ირაკლი კობახიძე არავის ჰგონია ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები, ამიტომ რაც ვნახეთ, ამაში სიახლე არაფერი ყოფილა. რეალობას ფარდა აეხადა, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს - კობახიძე ტრაგიკული პერსონაჟია, კომპლექსებით დატვირთული, ბიძინას კი საბელის გაზრდა ახასიათებს ამ ტიპის პერსონაჟების, ილუზიას უქმნის, რომ ისინი რაიმეს წარმოადგენენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიზნესცენტრში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა და ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები შეაფასა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრით, ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძეს „პირველივე მოსახვევში თავისი ადგილი მიუჩინა“.
„მძიმე სურათია, ეს პერსონაჟი [ირაკლი კობახიძე] უყურებს პოლიტიკურ მშობელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეჯავრება, რადგან მის ჩრდილშია, იქიდან ვერ გამოდის და საკუთარ ნებას ვერ გამოხატავს, ამიტომ მისი სიძულვილი იზრდება. ბიძინას კი ვურჩევდი, რომ ფრთხილად იყოს, რაიმე აფექტის მდგომარეობაში კობახიძეს რაიმეზე ხელი არ წაუცდეს. არასტაბილური ადამიანია და სიძულვილის მიზეზიც აქვს - როგორია პრემიერ-მინისტრი გერქვას და თან იცოდე, რომ არარაობა ხარ. შეხვედრას ოფიციალური პროტოკოლური სახე ჰქონდა, სადაც ჩანდა თუ ვინ იყო ამ ქვეყნის პატრონი. მაგრამ ირაკლი კობახიძე მათ უკან რატომ მიბლაყუნობდა? ყოფილიყო თავისთვის, როგორც პერსონალი. მაგრამ ამით ჩვენ ამერიკა ხომ არ აღმოგვიჩენია? მაგრამ აქ პრობლემა მარტო იმიტომ კი არ არის, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ გზას გადაუხვია და ავტორიტარულ გზას დაადგა, მსგავსი პრობლემა ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ იქ ლიდერები ინსტიტუციონალიზებულები არიან და თანამდებობები უკავიათ, შესაბამისად ის არის გადაწყვეტილების მიმღებიც და პასუხისმგებელიც, ჩვენთან კი ბიძინამ შექმნა მოდელი - ის იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელი თავად არ არის. მან საქართველოსგან ოფშორული კომპანია შექმნა და ნომინალურ პირზე გააფორმა, მაგრამ საბუთებში რომ ჩაიხედო, პატრონი სხვა ვიღაცაა, ამ შემთხვევაში ეს ვიღაც [პატრონი] ირაკლი კობახიძეა. საქართველო დღეს პოლიტიკური ოფშორია, რომელსაც ნომინალური დამფუძნებელი ჰყავს და რეალურად მართვის ბერკეტები შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს აქვს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, რეალურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანას რეალური პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია, რადგან ქვეყანას ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი მართავდა.
„რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი და რეალური პრემიერ-მინისტრი არცერთი არ ყოფილა, ყველას ჰქონდა სპეციფიკური ნაკლოვანება. მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, თუ ვის ჰქონდა მოქმედების დიდი დიაპაზონი. ჩემი აზრით, ასეთი გახარიას ჰქონდა, რომელიც ძვირიც დაუჯდა. 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ. ბიძინამ მათ დამოუკიდებლობის ილუზია შეუქმნა, შემდეგ წამოვიდა გზავნილები, რომ შეუძლიათ ბიძინას გარეშე მართვა. კალაძეს ჭკუა არ ეყოფოდა, რომ „არა“ ეთქვა, მაგრამ შესაძლოა კობახიძეს ეყო ჭკუა. ბიძინას ნება იყო, რომ გუშინდელი სურათი, სისტემისთვის ეჩვენებინა, თორემ ჩვენთვის რა შეიცვალა? ამით უნდოდა სისტემა დაერწმუნებინა, რომ არაფერი შეცვლილა და რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლას, მისი თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტი განპირობებულია სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემის, სტრატეგიის კორექციით.
„სამყარო მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესაც ჩვენი სატრანზიტო დერეფანი უალტერნატივო ხდება, რატომ? - რადგან, ჩრდილოეთის მარშრუტი რისკების შემცველია, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია და ამის ფონზე სამხრეთ კავკასიური დერეფნის განვითარების მიმართ ინტერესი იზრდება. საქართველო და აზერბაიჯანი განუყოფელი კვანძია და ორივეს ერთიანი გეოპოლიტიკური ფუნქცია გვაკავშირებს. აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემს კი ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე ერთპიროვნული დომინირების სურვილი გაუჩნდა. რადგან გვახსოვს, „3+3“ ფორმატზე აქტიური საუბარი იყო, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და პლუს სამი რეგიონული იმპერია - თურქეთი, ირანი და რუსეთი ანუ ამ სამ იმპერიას უნდა გამოეხატა თავიანთი ინტერესები და ამის გადანაწილება უნდა მომხდარიყო სამხრეთ კავკასიაში. დღევანდელი მოცემულობით კი ირანი თამაშიდან გავარდა, რუსეთს მზარდი გავლენა აქვს შენარჩუნებული საქართველოზე, მაგრამ გავლენა დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანზე. ამ მდგომარეობით კი არ მგონია, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემმა პარტნიორად მიგვიწვიოს. ჩვენ დივიდენდების ამოღების შანსი დავკარგეთ. ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი არ გვაქვს, რომელიც ჩვენს ფასს გაზრდიდა. მარკო რუბიოს ზარის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრის თემა შავი ზღვის უსაფრთხოების თემა იყო. ეს საკითხი დასავლეთისთვის პრობლემურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში 3 NATO-ს წევრი ქვეყანაა, რუსეთი მაინც დომინირებს და არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსულ დომინირებას დააბალანსებდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ასევე, პოლიტოლოგმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„თავის დროზე, ამერიკელები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის იყვნენ. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება იქ რაღაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. თუ ასე მნიშვნელოვნად თვლიდნენ ამ პროექტს, მაშინაც შეეძლოთ ეს გაკეთებინათ და ამერიკელების მონაწილეობით პროექტის დასრულება 2020 წლისთვის შეეძლოთ. დღეს კი ამერიკელები გადაგდებულად თვლიან თავს, ჩინელებმა პროცესის იმიტაცია მოახდინეს და გაიპარნენ, რუსეთი გასაგები მიზეზების გამო ვერ შემოვა და არც უნდა შემოვუშვათ, ვინაიდან აზრს დაკარგავს ამ დერეფნის მშენებლობა. ვინ დარჩა? აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემი. ახლა შესაძლოა თურქეთის უსაფრთხოების ინტერესი ანაკლიის პორტს მიებას, ის NATO-ს წევრია და შეიძლება ეს მისი კოზირი გახდეს. თურქეთს აქვს ამბიცია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული მთავარი ჰაბი გახდეს. ამაზე [ილჰამ ალიევი] კობახიძესთან არ ისაუბრებდა, მაშინ კობახიძეს მინიმუმ ზარი ახლობელთან უნდა გაეკეთებინა და ის - „კი“-ს და „არა“-ს ტელეფონზე ვერ აუხსნიდა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.