საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის  ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი

„თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმგვარი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი ინოვაციური კვლევითი პრაქტიკების განვითარებას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს სამეცნიერო თვალსაზრისით ის უახლესი ისტორიული მოვლენა, რომლის მომსწრენიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავხდით და რომელიც უკავშირდება CERN-თან სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ქართველი მეცნიერები და ინჟინრები ერთვებიან SHiP კოლაბორაციის საერთაშორისო კვლევით ინიციატივაში, რომელიც ორიენტირებულია ე.წ. დამალული სექტორის ნაწილაკების იდენტიფიკაციასა და მათი ფიზიკური თვისებების კვლევაზე. ეს მიმართულება თანამედროვე მაღალი ენერგიისა და ნაწილაკების ფიზიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ინტენსიურად განვითარებადი სფეროა - სამყაროს სტრუქტურის შესახებ ცოდნის რადიკალური გაფართოებით“, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის SHiP კოლაბორაციასთან მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამშრომლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი ამჯერად უკვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) SHiP კოლაბორაციასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, CERN-ის SMS კოლაბორაციის ასოცირებულმა წევრმა - აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, CERN-ის SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონმა - პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა და KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ვახტანგ ცაგარელმა.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, CERN-ის მეცნიერი - პროფესორი დანიელ ბიკი, სტუ-ის კანცლერი - პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი - პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN/CMS ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში - პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები, SHiP ექსპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი - დოქტორი ირაკლი ლომიძე, სტუ-ის და KIU-ს სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ფუნდამენტურ კვლევებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და სტაბილურობაზე, შესაბამისად, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ექმნებათ შესაძლებლობა გააღრმავონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა მაღალი ენერგიის ფიზიკაში, ნაწილაკების ფიზიკასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში, მათ შორის საინფორმაციო და Grid-გამოთვლითი ტექნოლოგიების მიმართულებით.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ახალი მემორანდუმის თანახმად, SHiP ექსპერიმენტის ფარგლებში დაგეგმილ კვლევით პროექტებში ქართველი ფიზიკოსების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მონაწილეობა ისეთივე წარმატებული და მრავალმხრივი იქნება, როგორიც იყო და არის CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მსოფლიოს 20 ქვეყნის 48 უნივერსიტეტს შორის, 2025 წლიდან SHiP ექსპერიმენტის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი მაღალი კლასის ფიზიკოსებით, ინჟინრებითა და პროგრამისტებით არის დაკომპლექტებული, ჯგუფის ლიდერი კი ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერი, დოქტორი ირაკლი ლომიძეა. ახალი თანამშრომლობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალურ სამეცნიერო პროცესებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ფუნდამენტური კვლევების განვითარებაში. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსად მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა ხელს უწყობს როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ისე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას. მოხარული ვართ, რომ CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმომწერი მხარე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია.

ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევითი პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული სამეცნიერო საზოგადოების კვლევით და ტექნოლოგიურ პოტენციალს, მის პოზიციებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, შექმნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი თაობის მკვლევრებისთვის, რათა ისინი ეფექტიანად ინტეგრირდნენ საერთაშორისო კვლევით ეკოსისტემაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფუნდამენტური გამოწვევების დაძლევაში“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების კუთხით ახალი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორანდუმის ძირითადი მიზანი საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოებაა.

ზვიად გაბისონიას თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას, ამასთანავე, ქართველი ინჟინრების CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში ჩართულობის ზრდას.

SHiP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ცნობილმა ფიზიკოსმა, CERN-ის გლობალური SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონმა, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორმა - ანდრეი გოლუტვინმა. მისი თქმით, ურთულესი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით CERN/ShiP ექსპერიმენტის განხორციელება 2031 წლიდან დაიწყება.

როგორც ანდრეი გოლუტვინმა აღნიშნა, SHiP ექსპერიმენტი მიზნად ისახავს თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის - ე.წ. დამალული სექტორის ნაწილაკების აღმოჩენას, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის უკეთ გასაგებად. მისი თქმით, პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო თანამშრომლობაზე, და ამ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდების ჩართულობა მნიშვნელოვანი დამატებითი რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია. პროფესორმა გოლუტვინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების პროფესიონალიზმი უკვე კარგად არის ცნობილი CERN-ში და მათი წვლილი SHiP ექსპერიმენტში არსებით როლს შეასრულებს.

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN/SHiP ექსპერიმენტის სპოუკპერსონი - პროფესორი ანდრეი გოლუტვინი და პროფესორი დანიელ ბიკი სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნილ მაღალტექნოლოგიურ სტროუ ლაბორატორიას ეწვივნენ და ShiP ექსპერიმენტისთვის 20 მმ დიამეტრის სტროუ ტრეკული მილების დამზადების პროცესი ადგილზე შეაფასეს. სტუ-ის ინჟინერ-მეცნიერთა მიერ დამზადებული სტროუ მილები SHiP ექსპერიმენტისთვის CERN-ში გაიგზავნება.

სტუ-ის ინფორმაციით, პირველად მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს უზუსტესი და დახვეწილი ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილები დამზადდა. სტროუ დეტექტორები, საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომობის გამო, უკვე ფართოდ გამოიყენება ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია), გლობალური ექსპერიმენტები: NA-62, SHiP; იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK, იაპონია), J-PARC-ში მიმდინარე გლობალური COMET ექსპერიმენტი; ფერმის ლაბორატორია (FERMILAB, აშშ), გლობალური ექსპერიმენტები: DUNE, Mu2e.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა