თენგო კირთაძე - ბიძინა ივანიშვილი იმაზე მეტ შიშს გრძნობს დღეს აშშ-ს მიმართ, ვიდრე რუსეთთან მიმართებით გრძნობდა - „ცალ ფეხზე დგომის“ მასტერკლასს ჩაატარებენ! „ქართული ოცნება“ მალე გვაჩვენებს, რას ჰქვია „ცალ ფეხზე დადგომა“

ბიძინა ივანიშვილი იმაზე მეტ შიშს გრძნობს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ვიდრე რუსეთთან მიმართებით გრძნობდა - „ცალ ფეხზე დგომის“ მასტერკლასს ჩაატარებენ - „ქართული ოცნება“ ახლო მომავალში გვაჩვენებს, რას ჰქვია „ცალ ფეხზე დადგომა“, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ზარში „ბიძინა ივანიშვილისთვის კარგი არაფერი ყოფილა“.

როგორც კირთაძე აღნიშნავს, რუბიოს ზარამდე ერთი დღით ადრე, აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს სანქციები 1 წლით გაუგრძელა.

“ძალიან კარგია, რომ რუბიომ კობახიძეს დაურეკა. რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის. ბიძინა ივანიშვილისთვის კარგი ამ ზარში არაფერი ყოფილა. დავინახეთ კიდეც პროპაგანდა. თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ამ საუბრის ძალიან მოკლე დახასიათება, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. დიახ, ეს ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და ამ საუბარში გადატვირთვის თვალსაზრისით ვერაფერი იქნებოდა. რუბიოს ზარამდე წინა დღით, ტრამპის ადმინისტრაციას შეეძლო, ბაიდენის სანქციებიდან ერთი სახელი და გვარი ამოეღო, თუმცა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 1 წლით გაუგრძელა.

რაც შეეხება ტრამპის პოლიტიკას - ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაფერი სხვანაირად დალაგდა. ბიძინა ივანიშვილისთვის არის ყველაზე რთულად გადასახარში სიტუაცია. რეალური შიში, რასაც ის შეიძლება რუსეთთან მიმართებით გრძნობდა, იმაზე მეტ შიშს გრძნობს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „ცალ ფეხზე დგომის“ მასტერკლასს ჩაატარებენ. „ქართული ოცნება“ ახლო მომავალში გვაჩვენებს, რას ჰქვია „ცალ ფეხზე დადგომა“, “ - განაცხადა კირთაძემ.

ამასთან, მან ევროპის საბჭოს კონგრესის რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამ რეკომენდაციების შესრულების პერსპექტივა არ არსებობს, რადგან „ბიძინა ივანიშვილისთვის ეს დაკავშირებულია ძალაუფლების დაკარგვასთან“.

„ჩემი აზრით, ძალიან მოზომილი რეკომენდაციებია. არსებობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ორგანიზაციები, რომლებიც რეჟიმის მიმართ გაცილებით კრიტიკული არიან. ევროპის საბჭოს ახასიათებს ხოლმე მოზომილი რეკომენდაციების, რჩევების მიცემა. ესეც მსგავსი ტიპის რეკომენდაციაა, თუმცა ამასაც ვერ შეასრულებს [„ქართული ოცნება“]. როცა დიალოგზე საუბრობს, კონგრესი იქვე ლაპარაკობს, რეპრესიებს თავი დაანებეო, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდოო, პოლიტიკურ პლურალიზმს ნუ ებრძვიო. რეპრესიები რომ შეწყვიტოს ბიძინა ივანიშვილმა, მერე ძალაუფლება როგორ შეინარჩუნოს?! ამიტომ ამ რეკომენდაციებისაც კი, რომელიც მეტ-ნაკლებად მოზომილია, შესრულების პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არ არსებობს რეჟიმის მხრიდან, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების დაკარგვასთან. ყველაფერი, რაც მას აიძულებს, რომ რეპრესიებით არ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ძალაუნებურად აკარგვინებს მას ძალაუფლებას. ასეთ ურთულეს ვითარებაშია, კარგი სვლა, ფაქტობრივად, არ დარჩა,“ - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

რაც შეეხება კითხვას, რამ შეიძლება ხელისუფლებას არსებითი ცვლილებების განხორციელება აიძულოს, კირთაძე პასუხობს, რომ „ქართველმა ხალხმა ქუჩაში“.

