გია ვოლსკი - არანაირი საკადრო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი - ეს არის ის სიცრუე, რომელსაც გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ავრცელებენ დღეს დილიდან

არანაირი საკადრო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი - ეს არის მოგონილი თემა, რათა რაღაც გარკვეული რყევა მაინც განხორციელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ეს არის ის სიცრუე, რომელსაც დილიდან გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ავრცელებენ.

„არანაირი საკადრო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ეტყობა თემაზე მოილაპარაკეს ჩვენმა არაკეთილისმსურველებმა, რომ რაღაც გარკვეული არასტაბილურობის, გაურკვევლობის განცდა შექმნან საზოგადოებაში და კონკრეტულ უწყებებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომ რაღაცა ხდება ისეთი, რომ შეიძლება ცვლილებები მოხდეს, რომელიც გარკვეულწილად, განპირობებულია რაღაც სხვა კიდევ მოგონილი მიზნებით. ეს არის ის სიცრუე, რომელსაც გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ავრცელებენ დღეს დილიდან. ეტყობა, ასეთი ამოცანა დაისახეს კონკრეტულმა პიარ მენეჯერებმა.

დარწმუნებული ვარ, რომ სიცრუის ეს ხარისხი და მეთოდი არის კონკრეტულად მოგონილი და ჩამოყალიბებული, რათა გაურკვევლობა, არასტაბილურობის განცდა და ფორიაქი შექმნან იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად, მსოფლიოში. ზოგადად, შეტევა არის ისევე როგორც ეკლესიაზე, ისე ძალოვან სტრუქტურებზე. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, საკმაოდ ბოროტულად დაგეგმილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, შესაძლოა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ “ერთ-ერთი ვერსიით, “ქართული ოცნება” გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას განიხილავს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ”. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, შესაძლოა, შს მინისტრად გელა გელაძის მოადგილე, რონი მესხი დაინიშნოს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს