ზვიად გაბისონიას განცხადებით, უნივერსიტეტებს პირველ მაისამდე აქვთ ვადა იმ სასწავლო პროგრამების გამოსაქვეყნებლად, სადაც 4-ის ნაცვლად 3-წლიანი სწავლება იქნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, უნივერსიტეტებს პირველ მაისამდე აქვთ ვადა იმ სასწავლო პროგრამების გამოსაქვეყნებლად, სადაც 4-ის ნაცვლად 3-წლიანი სწავლება იქნება.

თუმცა, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაძლებელია ვადა დაკორექტირდეს.

„პირველი მაისია ასეთი „დედლაინი“ ჯერჯერობით განსაზღვრული. ეს საკანონმდებლო დონეზე არ არის, რა თქმა უნდა. ეს არის უნივერსიტეტების მიერ გაცხადებული თარიღი. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის მიხედვით, სანამ გადაწყობილი არ არის, ფიზიკურად ვერ იქნება 180 კრედიტი. მთავარი არის, რომ გაცხადებული პოლიტიკით პროგრამების 80% გადადის სრულად 3-წლიან დაფინანსების მოდელზე, რაც გულისხმობს 3-წლიან ბაკალავრიატს. საგამონაკლისო ნორმები სამინისტროს უკვე დადგენილი აქვს და შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებგვერდზე, რომ არის პროგრამები, რომლებიც ოთხწლიანად დარჩა. ისევე როგორც მაგისტრატურაში გადავიდა ძირითადი ნაწილები, გადადის უფრო სწორად ერთწლიან მოდელებზე, 1+1 მოდელებზე გადაეწყობა, ზოგიერთი დარჩა ორწლიან კლასიკურ მოდელად.

შეთანხმების მიხედვით უნივერსიტეტებს აქვთ მათ მიერ მოთხოვნილი ვადა, დაახლოებით პირველი მაისამდე, თუმცა შესაძლებელია, ამან კორექტირება განიცადოს. მთავარია, რომ ჩვენ სტუდენტების ინტერესები არ დავაზარალოთ. ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში ჩავეტევით. არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა გაბისონიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ტიპის საგნების ხარჯზე მოხდება საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების 240 კრედიტიდან 180 კრედიტამდე შემცირება, გაბისონიამ უპასუხა, რომ განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის დაახლოებითი რეკომენდაცია იყო, რომ მსგავსი შემცირება „მაინორის“ და არჩევითი საგნების ხარჯზე მოხდეს.

„ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა მუდმივი კონსულტაციები უნივერსიტეტებთან. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყო, რომ მოხდეს შემცირება 240 კრედიტიდან 180 კრედიტზე მაინორის და არჩევითი საგნების ხარჯზე, რომელიც იცით, რომ სავალდებულო არ არის და აღნიშნული კრედიტების შემცირება ძალიან გაამარტივებს და ამას არ სჭირდება რეაკრედიტაცია, იმიტომ, რომ შედეგს არ ცვლის, სწავლის შედეგს. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფუნდამენტურად ცვლილებები შეიტანოს და ძირითადი საგნები შეცვალოს, დაამატოს ან გამოაკლოს, მაშინ მოუწევს რეაკრედიტაციაზე გასვლა“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა