ნათია თურნავა - მიუხედავად გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, რაც მსოფლიოში და რეგიონში ხდება, საქართველო წლების განმავლობაში ავლენს ეკონომიკურ მდგრადობას - ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია

ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე , - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია საქართველოს სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

“მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველო წლების განმავლობაში ავლენს ეკონომიკურ მდგრადობას. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და მზარდია, ეკონომიკა ძლიერი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სწორედ ეს არის ის, რაც ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან მათი ინვესტიცია იყოს უკუგებადი და დაცული”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, დღევანდელი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების პირობებში საქართველო მაკროეკონომიკურ ბალანსს გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დამსახურებით ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია საფინანსო სექტორის მიმართ, რაც საქართველოს საბანკო სისტემის სიმტკიცესა და განვითარების პოტენციალზე მიუთითებს.

“ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს, რათა მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და გავაღრმაოთ ურთიერთობები უკვე არსებულ პარტნიორებთან”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში