ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი - ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენისთვისაა საჭირო

ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენისთვის არის საჭირო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ საეჭვო მტკიცებულებები წარმოადგინა და პირებმა, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, გამოძიებას ჩვენება „საკუთარი თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად მისცა“.

„დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა. დასკვნითი სიტყვები ვთქვით დღეს. ველოდებით, რომ სასამართლოს განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენისათვის არის საჭირო. წარმოადგინა ძალიან საეჭვო მტკიცებულებები - პირებმა [ვლადიმერ ღუდუშაურმა] ჩვენებები საკუთარი თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად, მისცეს. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები და ჩვენებები, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, საქმის სხვა მასალებს არ შეესაბამება“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ვლადიმერ ღუდუშაურის ჩვენების საფუძველზე დადგეს და ეყრდნობა თუ არა ამას გამოძიება, ადვოკატმა უპასუხა, რომ ბრალდება ეყრდნობა ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებებს, თუმცა ორივე მათგანი საქმის მასალებს ეწინააღმდეგება.

„ბრალდება ეყრდნობა ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებებს, თუმცა ვამბობთ, რომ ღუდუშაურის ჩვენება სრულიად ეწინააღმდეგება საქმის ყველა მასალას. ასევე ტუკვაძის ჩვენება ეწინააღმდეგება საკუთარ ჩვენებასაც და ეწინააღმდეგება საქმის მასალებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, დიმიტრი ხაჩიძემ ისაუბრა საპროცესო შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საპროცესო შეთანხმება არ არის მიღწეული და საქმის განხილვა ჩვეულებრივი არსებითი წესით გრძელდება.

„ჰკითხეთ პროკურორს, არ ვიცი რატომ ვერ შედგა. საპროცესო შეთანხმების პერიოდში მიღებული საპროცესო შეთანხმებისთვის გამოთქმული მოსაზრება, ვარაუდი, ჩვენება და ა.შ, არ შეიძლება გამოყენებული იქნას ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. დღეის მდგომარეობით საპროცესო შეთანხმება არ არის მიღწეული, გრძელდება საქმის განხილვა ჩვეულებრივი არსებითი წესით“, - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა