მთავარი პრობლემა რაც არის, მადიარის წარმატების მაგალითის გააზრება, ჩვენდა სამწუხაროდ, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ გასცდება „ფეისბუქზე” პოსტებით ხმალაობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბორის ჩელე ყურუამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.
ყურუას თქმით, ოპოზიციის რეგიონებში სიარულის ნაკლებობა კი არ არის პრობლემა, არამედ სწორი სათქმელი, რომელსაც ნებისმიერი საშუალებით მიაწვდი საზოგადოებას.
„საქართველო და უნგრეთი ერთმანეთისგან განსხვავდება. მთავარი განსხვავება გახლავთ ის, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია და ევროკავშირში შეგიძლია ითამაშო დიქტატორი, შეგიძლია იძახო, რომ ხარ დიქტატორი, შეგიძლია მოიქცე, როგორც დიქტატორი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერასდროს გახდები ნამდვილი დიქტატორი და მოგიწევს, რომ საკუთარი ხელისუფლება დათმო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ უამრავ მიზეზთაგან, რატომაც გვინდა ჩვენ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ.
მთავარი პრობლემა რაც არის, მადიარის წარმატების მაგალითის გააზრება, ჩვენდა სამწუხაროდ, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ გასცდება „ფეისბუქ” პოსტებით ხმალაობას. გასაგებია, რომ ინტერპრეტირებადია და შეგიძლია, რომ უამრავნაირად გადათარგმნო და ბევრ იდეას მოარგო, მაგრამ არსებობს იდეები, რომლებსაც ეს ფიზიკურად ვერ მოერგება. მაგალითად იდეას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა გავერთიანდეთ, მეორე მხარეს დავტოვოთ „ქართული ოცნება” და ეს მოიგებს, ეგ შეიძლება იყოს გამარჯვების ფორმულა, მაგრამ არ შეიძლება ამის განხორციელება მადიარის წარმატების მაგალითით იმიტომ, რომ აბსოლუტურად საპირისპირო რაღაც ხდებოდა.
ართანამშრომლობის პოლიტიკას რაც შეეხება, 2024 წელს 7 ადგილი აიღო [მადიარმა], ორი წელი გავიდა და საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ართანამშრომლობის პოლიტიკის ამით გამართლება, რომ აი, მადიარმა ასე მოიგო, ესეც არ შეიძლება. მთავარი რაც არის, ის უნდა გადმოიღო - ხალხს უნდა ელაპარაკო იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს არ ელაპარაკება, ის არ არის პოლიტიკოსი.
აქეთ იყო მეორე პრეტენზიები, რომ რეგიონებში უნდა წავიდეს ოპოზიცია. რეგიონებში წასვლა კი არ არის პრობლემა, მთავარი არის სათქმელი. სათქმელით შეგიძლია, რეგიონებში წასვლის გარეშეც გააგებინო ადამიანებს, ტელე-ეთერებიდან გააგებინო, სოციალური ქსელის პლატფორმებიდან გააგებინო. აქ მთავარი კრიზისი რაშიც დგას, არის ის კონკრეტული სათქმელი და თან, ქცევის მოდელიც არის თითქმის ერთნაირი.
წლების განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, რა თამაშსაც ოპოზიცია ეთამაშება, ეგ თამაში თვისობრივად არ იცვლება. იცვლებიან ადამიანები, მაგრამ სქემა დარჩენილია”, - განაცხადა ყურუამ.