მისი თქმით, როდესაც რეჟიმი იგრძნობს იმ წნეხს, რომ მას უკვე წინ გადასადგმელი ნაბიჯი არ დარჩა, იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება „რეჟიმის წარმომადგენლებთან“ ძალაუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით დიალოგი.

„ქუჩა არის ცვლილებების წინაპირობა, საქართველოს მომავალი. უკეთესი ხვალინდელი დღის ბედი გადაწყდება ქუჩაში ქართველი ხალხის მეშვეობით. როდესაც რეჟიმი იგრძნობს იმ წნეხს, რომ მას უკვე წინ შემდეგი ნაბიჯი არ დარჩა, იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს და შემდეგ შეგვიძლია დიალოგი რეჟიმის წარმომადგენლებთან ძალაუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით. თვითონ რეჟიმის ვერტიკალში, შიგნით არის ძალიან ბევრი შიში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეს იქნება სწორედ პოლიტიკური ალტერნატივის და ქართველი ხალხის ამოცანა, რომ ამ ადამიანებსაც მოვუხსნათ შიშები - ის, ვინც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის დამნაშავე აღმოჩნდება, ამას დამოუკიდებელი სასამართლო, ნაფიცი მსაჯულები გაარკვევენ და არა მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანი“.

ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო რომ ციხეში უშვებ, ეს არის ყველანაირი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, რაც კი რომის იმპერიის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში დაწერილა. მესმის, უცხოელი პარტნიორები ყოველთვის ცდილობენ, რომ დიალოგით შეიძლება რაღაც გამოვიდეს. არსებობს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში, რომლებიც ფიქრობენ, „ხომ არ ვცადოთ?!“ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ბიძინა ივანიშვილი ისეთ მდგომარეობაშია დღეს (ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა), რომ ნებისმიერი დათმობა, იქნება ეს რეპრესიებთან, ძალადობასთან, პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან თუ სხვა, მას ძალაუფლებას აკარგვინებს. ანუ, მისი პერსპექტივიდან, ეს, მისთვის არის გადარჩენის საკითხი და რაზე უნდა წამოვიდეს?! და სხვა რაზე ველაპარაკოთ?! შალვა პაპუაშვილს, ამ უვიც, საშუალო სტატისტიკურ ტექნოკრატს, რაზე ველაპარაკო?! ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცის. საერთოდ ვერ ხვდება, რა იყო საქართველო და უნდა იყოს ცივილიზაციური თვალსაზრისით. საიდან მოვდივართ, რა იყო ევროპა, რა როლს ვთამაშობდით, რატომ მივიღწოდით იქეთ. ვერ ხვდება, რომ ეს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ეს სულელი გამოდის... მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შეიძლება სჯეროდეს. ეს არ არის მხოლოდ „მესიჯ-ბოქსი“, უვიცები არიან. იურისპრუდენციაში რაღაცა 3 წინადადება ისწავლეს, ისიც ვერ გაიგეს, ამ დოგმების და სამართლის პრინციპების უკან რა დგას. ასეთი ხალხი შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა. მანქურთი ეგეთი უნდა იყოს - ადამიანმა ფულის და საკუთარი კეთილდღეობის გამო უნდა გაყიდოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. კომპეტენტურის და საკუთარ თავზე წარმოდგენის მქონე ადამიანის პოვნა რთულია ამ ამოცანისთვის,“ - განაცხადა პოლიტიკოსმა.

რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, როგორც კირთაძე აღნიშნავს, დიდი მოლოდინი აქვს, რომ ალიანსი თავის ფუნქციას შეასრულებს.

„აზრთა სხვადასხვაობა სრულიად დემოკრატიულია და ამის შეჯერება ძალიან ბევრ საკითხში ხდება. მე დადებითი მოლოდინი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსი თავის ფუნქციას შესრულებს. თავის ვალდებულებას, რაც ქართველი ხალხის წინაშე გააჩნია, მაგიდაზე დადებს,“ - განაცხადა კირთაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა