Reuters - საუდის არაბეთმა ბალისტიკური რაკეტები მოიგერია - საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაფრთხილება გაავრცელეს

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ რეგიონის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები მოიგერია, რომელთა ნამსხვრევებიც ენერგეტიკულ ობიექტებთან ახლოს დაეცა, - ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ირანმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ ასობით რაკეტა და დრონი გამოიყენა, რომელთა უმეტესობაც, ხელისუფლების განცხადებით, მოიგერიეს.

საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა სამშაბათს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაფრთხილება გაავრცელეს.

ამასთან, ერთმანეთის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელეს ირანმა და ისრაელმაც, მას შემდეგ, რაც თეირანმა კატეგორიულად უარი თქვა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში.

გეგმის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, ირანმა უარყო პაკისტანის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის წინადადება, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებდა, რასაც უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უნდა მოჰყოლოდა.

ირანული მედიის ცნობით, ირანის პასუხი 10 პუნქტისგან შედგებოდა, მათ შორის რეგიონში კონფლიქტების დასრულების, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გადაკვეთის პროტოკოლის, სანქციების მოხსნისა და ქვეყნის რეკონსტრუქციის შესახებ.

გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მთელი ქვეყნის აღება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შესაძლოა ხვალინდელი ღამეც იყოს“. მან პირობა დადო, რომ გაანადგურებს ირანის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურას, თუ თეირანი დათქმულ ვადაში შეთანხმების დადებას არ დათანხმდება.

მისი თქმით, თუ შეთანხმება არ მოხდება, ირანში ყველა ხიდი განადგურდება და ყველა ელექტროსადგური გაითიშება, დაიწვება და აფეთქდება ისე, რომ მათი გამოყენება აღარასდროს იქნება შესაძლებელი.

გაეროში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპის მუქარა დარტყმის შესახებ „ტერორიზმისკენ პირდაპირი წაქეზებაა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ომის დანაშაულების ჩადენის განზრახვის მკაფიო მტკიცებულებას წარმოადგენს“.

ირანის ახალგაზრდობისა და მოზარდების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალირეზა რაჰიმიმ, ხელოვანებსა და სპორტსმენებს მოუწოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროსადგურებთან ცოცხალი ჯაჭვები შექმნან.

„ელექტროსადგურები, რომლებიც ჩვენი ეროვნული აქტივები და კაპიტალია, გემოვნებისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ირანის მომავალსა და ირანელ ახალგაზრდობას ეკუთვნის“, - განაცხადა ალირეზა რაჰიმიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა