გდდ-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი შოთა პაპუაშვილი - ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნები, არ არის სასიამოვნო, რომ ვინმემ ხაბეიშვილზე იძალადოს - ასევე არაა სასიამოვნო პიროტექნიკის პოლიციელის მიმართ გამოყენება

ზოგადად ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნები. ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი ემიჯნება ძალადობას. არ არის სასიამოვნო, რომ ვინმემ ხაბეიშვილზე იძალადოს. ასევე არაა სასიამოვნო პიროტექნიკის პოლიციელის მიმართ გამოყენება, - ეს განცხადება სასამართლო პროცესზე გდდ-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, შოთა პაპუაშვილმა გააკეთა.

შოთა პაპუაშვილი პროკურატურის მოწმეა. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე, რომელიც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ეხება, მოწმის სახით დაიკითხა. ამ საქმის გარდა, მას ხაბეიშვილის ადვოკატმა ჰკითხა, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2024 წლის 1-ელ მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს ათეულობით თანამშრომელმა აწამა და სასტიკად სცემა.

„ზოგადად ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნები. მარტო ხაბეიშვილზე ძალადობა კი არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეების მხრიდან გდდ-ს თანამშრომელთა მიმართ პიროტექნიკის გამოყენება. ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი ემიჯნება ძალადობას. არ არის სასიამოვნო, რომ ვინმემ ხაბეიშვილზე იძალადოს. ასევე, არაა სასიამოვნო პიროტექნიკის პოლიციელის მიმართ გამოყენება“, - განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ მას ადვოკატმა ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა სამსახურში საუბარი, როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე!?

„საუბრები ყოველთვის გვაქვს და გვქონია იმაზე, რომ არ მოხდეს ძალადობა მოქალაქეებზე არც ჩვენი მხრიდან და არც მათი მხრიდან არ იყოს ძალადობა... მაგ პერიოდში (2024 წლის მაისში) მე არ ვიყავი ახლანდელ პოზიციაზე, დეპარტამენტში ვიყავი, მაგრამ იმდენი საქმე მქონდა, რომ ყურადღება არ მიმიქცევია [ხაბეიშვილის ცემის საქმეზე]“, - განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.

ამის შემდგომ მას ლევან ხაბეიშვილმა ჰკითხა, ვინაიდან დღევანდელ პროცესზე ჩვენების მიცემის დროს სიტყვა „ქრთამი“ ახსენა, ხომ ვერ გაიხსენებდა, პირადად დაუკავშირდა თუ არა მას. საპასუხოდ გდდ-ს თანამშრომელმა აღნიშნა, რომ მას ხაბეიშვილი არ დაკავშირებია.

„ეგ რა შუაშია? არა არ გიცდია ჩემთან კომუნიკაცია. არავის უსაუბრია, რომ ხაბეიშვილი დაუკავშირდა გდდ-ს რომელიმე თანამშრომელს და შესთავაზა ქრთამი“, -განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს