ეკონომისტი ვანო ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის თამბაქოს დაბეგვრის დირექტივის გადახედვამ, შესაძლოა, საქართველოში თამბაქოს ყველა ნაწარმის გაძვირება გამოიწვიოს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელი, ეკონომისტი ვანო ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის თამბაქოს დაბეგვრის დირექტივის გადახედვამ, შესაძლოა, საქართველოში თამბაქოს ყველა ნაწარმის გაძვირება გამოიწვიოს.

კერძოდ, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, საუბარია Smoke Free Partnership-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრაზე წარდგენილ ახალ გეგმაზე, რომელიც სააქციზო განაკვეთების მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს.

„ბრიუსელში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „თამბაქოს გადასახადების დირექტივის მიმოხილვა: მტკიცებულებები, მოსაზრებები და შედეგები“, საერთაშორისო ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა ევროკავშირის ახალი ინიციატივა განიხილეს. დისკუსიებში ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსა და პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რატომ დგას დღის წესრიგში გადასახადების ზრდა? მთავარი ფაქტორი, რამაც ევროკომისიას განხილვის გადაწყვეტილება მიაღებინა, 2011 წლის შემდეგ დაგროვილი ინფლაციაა. მოქმედი მინიმალური განაკვეთი (90 ევრო 1000 ღერზე, ანუ 1.8 ევრო კოლოფზე) დღეს უკვე არაეფექტურია, რადგან თამბაქო ეკონომიკურად უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ახალი, 2025 წელს წარდგენილი პროექტით, მინიმალური ზღვარი 215 ევრომდე (დაახლოებით 4.3 ევრო კოლოფზე) უნდა გაიზარდოს. ეს არის თითქმის ორნახევარჯერადი ზრდა, რაც მიზნად ისახავს მოწევის პრევალენტობის შემცირებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად“,- აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლის, პროფესორი ვანო ცერცვაძის განმარტებით, საქართველოსთვის ეს ცვლილებები მხოლოდ „ევროპული ამბები“ არ არის. ასოცირების შეთანხმება ქვეყანას ავალდებულებს საგადასახადო კოდექსის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან.

„საქართველოს აქვს ვალდებულება, ეტაპობრივად მიუახლოვდეს ევროკავშირის რეგულაციებს. შესაბამისად, ბრიუსელში მიღებული ნებისმიერი ახალი დირექტივა, გარკვეულ ეტაპზე, პირდაპირ აისახება ჩვენს ეროვნულ პოლიტიკაზე,“ - აღნიშნავს ვანო ცერცვაძე.

ამასთან, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის თქმით, საქართველოს 2026 წლამდე ჰქონდა ვალდებულება თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ჰარმონიზაცია მოეხდინა, მაგრამ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებული თამბაქოსათვის საგადასახადო ტვირთი იგივე დარჩა, „რადგან აქციზის ზრდის მიუხედავად ადვალური გადასახადი ორჯერ შემცირდა და საშუალოდ 1.2 ევროს შეადგენს, ადგილობრივი წარმოების თამბაქოს ნაწარმზე კი გადასახადი საშუალოდ ორჯერ შემცირდა და ამ დროისათვის 0.8 ევროს შეადგენს“.

ამასთან, განმარტავენ, რომ „ამ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო, თამბაქოს მოხმარება გაიზრდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სამედიცინო ხარჯების ზრდას და ფისკალური კუთხით ბიუჯეტი ათეულ მილიონობით ლარს დაკარგავს.

ამასთან, „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ განმარტავენ, თუ რა შეიცვლება მომხმარებლისთვის.

„ყველა პროდუქტის დაბეგვრა: ახალი მიდგომა აღარ განასხვავებს ტრადიციულ სიგარეტს და ნიკოტინის შემცველ ახალ პროდუქტებს (გასახურებელი თამბაქო, ელ-სიგარეტი, ფაუჩები). ეს ნიშნავს, რომ „იაფი ალტერნატივების“ პოვნა უფრო გართულდება.

ფასთა სხვაობის შემცირება: ევროკავშირი ცდილობს აღმოფხვრას ისეთი შემთხვევები, როცა საგადასახადო სხვაობის გამო მომხმარებელი ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადადის, რაც რეალურად არ ამცირებს მოწევის ზიანს.

უკანონო ვაჭრობის რისკები: ფასების ზრდასთან ერთად, აქტუალური ხდება კონტრაბანდისა და არალეგალური ვაჭრობის კონტროლის საკითხიც, რაზეც საერთაშორისო ექსპერტებმა ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითებზე იმსჯელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის წინადადება ჯერ კიდევ წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს, პროცესი უკვე დაწყებულია. საქართველოსთვის ეს იქნება შესაძლებლობა თანმიმდევრული საგადასახადო პოლიტიკა განახორციელოს ლეტალური პროდუქტების მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებისათვის, რაც თავის მხრივ დაზოგავს ათეულ მილიონობით ლარის სამედიცინო ხარჯს და ათასობით ადამიანს იხსნის მტანჯველი დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილისგან“,- აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა