან კარგად ხედავს დასავლეთი. თუ დაინახეს, რომ ეს პოლიტიკური ძალები კიდევ ფურო მეტად მუშაობენ; რომ თავი მიუძღვნეს საკუთარ ქვეყანას, საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს, რაც უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა, რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა ბევრად უფრო მყარი და აქტიური იქნება, როგორც დიპლომატიური თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ტუღუშმა.
გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, ტუღუშმა გადაცემაში ისაუბრა საქართველოში პროდუქტებსა და საწვავზე გაზრდილ ფასებზე, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე. მისი თქმით, „იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია და კონტროლის მექანიზმები, ფაქტობრივად, არ არსებობს, ცხადია, ვიწრო ჯგუფებს ექნებათ პრივილეგია, რომ უმრავლესობის ხარჯზე გამდიდრდნენ და ყველანაირი გზით იშოვონ ფული“.
„რაც ხდება ენერგეტიკაში, სასურსათო ბაზარზე და ა.შ, ფასების ზრდას, ეს არის პირდაპირი გამოძახილი იმ პოლიტიკური ვითარების, რომელიც ქვეყანაშია. კომისია შექმნეს და ფასები იზრდება. რატომ?
ძალიან ბევრი კითხვაა და დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად იქნება პასუხები ამ კითხვებზე. ვინც გაჭირვებას კიდევ უფრო ამძიმებს, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. დარწმუნებული ვარ ამაში. ფასები იზრდება თქვენს ხარჯზე. ეს ბიზნესი კი არ არის, ეს არის ვიღაცის ხარჯზე ფულის კეთება. ეს არის სუფთა პარაზიტიზმი. პარაზიტები არიან, ვინც ასეთი, ვითომ ბიზნესით არიან დაკავებულები და სხვის ხარჯზე მდიდრდებიან. ძალიან უზნეო და ცუდი ნაბიჯებია“, - განაცხადა ტუღუშმა.