ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა

მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თეა ლეონიძემ მიიღო.

ლეონიძის განაჩენით, 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გამართლდა, თუმცა, ისინი პირველი ინსტანციის მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის განაჩენის მსგავსად, ჯგუფურ მოქმედებაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, მოსამართლე ლეონიძემ არც ბრალდებისა და არც დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

პროკურატურა მსჯავრდებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნობას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.

მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში 2-წლიანი სასჯელის მოხდას 8 თვეში დაასრულებენ.

დღევანდელ პროცესზე სამმა მსჯავრდებულმა - ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და ვალერი თეთრაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში