მე რომ პრეზიდენტის სასახლის შენობის აღება მნდომებოდა, 70 წელს გადაცილებულ, მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალთან ერთად არ დავიწყებდი შენობის შტურმს,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ის ჩვენებას, როგორც დაცვის მხარის მოწმე აძლევს.
ბერიძემ მის პროფესიაზე, აქამდე განვლილ გზაზე და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„მე ჯარისკაცი ვარ, პოლიტიკოსი არ ვარ, ამიტომ სამართლებრივ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას და როგორც მოსამართლეს, მოგცემთ უფლებას, სამართლებრივი განაჩენი გამოიტანოთ...
სოციალურად აქტიური პიროვნება არ ვარ, არც „რუსული კანონის“ მიღებამდე პროტესტში ჩართული არ ვყოფილვარ, მიტინგზეც რომ მივსულვარ, თავი მეორე მხარეს მეგონა ხოლმე. რამდენიმე მიტინგს ვარ დასწრებული, 4 ოქტომბრამდე ტრიბუნაზეც არ ვარ ნამყოფი.
მთელი ცხოვრება ისე მაქვს გავლილი, ალბათ არავის ისე არ ვცემ პატივს, როგორც იმ ადამიანებს, რომელთაც ფორმა აცვიათ. ჩემთვის ყოველთვის საამაყო იყო ქართული პოლიცია, თუ როგორ გათანამედროვდა... რაც შეეხება განსხვავებას - 9 აპრილს მილიცია გაცილებით ჰუმანურად და კანონიერად იქცეოდა, ვიდრე ახლა პოლიციის ნაწილი. არც ერთ მიტინგზე არ გამჩენია პოლიციის მიმართ სიძულვილი, როგორც ახლა, ნიღაბში გადაცმული პოლიციელები როგორ ურტყამდნენ შვილისტოლა ხალხს და თავს ესხმოდნენ....
შეიძლება არ მომეწონა, რომ გაზი გამოიყენეს, მაგრამ კარგად მესმოდა, რომ ისინი მასების მართვის ღონისძიებას ატარებდნენ, მაგრამ მე პრეტენზია მქონდა, როცა ხალხზე ძალადობდნენ და ამას პოლიცია უყურებდა.
მართლა ვერ ვხვდები პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას რას ეძახის. მივედი, სადაც ხალხი იკრიბებოდა, ახლოს ვიცნობდი პაატა ბურჭულაძეს, ერთი რამის შიში მქონდა წინა აქციების გამოცდილებით - პოლიციას მოყოლილი „ტიტუშკები“ დაიწყებდნენ მომიტინგეებზე ძალადობას. ამიტომ ჩემს ფუნქციას ვხედავდი, ამ მიტინგს დავხმარებოდი.
დამისვამთ კითხვას ვიყავი თუ არა ორგანიზატორი, სახალხო კრების ორგანიზატორი ვიყავი. ბოლომდე მეგონა, რომ გახმოვანება, ტექნიკა მერიის იყო და პროცესებამდე ვაგინებდი, სასამართლოზე გავიგე რომ თურმე, სხვისი ტექნიკა იყო.
ბატონ პაატა ბურჭულაძესთან ერთად ვიდექი, სასახლემდე მისვლამდე ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია, როცა იქ მივედით, საკმაოდ აგრესიული ფონი იყო, დიდი ალბათობით, ღობე გადანგრეული იყო, მაშინ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, პაატა ბურჭულაძე დაინახეს თუ არა, მასზე შეტევა წამოვიდა, რამდენიმე წუთში განვითარდა ყველაფერი, ბუნებრივი ინსტინქტი გამიჩნდა, იმედია, არ ეწყინება პაატა ბურჭულაძეს - მაინც ასაკიანი კაცია და ვიფიქრე, რამე არ დაზიანებოდა, კიდევ რამდენიმე ასაკიანი კაცი იყო, ერთი მახსოვს - ცნობილი ექიმია. პაატა ბურჭულაძეს ვეძებდი, მისი მიმართულებით მიდიოდა გაზი, მივედი რომ გამომერიდებინა, გადავედი პრეზიდენტის სასახლის ეზოში - ჩემი მოტივაცია იყო პაატა ბურჭულაძეს დავხმარებოდი, სხვა მოტივაცია არ მქონია. გადავედი, ერთი წუთი დამჭირდა ალბათ, ბატონი პაატასთვის მეთქვა, რომ გამოსულიყო და სასახლის ეზოდან გამოვედით.
სასახლის ეზოში გადავიდაო - ბატონო მოსამართლე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ არცერთ მოწმეს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია, რომ რამე პროცესს ვაორგანიზებდი, ან ვხელმძღვანელობდი. ხვალ, ან ზეგ, ასეთ სიტუაციაში რომ მოვხვდე, რა სიტუაციაშიც მაშინ - სხვას ჩემი დახმარება რომ დასჭირდეს, ისევ იგივეს გავაკეთებდი...
მაშინ მივხვდი, რომ ხელისუფლების მიერ დადგმული პროვოკაცია იყო, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტი არ მქონდა, ისევ რუსთაველზე დავბრუნდი, რაღაც პერიოდში მურთაზ ზოდელავაც ვნახე. მართალი გითხრათ, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და სწორი გამოსავალი რა იქნებოდა, ვიცოდი რომ დამაკავებდნენ.
ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ღობის გადანგრევა ხელოვნურად ორგანიზებული იყო. მთავარმა გამომძიებელმა არ იცის ვინ გადაანგრია ღობე. მე რომ მნდომებოდა შენობის აღება, 70 წელს გადაცილებულ მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალთან ერთად არ დავიწყებდი შენობის შტურმს.
ის ერთი კაცი დამნაშავეა, დავალებებს ვინც იძლევა, ყველამ ვიცით, მაგრამ დადგება დრო - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი ვიქნები ტყვეობაში, არც მეშინია ამის, იპოვიან იმ კაცს, ვინც ეს ღობე გადაანგრია და ვინც ეს დავალება გასცა, ყველა დაისჯება.
მაშინ პოლიციელებმა მითხრეს და ყურადღება არ მიმიქცევია, ბატონო ლაშა, რამე დაზიანებული ხომ არ გაქვს, ცუდად ხომ არ ხართო, რამდენჯერმე მკითხეს, მეგონა დამცინოდნენ. ჩვენ ისეთი პოლიციელები არ ვართ, ტკივილი ვიგრძენითო რომ ვთქვათო. აქ რომ მოდიოდნენ პოლიციელები, ერთი მესიჯბოქსით იყვნენ - ტკივილი ვიგრძენიო. რომელიღაც მომიტინგის მოქნეულზე რომ ტკივილი იგრძნო, ასეთი პოლიციელების მიმართ პატივისცემა არ მაქვს, პატივს ვცემ ისეთებს, ვინც დამაკავა",- განაცხადა ბერიძემ.
მისი თქმით, ბურჭულაძე და ზოდელავა მიტინგებზე გაიცნო.
„ირაკლი ნადირაძეს 4 ოქტომბრამდე არ ვიცნობდი, ირაკლი შაიშმელაშვილს წინა ცხოვრებაში ვიცნობდი, 20 წელი იქნება მასთან კავშირი არ მქონია, პაატა მანჯგალაძესთან ერთად ერთ სუფრასთანაც არ ვმჯდარვარ",- განაცხადა ბერიძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.