ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა ამჟამად სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს, ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიოში ახლა ორი ომი მიმდინარეობს, გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება.

„მსოფლიოში - ჩვენს ირგვლივ - ახლა ორი ომი მიმდინარეობს. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე - სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად, ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები - ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის.

„როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა, ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება.

საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში